სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ კარგი შედეგით - 388 ქულით მოიგო. ამდენივე დააგროვა უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმაც, თუმცა ჩვენებურს ბოლო ორ სერიაში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. სამწუხაროდ, უკრაინელისგან განსხვავებით, სალუქვაძემ კარგი სტარტი ფინალში ვეღარ გააგრძელა და ფინალურ ოქტეტში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა
კოსტევიჩმა ფინალში ჩინებულად ისროლა - მისი 100,3 საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ოქროსაც დაეუფლა 491,5 ჯამური შედეგით. ფინალში დაგროვებულმა 102,8-მა ქულამ ვერცხლის მედალი პოლონელ ბეატა ბარტკოვ-კვიატკოვსკას მოუტანა - 487.8, ბრინჯაო კი ფრანგ ევროპის ჩემპიონ სელინ გობერვილს ერგო, რომელიც საკვალიფიკაციოშიც მესამე იყო 387-ით, ფინალშიც - 100.7-ით და ჯამში დაგროვებული 487.7 ქულით.
ბიჭებში ჩვენგან მხოლოდ ომარ სანოძე ისვრის. მან 9 ქულით გააუმჯობესა ათი დღის წინ თბილისის ღია პირველობაზე ნაჩვენები შედეგი, ამჯერად 564 ქულა დააგროვა და XVI ადგილზე გავიდა.
საგრძნობი პროგრესი განიცადა გოგონებში ნინო ფანჩულიძემაც - იმავე ტურნირზე თუ 352 ქულა აჩვენა, ახლა 364 დააგროვა და 35-ზე გავიდა, თუმცა ეს მაინც გვარიანად ჩამორჩება მის საუკეთესო შედეგს. მოუმატა მარიამ ბლუაშვილმაც - ამჯერად 361 ქულა დააგროვა (39-ე ადგილი) და წინა ტურნირის შედეგს 7-ით გადააჭარბა. სამწუხაროდ, ანა გაგილაძემ შედეგი გააუარესა 353 ქულა და 49-ე ადგილი.
მამაკაცები დღეს ისვრიან, თუმცა ზემოჩამოთვლილი დისტანციების წარმომადგენლებსაც ისევ ელოდებათ თითო სტარტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"