ნინო სალუქვაძე ლონდონის ოლიმპიადისთვის დასკვნით შეკრებას ერევანში გადის

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე და ერთ-ერთი ლიდერი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ლონდონის ოლიმპიადისთვის დასკვნით შეკრებას ერევანში გადის.

იქაურობა ჩვენებურებს ლამის მეორე სახლად ექცათ, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, სომხებმა თავის მსროლელებს ელექტროფარებით და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ულტრათანამედროვე სპორტული ბაზა აუშენეს, სადაც ტირის გარდა, ერთადაა თავმოყრილი სასტუმრო, გამაჯანსაღებელი ბლოკი თუ სპორტსმენისთვის სავარჯიშოდ აუცილებელი ყველა დამატებითი საშუალებები.

თან იქ წასვლა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე - ევროპაში და ამიტომ ჩვენები ხშირად გადიან იქ შეკრებას. ერევანს ის უპირატესობაც აქვს, რომ
ტერიტორიული სიახლოვისა და ნაკლები დანახარჯების გამო ახალგაზრდებიც მიჰყავთ.

ამჯერადაც ასეა - ჩვენებმა იქ შეკრება სამი დღის წინ დაიწყეს, სადაც სალუქვაძესთან ერთად ვაჟთა ნაკრების ლიდერი ლევან ქადაგიძე და ახალგაზრდები - ომარ სანოძე, მარიამ ბლუაშვილი და ლიზი კილაძე იმყოფებიან.

სალუქვაძეს ოლიმპიადისთვის მამა - ვახტანგ სალუქვაძე ავარჯიშებს, დანარჩენები კი სხვა მწვრთნელების მეთვალყურეობით ემზადებიან.

ჩვენები ერევანში ორი კვირა ივარჯიშებენ, რადგან სალუქვაძე ლონდონში სხვებზე ადრე მიფრინავს. ის ოლიმპიადის დედაქალაქში 22 ივლისს ქართული დელეგაციის პირველ ჯგუფთან ერთად გაემგზავრება, რომელშიც მისიის ხელმძღვანელი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი, სეოკ-ის წარმომადგენლები - რუსუდან აფციაური, გიორგი ესაკია და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა შედიან.

სალუქვაძე სტარტზე პირველად 29 ივლისს დადგება და პნევმატური პისტოლეტიდან ისვრის, სპორტულით კი 1 აგვისტოს იასპარეზებს.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალუქვაძისთვის ეს მეშვიდე ოლიმპიადაა, რითაც რეკორდსმენია როგორც ქართველთა შორის, ასევე მსოფლიოში ტყვიის მსროლელ ქალთა შორის. ამასთან სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოუპოვებია.

მისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი სადებიუტო თამაშები გამოდგა - 1988 წელს სეულში, სადაც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა, ხოლო პნევმატურიდან მეორე იყო. ბრინჯაოს მედალი მან 2008 წელს საქართველოსთვის ძნელბედობის პერიოდში - რუსეთთან ომის დროს მოიპოვა პნევმატური იარაღიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული