ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა

AutoSharing Option
22 ივლისიდან 4 აგვისტომდე ბაქო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს სროლის სახეობათა ორ დისციპლინაში - სასტენდო სროლასა და ტყვიის სროლაში, ოღონდ მხოლოდ სპორტულ პისტოლეტში.

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ამავე შეჯიბრების ფარგლებში გაიმართება გაისად არგენტინაში გასამართავი მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის ევროპის ზონის შესარჩევი შეჯიბრება, სადაც ასევე იასპარეზებენ ჩვენი ახალგაზრდები. ოღონდ ეს ტურნირი პნევმატური იარაღიდან სროლაში ტარდება და არა სპორტულში.

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გუშინ დილით უკვე გაფრინდა ბაქოში, სადაც იქაურ სროლის ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ჩემპიონატის დაწყებამდე 10-დღიან შეკრებას გაივლიან. გუნდის შემადგენლობაში
შედიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული პირადში ნინო სალუქვაძე, მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე. პარალელურად, ქადაგიძე მწვრთნელის ფუნქციებსაც შეითავსებს.

არგენტინის საგზურის მაძიებელთა შორის სამი ქართველი მოზარდია. ბიჭებში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი გუნდურში, თბილისელი აკაკი მოსულიშვილი, გოგონებში კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას ქუთაისური დუეტი დაიცავს: ახალგაზრდებში პირადში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ლიზი კილაძე.

არგენტინაში მოსახვედრად ჩვენებს საკმაოდ ძნელი ამოცანის გადაჭრა მოუწევთ: ბაქოში სამეულში უნდა მოხვდნენ, ეს კი ნამდვილად არ იქნება იოლი, იმის მიუხედავად, რომ კილაძეს მართლაც დიდოსტატური პირადი რეკორდი აქვს: 386 ქულა. ღმერთმა ქნას, ბაქოში ეს შედეგი გაიმეოროს, თუმცა ახალი წესებით, ესეც არ იქნება ლიცენზიის მოპოვების გარანტია: სავარაუდოდ, ამით ფინალში ნამდვილად მოხვდება, მაგრამ იქ საკვალიფიკაციოს შედეგები ნულდება და ყველაფერი თავიდან იწყება, რის გამოც შესარჩევში მოპოვებული უპირატესობა ფინალში ვერაფრით დაეხმარება. იქ ყველაფერი თავიდან იწყება, ამ ორმაგ დატვირთვას კი ყველა ვერ უძლებს და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ფინალში პირველ ნომრად შესული იქ მეშვიდე-მერვე ადგილით ასრულებს გამოსვლას.

თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას: თავის დროზე არც ბიჭებისგან ელოდა ვინმე გუნდურ ბრინჯაოს და არც ხუციბერიძისგან - ვერცხლს, მაგრამ მათ სასწაული შეძლეს. ღმერთმა ქნას, ჩვენებმა არგენტინის საგზური ახლავე მოიპოვონ, მაგრამ თუ ხელი მოეცარათ, მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი დარჩებათ: გაისად თებერვალში გასამართავი ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელსაც კვლავ უნგრული დიორი უმასპინძლებს, იქაურობა კი კარგად გვაქვს დაცდილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან სწორედ ამ ქალაქში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე, ასევე პნევმატური იარაღიდან სროლაში მოიპოვა მაჭავარიანმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია, რითაც ახალი ფურცელი გადაშალა ქართული სპორტის ისტორიაში.

აქვე გეტყვით, რომ ბაქოში ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებს შორისაც იმართება, თუმცა ჩვენები მასში არ გამოვლენ, მხოლოდ სალიცენზიო ტურნირში ისვრიან. ამ ტიპის ბაზის არარსებობის გამო (ქვეყანაში ფიზიკურად არაა 50-მეტრიანი სასროლეთი) ისინი ამ დისციპლინაში ვერც კი ვარჯიშობენ.

გამონაკლისი მაჭავარიანია, თუმცა ხეირიანი არც მის სავარჯიშო პირობებს ეთქმის - 25-მეტრიან ტირში დერეფნიდან ისვრის, ან უცხოეთში შეკრებებზე ემზადება 50 მეტრზე. მას ასაკიც უწყობს ხელს თანატოლებში გამოსასვლელად, რადგან სექტემბერში გადადის უფროსებში, თუმცა ახლაც დიდებში ისვრის და ამიტომ ახალგაზრდებში არ გამოიყვანენ. ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია, ვინაიდან ახალგაზრდებიც და უფროსებიც ერთ დღეს - 22 ივლისს ისვრიან.

ეს იქნება პირველი საშეჯიბრო დღე ბაქოში და იმავე დღეს გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებაც. სალუქვაძე რამდენიმე დღეში - 28-ში გამოვა ჩემპიონატში.

როგორც გითხარით, ბაქოში მესტენდურებიც იასპარეზებენ, სადაც მრგვალ სტენდზე მსროლელებთან ერთად სასანგრე სტენდზეც გვეყოლება მონაწილე. ოღონდ, ბოლო წლებისგან განსხვავებით, როცა ამ დისციპლინაში მაია გუბიევა ისროდა, ამჯერად ვაჟებში გამოვალთ - ფედერაციის პრეზიდენტი კახა სიხარულიძე ისვრის 26-27 ივლისს.

მრგვალ სტენდზე პირად-გუნდურში ხუთი მონაწილე გვეყოლება: დავით და გივი ქვათაძეები, ვლადიმერ ნარჩემაშვილი, თენგიზ იმნაიშვილი და ლუკა მანჯგალაძე, მთავარი მწვრთნელი კი გია შენგელია იქნება. ისინი ბაქოში 27-ში გაფრინდებიან, ჩემპიონატში კი 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს გამოვლენ.

როგორც ვხედავთ, მესტენდურებში გენდერული ბალანსი აშკარად დარღვეულია და ქალი მონაწილე არ გვყავს. ამჯერად ბაქოში წასასვლელად არ დააფინანსეს რუსეთიდან გადმოყვანილი ნატალია პანასი - როგორც კახა სიხარულიძემ გვითხრა, მისი საკითხი ჯერ გაურკვეველია. ის რჩება საქართველოში, მაგრამ თურმე ჩვენს ფედერაციას თავის პირობებს უყენებს: ივარჯიშოს მოსკოვში და მხოლოდ პირად მწვრთნელთან, ჩვენს მწვრთნელებთან კავშირი არ სურს და სხვა. მას აქამდეც დედამისი ავარჯიშებდა, თუმცა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილსაც ემორჩილებოდა, ახლა კი ამაზეც უარს აცხადებს.

ბუნებრივია, ჩვენს ფედერაციას საპირისპირო შეთავაზებები აქვს, მაგრამ პანასთან ურთიერთობას ჯერჯერობით სასიკეთო პირი არ უჩანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული