წყალმხტომელები მინსკში მოემზადებიან

AutoSharing Option
წლეულს ივლისის მეორე დეკადიდან ჩინეთი საწყლოსნო სახეობებში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაზე საქართველოდან წყალმხტომელებიც იასპარეზებენ. ესენი არიან - ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი.

ისინი სინქრონულ ხტომებში 19 ივლისს, ინდივიდუალურში კი 21-22 ივლისს მოსინჯავენ ძალებს. პირველობისთვის კარგა ხანია, მონდომებით ემზადებიან. ამას წინათ ბოლცანოში (იტალია) მათ მსოფლიოს გრანპრიზე სინქრონულ ხტომებში მე-5 ადგილი დაიკავეს.

გვესაუბრება საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, წყალმხტომელთა მწვრთნელი ირაკლი ბართაია:

- ბოლცანო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კლაუს დი ბიასის მშობლიური ქალაქია. სახელოვანი სპორტსმენის პატივსაცემად აქ ყოველწლიურად იმართება მნიშვნელოვანი
შეჯიბრებები, მათ შორის - მსოფლიოს გრანპრი. შარშან მსგავს ტურნირზე მე-6 ადგილი დავიკავეთ, წლეულს კი ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ და 30 სარეიტინგო ქულაც დავიმსახურეთ.

რაც მთავარია, ჩვენს მუდმივ კონკურენტებს - მექსიკელ და კანადელ წყალმხტომელებს ვაჯობეთ, თუმცა ჯერჯერობით რეიტინგში მაინც გვისწრებენ, რადგან უფრო გამოცდილები არიან. ბოლო მონაცემებით, სინქრონულ ხტომებში მე-10 ადგილზე ვართ და ჩვენ წინ მდგომ იტალიელ ძმებს - მარკონებს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამოვრჩებით.

ბოლცანოს გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, საშეჯიბრო გამოცდილების გასამდიდრებლად კიდევ მსოფლიოს ორ გრანპრისა და ევროპის ჩემპიონატზე მოვსინჯეთ ძალები. შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ჩვენს ბიჭებს მეტი შეუძლიათ როგორც სინქრონულში, ისე იდივიდუალურ ხტომებში. მაგალითად, ჭოლა ჭანტურიამ შარშან ჩინეთში სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში 406 ქულა დაიმსახურა. უმთავრესად 380 ქულის ფარგლებში ტრიალებს.

ასეთი ქულებით ჩემპიონატზე, სადაც 70-მდე სპორტსმენი იასპარეზებს, ნახევარფინალში, ანუ 18 საუკეთესოში შეუძლია მოხვედრა. ეს კი ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების რეალურ შანსს იძლევა. მთავარია, ჭანტურიამ და კორახაშვილმა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომით 23 ივნისს მინსკში გავემგზავრებით და მასპინძლებთან ერთად იქაურ ოლიმპიურ ბაზაზე ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გავივლით. ჩინეთში 11 ივლისს ჩავალთ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ 12-22 აგვისტოს მსოფლიო უნივერსიადა გველის. ორივე შეჯიბრებაზე ვეცდებით, ქომაგები არ გავაწბილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული