მსოფლიოს თასი: უფინალო დასასრული

AutoSharing Option
ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 27 მაისს მიუნხენში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მსოფლიოს თასის ფინალში ვერ მოხვდა - ჩვენებურმა 382 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა.

მან განსაკუთრებით სუსტად ბოლო სერიაში ისროლა, სადაც 100 შესაძლებლიდან მხოლოდ 94 ქულა დააგროვა. წინა სამ სერიაში სალუქვაძეს ერთნაირი, 96-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც ფინალში გასასვლელად არ ეყო.

მიუნხენში არც შედეგები ყოფილა მაინცდამაინც დიდი. შესარჩევ ეტაპზე ერთადერთი გამორჩეული ამავე დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონი სერბი ზორანა არუნოვიჩი იყო, რომელმაც 389 ქულა დააგროვა, თორემ დანარჩენთა შედეგები 387-იდან ქვევით
ეშვებოდა. ასე განსაჯეთ, 384 ქულაც კი ფინალში გამსვლელი აღმოჩნდა.

სალუქვაძეს 2 ქულით მეტი რომ გაერტყა, შეიძლება, ისიც შესულიყო საუკეთესო ოქტეტში.

შეჯიბრება არუნოვიჩმა მოიგო, რომელსაც ფინალში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 101.7 ქულა და აქაც საგრძნობლად გაუსწრო სხვებს. მან ჯამში 490.7 დააგროვა.

მედლებისთვის დავაში მოულოდნელად ტაილანდელი ტანიაპორნ პრუკსაკორნიც ჩაერია - ის შესარჩევში მეორე იყო 387-ით, ფინალში - მესამე 98.7-ით, ჯამში კი 485.7 მოუგროვდა და ვერცხლსაც დაეუფლა. ბულგარელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარია გროზდევამ ტურნირი მესამე ადგილით დაიწყო და ასევე ჩაამთავრა - საკვალიფიკაციოში მოგროვებულ 386 ქულას ფინალში 98.4 დაუმატა, ჯამში 484.4 მოაგროვა და ბრინჯაო ირგუნა.

შაბათს მიუნხენში პნევმატური პისტოლეტით ლევან ქადაგიძემაც ისროლა. 558 ქულა და 88-ე ადგილი - ასეთია მისი მაჩვენებელი.

უფინალო დასასრული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული