შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსი კი გააჩნია, მაგრამ ამჯერად უცხოელებიდან არავინ ჩამოსულა და მხოლოდ მასპინძელთა იმედად დარჩა.
სალუქვაძე ამ შეჯიბრებას ძირითადად ახალი თაობის გამოსაცდელად ატარებს, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ასპარეზობა და სატურნირო პრაქტიკა აკლიათ, თუმცა საერთაშორისო არენაზე გასასვლელად ცოტა შეუფერებელი დროა შერჩეული.
საქმე ისაა, რომ ნოემბერში ამავე ტირში (სხვაგან შეჯიბრების ჩატარება არცაა შესაძლებელი) შოთა ქველიაშვილის მემორიალი ჩატარდა, რომელშიც აზერბაიჯანელები მუდმივად მონაწილეობენ, წლეულს კი
დროის ასეთ მცირე მონაკვეთში თუნდაც იგივე აზერბაიჯანელები თბილისში ორჯერ არ ჩამოდიან. ამიტომ იქნებ ფედერაციამ ეს ღია თასი სხვა დროს გადაიტანოს, როცა უცხოელებიც (თუნდაც ეს უშუალო მეზობლები) ჩამოვლენ, დეკემბერში კი ადგილობრივი რანგის შეჯიბრება ჩაატაროს.
ფედერაცია ამით ორ კურდღელს დაიჭერს - რეალურად მიიღებს ორ საერთაშორისო ტურნირს, ხოლო ადგილობრივ მსროლელებს მინიმუმ ერთი სტარტით მეტი მიეცემათ სახლში.
საერთაშორისო ტურნირების მომრავლება ნებისმიერი ფედერაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, ხოლო ახლანდელი რეალობით, თბილისის ზემოაღნიშნული ღია თასი სინამდვილეში ფორმალურადაა საერთაშორისო, თორემ არსებითად, ადგილობრივთა შეჯიბრებაა.
ახლანდელ ტურნირში, ტრადიციულად, მხოლოდ ქუთაისისა და თბილისის ორი კლუბის მსროლელები გამოდიოდნენ - ორივე ასაკში დაახლოებით 25 სპორტსმენი.
შეჯიბრება ახალი წესებით ჩატარდა, რაც დროის შემცირებულ რეგლამენტს გულისხმობს.
ქალთა შორის კვლავაც ყველაზე ძლიერი სალუქვაძე იყო, რომელმაც პირადი რეკორდი დაამყარა - შესარჩევი ეტაპი 393 ქულით მოიგო. ამას ფინალში 97.6 ქულა დაუმატა და ჯამში 490.6 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
მეორე ადგილზე თამილა ასათიანი გავიდა - 373+93.7 და ჯამში 466.7. ბრინჯაოს მედალს მეგი ქადაგიძე დაეუფლა - 367+92.9 და საბოლოოდ 459.6 ქულა. აღსანიშნავია, რომ ასათიანიც და ქადაგიძეც სალუქვაძის კლუბში ვარჯიშობენ.
ვაჟთა შორისაც სამივე მედალოსანი ამ კლუბის წევრია. ჩემპიონი ლევან ქადაგიძე გახდა, რომელმაც საკვალიფიკაციო 565 ქულით მოიგო, რასაც ფინალში 97.5 დაუმატა და ჯამში 662.5 დაუგროვდა. მეორეზე ამ კლუბის მწვრთნელი ზურაბ კვირიკაშვილი გავიდა - 561+99.2 და ჯამში 660.2 ქულა დააგროვა. ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ოქრუაშვილმა მოიპოვა - 552+95.7 და საბოლოოდ 647.7 ქულა.
საინტერესოდ წარიმართა ახალგაზრდების პაექრობაც, სადაც გოგოებში კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება 13 წლის ქუთაისელმა ლიზი კილაძემ - 362 ქულა დააგროვა. 357-ით ვერცხლის მედალი მოიპოვა სალუქვაძის ტირის აღზრდილმა, 15 წლის ქეთი შედანიამ, რომელიც პირველად გამოვიდა შეჯიბრებაზე. ბრინჯაოს მედალს 347-ქულიანი მარი მაღრაძე (სალუქვაძის ტირი) დაეუფლა.
ბიჭებში სალუქვაძის კლუბის აღზრდილმა ომარ სანოძემ გაიმარჯვა 560 ქულით, რომელიც წლეულს უკვე ამთავრებს გამოსვლას ახალგაზრდებში და უფროსებში გადადის.
ვერცხლის მედალი ქუთაისელმა გიორგი რამიშვილმა მოიპოვა 550-ით, ბრინჯაო - ასევე თბილისელმა ვლადიმერ მაიოროვმა 547-ით, რომელიც ყოფილი ასკ-ის, ანუ ახლანდელ სპორტკლუბ "არენას" აღზრდილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"