ქართველმა წყალმხტომელებმა როსტოკში ასპარეზობა დაამთავრეს

AutoSharing Option
გერმანულ როსტოკში წყალმხტომელთა საერთაშორისო დღე ორმოცდამეჩვიდმეტედ აღნიშნეს. გრან პრის გათამაშებაში 28 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან - ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი (მწვრთნელი - საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაია).

ასპარეზობის პირველ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 37 მეტოქესთან პაექრობაში ჭანტურია 12 საუკეთესოში, ანუ ფინალში მოხვდა.

სინქრონულ ხტომებში ჩვენმა ბიჭებმა გადამწყვეტ ეტაპზე 348 ქულით მე-7 ადგილი დაიკავეს. რომ არა მსაჯების მიკერძოება, შესაძლოა, მეხუთე ადგილზე გასულიყვნენ, რადგან კანადელებმა ქართველებს ორი, ნორვეგიელებმა კი სამი ქულით გაუსწრეს.

"შეგირდების
გამოსვლით კმაყოფილი ვარ. არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, შედეგები უკეთესი იქნებოდა. ასპარეზობის მთავარმა მსაჯმა ფრანს კონებერგმა მითხრა, პატარა ქვეყნის წარმომადგენლები ხართ, არბიტრები კარგად არ გიცნობენ და შემთხვევითობა რომ გამორიცხონ, თითოეულ ნახტომს მკაცრად აფასებენ.

სხვა შეჯიბრებებში, დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგები გექნებათო", - გვამცნო ირაკლი ბართაიამ როსტოკიდან.

პირველ-მესამე ადგილები მასპინძელთა, უკრაინელთა და ავსტრალიელთა დუეტებმა გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული