შეჯიბრებაზე მსაჯად იყო მიწვეული საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო არბიტრი რუსუდან ხოფერია.
პირენეული შთაბეჭდილებების გაზიარება სწორედ ქალბატონ რუსუდანს ვთხოვეთ.
- საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა ლუბა გოლოვინამ, რომელიც ამ შეჯიბრებისთვის შესანიშნავად მოემზადა და ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური ფავორიტი იყო. - გვითხრა მან. - გუნდური პაექრობებისთვის მოთელვისას ლუბამ ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო.
გუშინ ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე ტატიშვილის კლინიკას მივაშურეთ. ულტრასონოგრაფიამ დაადასტურა, რომ ლუბას იოგა აქვს გაგლეჯილი, თანაც დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევა აღენიშნება.
დღევანდელი ტომოგრაფიით საბოლოოდ დაზუსტდება დაზიანების ხარისხი, რა და რამდენხნიანი მკურნალობა დასჭირდება, როდის შეეძლება ვარჯიშის განახლება.
- თქვენ რას ფიქრობთ?
- ლუბას ფეხი ისეთ მდგომარეობაში აქვს, არ მეგონა, მოტეხილობა არ ექნებოდა. როგორც გითხარით, იგი შესანიშნავ ფორმაში იყო, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგ ქართველი ოლიმპიელი რიომდე საჭირო კონდიციების აღდგენას შეძლებს.
- დანარჩენ სპორტსმენთა გამოსვლაზე რას იტყვით?
- ანა ოდიშვილმა, თეონა ჯანჯღავამ და ზურაბ ნოზაძემ უფროსებში პირველად იასპარეზეს. განსაკუთრებით ოდიშვილი გამოირჩა. ინდივიდუალურ ხტომებში მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო ჯანჯღავასთან ერთად სინქრონულში საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა. ნოზაძე მე-17, ხოლო გოგაშვილი მე-19 იყო. გუნდურში ჩვენი გოგონები მე-4 ადგილს დასჯერდნენ.
გოლოვინას ტრავმა რომ არა, მედლის მოპოვება შეიძლებოდა. ბიჭებს გუნდურში მე-5 ადგილი ერგოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"