იტალიური დუბლი არ შედგა

AutoSharing Option
6 აგვისტოს ლონდონში გამოსვლა დაასრულეს ტყვიის მსროლელებმა - გათამაშდა მედლების ბოლო ორი კომპლექტი.

თავდაპირველად ურთიერთობა გაარკვიეს მამაკაცებმა სამი პოზიციიდან შაშხანით 50 მეტრიდან სროლაში.

იტალიელმა სტუდენტმა ნიკოლო კამპრიანიმ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ორი მედალი მოიგო.

მან ვერცხლი დაისაკუთრა 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში, ახლა კი წინ წაიწია და კარიერაში პირველი ოქრო მოიგო.

კვალიფიკაციის შემდეგ ნიკოლოს გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ფინალი მისი რვაქულიანი უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ოლიმპიური რეკორდით დაასრულა გამოსვლა. ასევე პირველად დაფიქსირდა ოლიმპიადების ისტორიაში პირველ და მეორე ადგილებს შორის ექვსქულიანი
სხვაობა.

ნამდვილი დრამა გათამაშდა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ბოლო სროლის წინ ამერიკელი მეტ ემონსი 1.6 ქულით უგებდა კორეელ იონგიუნ კიმს, მაგრამ ბოლო ცდაზე მხოლოდ 7,6 ქულა აიღო, რითაც აზიელმა კარგად ისარგებლა და ცხვირწინ ააცალა ემონსს ვერცხლი. ამერიკელი კინაღამ ბრინჯაოს გარეშე დარჩა - მან მეოთხეადგილოსან სირილ გრაფს მხოლოდ 0,3 ქულა მოუგო.

* * *
სროლის ტურნირი მამაკაცებმა ტრეპში ასპარეზობით დახურეს და აქ უცნაური რამ მოხდა - გაიმარჯვა 29 წლის ხორვატმა ჯოვანი ჩერნოგორაცმა, რომელიც კვალიფიკაციიდან ყველაზე უარესი შედეგით გადავიდა ფინალში. მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე მან ერთი სამიზნე გააფუჭა და იტალიელ მსოფლიოს ჩემპიონთან, მასიმო ფაბრიცისთან ერთად 146 ქულით დაასრულა შეჯიბრი.

დაინიშნა დამატებითი სროლები პირველ აცილებამდე და აპენინელმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა, რითაც იმ დღეს ლონდონის სასროლეთზე იტალიური დუბლი არ შედგა.

ხელი მოეცარა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ავსტრალიელ მაიკლ დაიმონდს. ის საკვალიფიკაციოს შემდეგ კომფორტულად ლიდერობდა 125 ქულით, მაგრამ ფინალში ხუთჯერ ააცილა და ეს ნებისმიერი სინჯის მედლის დაკარგვად დაუჯდა - მან ბრინჯაოსთვის დამატებითი სროლები წააგო ქუვეითელ ფეჰაიდ ალდეჰანისთან.

ტყვიის სროლის ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. კორეა 3 2 0 5
2. აშშ 3 0 1 4
3. იტალია 2 3 0 5
4. ჩინეთი 2 2 3 7
5. ბელარუსი 1 0 0 1
5. ხორვატია 1 0 0 1
5. კუბა 1 0 0 1
5. ბრიტანეთი 1 0 0 1
5. რუმინეთი 1 0 0 1
10. საფრანგეთი 0 1 1 2

კაცები
შაშხანა (3 პოზიციიდან). 50 მ
1. ნიკოლო კამპრიანი (იტა) 1278.5 (1180+98.5)
2. იონგიუნ კიმი (ს. კორ) 1272.5 (1171+101.5)
3. მეტიუ ემონსი (აშშ) 1271.3 (1172+99.3)
4. სირილ გრაფი (საფ) 1271.0 (1171+100.0)
5. კინან ჟუ (ჩინ) 1270.2 (1170+100.2)
6. პეტერ სიდი (უნგ) 1269.0 (1168+101.0)

ტრეპი
1. ჯოვანი ჩერნოგორაცი (ხორ) 146
2. მასიმო ფაბრიცი (იტა) 146
3. ფეჰაიდ ალდეჰანი (ქუვ) 145
4. მაიკლ დაიმონდი (ავსტრა) 145
5. ხესუს სერანო (ესპ) 144
6. ანტონ გლასნოვიჩი (ხორ) 143

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული