პეტერ უილსონმა ფინალი ჩააგდო, მაგრამ ოქრო აიღო

AutoSharing Option
2 აგვისტოს ბრიტანეთის ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო - ტყვიის სროლაში ორმაგი ტრეპის ტურნირის შემდეგ შეემატა.

პეტერ უილსონმა, რომელიც მსოფლიოს რეკორდის მფლობელი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია, გვარიანად ანერვიულა ადგილობრივი პუბლიკა, მაგრამ ბოლოს მაინც გაახარა თავისი თაყვანისმცემლები.

ბრიტანელი ფინალში სამქულიანი უპირატესობით გადავიდა, მაგრამ შეჯიბრის დასკვნით ნაწილში ხუთი სროლა ააცილა, მათ შორის, ერთხელ ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისდა ბედად, კონკურენტებიც ხშირად ცდებოდნენ.

გამონაკლისი მხოლოდ შვედი ჰაკან დალბი გახლდათ, რომელმაც ფინალში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 50 შესაძლებლიდან 49 ქულა, მაგრამ სკანდინავიელის ჩამორჩენა კვალიფიკაციის შემდეგ
ექვსი ქულა იყო. ამიტომაც დალბის ვერცხლით დაკმაყოფილება მოუწია, თუმცა ფინალის შემდეგ ამით ძალიან გაიხარა.

უილსონმა ბოლომდე ინტრიგა დაუტოვა შეჯიბრს, მაგრამ ბოლოს ნერვები დაიოკა და ორი თეფშის დამსხვრევით ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ბრიტანელი წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს - მარტში მან 198 ქულით (200 შესაძლებლიდან) მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, ლონდონში კი პირველი ბრიტანელი გახდა ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვინც ტყვიის სროლაში ოქროს მოპოვება შეძლო. ბოლოს ეს რიჩარდ ფოლდსმა გააკეთა.

კაცები
ორმაგი ტრეპი
1. პეტერ უილსონი (ბრიტ) 188 (143+45)
2. ჰაკან დარბი (შვედ) 186 (137+49)
3. ვასილი მოსინი (რუს) 185 (140+45)
4. ფეჰაიდ ალდეჰანი (ქუვ) 185 (140+45)
5. ვიტალი ფოკეევი (რუს) 184 (139+45)
6. რიჩარდ ბოგნარი (უნგ) 182 (137+45)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული