ორმაგი წარმატება ბელგრადში

AutoSharing Option

წლევანდელი მსოფლიოს თასის ეტაპებზე ნინო სალუქვაძემ პირველი მედალი და ამასთან, მსოფლიოს სუპერთასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ეს ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს თასის ბოლო - მეოთხე ეტაპზე მოხდა, სადაც ჩვენებურმა გუშინ სპორტული პისტოლეტით ისროლა და ბრინჯაოს "გაარტყა". მართალია, სუპერფინალის ლიცენზიას მხოლოდ პირველ-მეორე ადგილებზე გასულები იღებენ, მაგრამ ტურნირის გამარჯვებულს, ბულგარელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მარია გროზდევას და  ფრანგ ვერცხლის მედალოსან სელინ გობერვილეს იგი მოპოვებული ჰქონდათ და, წესისამებრ, ამოქმედდა ადგილმონაცვლეობის პრინციპი.

ბელგრადული შეჯიბრება ჩვენმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა სტაბილურად ჩაატარა - შესარჩევი ეტაპიც მესამე ადგილზე
დაასრულა, ფინალური სერიაც და მთლიანად ტურნირიც.
შესარჩევში სალუქვაძემ უფრო ძლიერად პირველი ნახევარი ჩაატარა, სწრაფ სროლებში კი ოდნავ გააურესა შედეგი. ტურნირი კი მართლაც მშვენივრად დაიწყო და რომ არა ერთი ნავსიანი 9-იანი პირველივე სერიაში, ასპროცენტიანი შედეგი ექნებოდა, ისე კი 99 ქულა დააგროვა. სამწუხაროდ, მომდევნო სერიებში ოდნავ მოუკლო შედეგიანობას - 97 და 98 დააგროვა და ეს ნახევარი 294 ქულით დაამთავრა. სწრაფ სროლებში 96, 97 და 99 გააკეთა, ეს სერია 292-ით დაამთავრა და ჯამში 586 ქულა მოუგროვდა. ამდენივე აღმოაჩნდა ბულგარელ ანტოანეტა ბონევას, მაგრამ მან დამატებით სროლებში ერთი ქულით აჯობა ჩვენებურს და მეორეზეც გავიდა, სალუქვაძე კი მესამეზე დარჩა.

საკვალიფიკაციო 588 ქულით გამარჯვება გობერვილემ მოიპოვა, ჩვენებურს კი 585 ქულით კვალში ნაკლებად ცნობილი იაპონელი იუკარი მორი და პოლონელი სლავომირა სცეპეკი ჩაუდგნენ. 584 ქულით მეექვსე სერბი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი იყო, ყველა ტურნირის ფავორიტი გროზდევა კი ამდენივე ქულით მხოლოდ მეშვიდეზე `თვლემდა~. ფინალურ ოქტეტს წლევანდელ მსოფლიოს თასებზე თავგამოჩენილი ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა კეტავდა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გროზდევამ ფინალში გამოიღვიძა და 206,7-ით პირველ ადგილზე ისკუპა. ფინალში მეორე შედეგი ფრანგს აღმოაჩნდა - 202,6, მესამე კი სალუქვაძეს - 202,3. საბოლოოდ, გროზდევამ ჯამში 790,7 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. გობერვილეს 790,6 ჰქონდა, რითაც დუბლის გაკეთების შანსი დაკარგა - პირველიდან მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. სალუქვაძემ ჯამში 788,3 მოაგროვა და ბრინჯაოსთან ერთად სუპერფინალის საგზური მიიღო. მეოთხეზე სეკარიჩი გავიდა 786.0-ით, მეხუთე კი ბონევა იყო 785,8-ით.

სალუქვაძე ფინალში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაშიც გავიდა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო - 481,7-ით მერვე ადგილზე გავიდა. აქ ჩემპიონი გობერვილე გახდა - 487,5, ვერცხლი ბონევამ მოიპოვა 487,4-ით, ბრინჯაო კი უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა ირგუნა 487,3-ით.

ბელგრადში პნევმატური იარაღიდან ლევან ქადაგიძემაც ისროლა. მან საკუთარი რეკორდი ვერც ახლა გაიმეორა, მაგრამ ადრინდელივით სტაბილური შედეგი ჰქონდა. მეტიც - ახლა ცოტა უკეთ ისროლა, ვიდრე წინა ანალოგიურ ტურნირზე ამერიკულ ფორტ ბენინგში და მაშინდელი მაჩვენებელი სამი ქულით გააუმჯობესა - 568 ქულა დააგროვა. ასეთივე შედეგი მსროლელთა დიდ ჯგუფს აღმოაჩნდა, თუმცა ქადაგიძე მათთან დამატებით სერიაში დამარცხდა და საბოლოოდ 84 მონაწილეს შორის 63-ე ადგილზე გავიდა.   

წლევანდელი მსოფლიოს თასები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირებია. მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი შეჯიბრების წინ სალუქვაძემ მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობა ამ სახეობაში ოლიმპიური პრინციპით - ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და წესისამებრ, მუდამ სალიცენზიოა. გამონაკლისი არც წლევანდელი ჩემპიონატი იქნება, რომელიც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მიუნხენში გაიმართება. ცოტა მოგვიანებით - ოქტომბრის ბოლო კვირაში იგივე ქალაქი მსოფლიოს თასის ფინალურ ტურნირსაც უმასპინძლებს.
ირაკლი თავაძე



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული