იქაც უფრო მონადირულ ჟინს იკმაყოფილებდნენ ჩუბინები, თორემ სპორტი ნაკლებად იყო, იმდენად პრიმიტიულ პირობებში ვარჯიშობდნენ.
მიზეზთა გამო ამ ბაზის მშენებლობა ძალიან გაჭიანურდა - ჯერ ტერიტორიის შერჩევა გახდა პრობლემა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე ალტერნატივა განიხილეს; მერე პროექტის დამტკიცება გაიწელა დროში (შეგნებულად თუ ტრადიციული ქართული დარდიმანდობით, ვერ გეტყვით);
საბოლოოდ ტერიტორია ვარკეთილის ძველ სასროლეთზე შეირჩა, ინვესტიციის ჩადება კი რუსულმა კომპანიამ ითავა, რომლის სათავეშიც ქართველები დგანან... ერთი მათგანი - ზაზა კაკუბავა ზემოხსენებულ ტურნირსაც დაესწრო და პირადად ადევნებს თვალს მშენებლობის პროცესს.
კაკუბავა და მისი კომპანია ვარკეთილში თავიანთი ბიზნეს-გეგმით მივიდნენ, რომლის ერთ-ერთი სეგმენტიც სასროლეთია. ინვესტორები საქმესაც შეუდგნენ - უკვე მოეწყო ერთი მოედანი მრგვალი სტენდისთვის, შეიძინეს თეფშების სატყორცნი აპარატი და ვარჯიშსაც შეუდგნენ.
ამ მოედანზე უკვე ორი შეჯიბრება ჩატარდა, თუმცა, როგორც ფედერაციაში ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია... არადა, იქ ბევრი რამე იგეგმება - მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე მოედნის მშენებლობა, მათ შორის - სასანგრე სტენდისთვისაც, შენდება საწყობი, ადმინისტრაციული ოფისი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
უკვე წლის ბოლოს მწყობრში 4 სასროლეთი უნდა იყოს, გაისად კი დანარჩენებიც უნდა დასრულდეს.
გაისადვე კიდევ უფრო დიდი გეგმებია ჩაფიქრებული - აშენდეს სასტუმრო და ღია სასროლეთი ტყვიის სროლისთვის, კონკრეტულად კი - 50-მეტრიანი. როგორც ეს დისტანცია, ასევე ღია ტირი სადღეისოდ გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში. ამდენად, მისი მოგვარება პისტოლეტიანებისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.
თუმცა ვარკეთილის სასროლეთს ერთი სერიოზული ნაკლიც აქვს - ფრიად დაშორებულია ქალაქიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლომდე არ მიდის, რაც ვარჯიშის მსურველებს ლამის გადაუჭრელ პრობლემებს უქმნის. იქ ხომ ბავშვებმაც უნდა ივარჯიშონ. ისინი მშობლებმა უნდა ატარონ სავარჯიშოდ, რასაც დროის ფაქტორის გამო ყველა ვერ მოახერხებს.
ამ სასროლეთის მიმდებარე ტერიტორია კერძო დასახლების ხარჯზე თანდათან უახლოვდება ვარკეთილს. იქაურობა ქალაქის განაშენიანების გეგმაშიც შედის და ალბათ, ოდესმე დედაქალაქის მერია ტრანსპორტსაც დანიშნავს, მაგრამ მანამდე ფედერაცია არ გამორიცხავს, საკუთარი ტრანსპორტი გამოყოს, ოღონდ საზოგადოებაში სურვილი გაჩნდეს.
სასროლეთზე ჩატარებული ტურნირის შედეგებით მწვრთნელი თამაზ იმნაიშვილი უკმაყოფილო დარჩა და როგორც უფროსებს, ასევე ახალგაზრდებს შედეგების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა (ჩემპიონმა დავით ქვათაძემ 125-დან 109 ქულა დააგროვა). ამაზე ვერცხლისმედალოსანმა, მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსულმა პავლე ლაკიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხშირი შეჯიბრებების გარეშე შედეგები არ ამაღლდება, რადგან ვარჯიში პრინციპულად განსხვავდება საშეჯიბრო დატვირთვისგან.
მანვე რუსეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც სხვა უამრავთან ერთად, სეზონის გახსნისა და დახურვის ტურნირებიც ტარდება და წამოაყენა წინადადება, დაწესდეს სახელოვან მსროლელთა სახელობის შეჯიბრებები.
იქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიქმნას გარკვეული ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერანთა სახელობითი შეჯიბრებების გამართვას.
ტურნირის დასრულების შემდეგ სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ კახა ბექაურს გავესაუბრეთ.
- ძველი ბაზა აქ 1991 წელს განადგურდა და წლეულს ხელახლა დავიწყეთ მშენებლობა. განზრახულია 3-3 ბაზის მშენებლობა როგორც მრგვალი, ასევე - სასანგრე სტენდისთვის.
იგეგმება 50-მეტრიანი ღია ტირის მოწყობაც, რაც საერთოდ არაა საქართველოში. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველი დამთავრდება წლეულს და მოიცავს 2 სასანგრე და ამდენივე მრგვალი სტენდის სასროლეთის, ადმინისტრაციულ შენობას, ოფისების დასრულებას; მეორე ეტაპი - დარჩენილი ორი მოედნისა და ტირისას.
წლეულსვე დავიწყეთ ახალგაზრდების მიღება და შევიძენთ 10 იარაღს - 5 სასანგრეს და ამდენივეს მრგვალი სტენდისთვის. სათანადო თანხა უკვე მოძიებულია და მოზარდებს ხელი არ შეეშლებათ.
ინვესტორმა ზაზა კაკუბავამ, რომელიც პირადად ესწრებოდა იმ შეჯიბრებას, განაცხადა, რომ ბაზა შეუფერხებლად აშენდება, რადგან სათანადო თანხები უკვე გაწერილია ბიუჯეტში და მშენებლობის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"