ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის ჩემპიონატში 4 მარტს ჩაერთვებიან

AutoSharing Option
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გუშინ ჰოლანდიურ არნემში გაფრინდა, სადაც დღეიდან 8 მარტის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატი იმართება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ამ ტურნირში უფროსთა შორის ქალებსა და ვაჟებში თითო მონაწილე გვეყოლება - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. გაცილებით უფრო დიდი წარმომადგენლობა გვეყოლება ახალგაზრდებში. გოგოებში ჩვენი ორი მსროლელი იასპარეზებს - ლიზი კილაძე და მარიამ მაღრაძე, ბიჭებში კი სრულად დაკომპლექტებული გუნდით გამოვალთ: ცოტნე მაჭავარიანი, ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი.

ჩვენი ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის ერევანში მოემზადა, სადაც ორკვირიანი შეკრება
გაიარა. იქ სავარჯიშოდ ეს შვიდეული იყო წასული, თუმცა, სამწუხაროდ, სალუქვაძეს რაღაც ვირუსი შეეყარა და ლამის მთელი შეკრება გაუცდა. მას დაავადება ჩასვლიდან მალევე შეეყარა, რამაც გავლენა იქონია გულის მუშაობაზე, არტერიულ წნევაზე და მდგომარეობა თურმე იმდენად დამძიმდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი სასროლეთიდან საავადმყოფოში გააქანეს.

საბოლოოდ ვითარება მეტ-ნაკლებად კი მოწესრიგდა, თუმცა არა ბოლომდე და მისი გავლენა ჩვენს ლიდერს ახლაც ეტყობა. ერევანში იმ ორკვირიან პერიოდში მან მხოლოდ ოთხი დღე ივარჯიშა - ორი ჩასვლისას და ამდენივე - წამოსვლის წინ, დანარჩენი კი მკურნალობასა და ექიმებში გაატარა. ფაქტია, ის არნემში საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, ხვალ კი შეჯიბრება იწყება. ტურნირში ჩვენგან პირველები ბიჭების სამეული ჩაებმება. ვნახოთ, გაიმეორებენ თუ არა ჩვენები პირად რეკორდებს, რაც სამომავლო პერსპექტივაში საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებლებია. ხვალ გოგოების დუეტი ისვრის, მერე კი უფროსების ჯერიც დადგება - 6 მარტს ცეცხლის ხაზზე ქადაგიძე დადგება, 7-ში კი სალუქვაძე იასპარეზებს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ევროპის ამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩვენებმა თებერვალში გერმანიაშიც იასპარეზეს, მიუნხენის დიდ საერთაშორისო ტურნირში, სადაც უფროსებმა საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად იასპარეზეს, ახალგაზრდებმა კი მედლები ვერ მოიპოვეს, თუმცა ურიგოდაც არ უსვრიათ, თუმცა მაინც მეტი მოეთხოვებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული