ნინო სალუქვაძის შემდეგ ტყვიის სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა. 18 წლის ჩუბინმა ეს უნგრულ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან ტარდება.
ლიცენზია, პირადი რეკორდი და ერთ-ერთ სერიაში მაქსიმალური შედეგი, 100 ქულა - ასეთია მაჭავარიანის გამოსვლა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე პირადი რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა, 579 ქულა დააგროვა და ფინალში მეექვსე შედეგით შევიდა. თუმცა ამდენივე ქულა ჰქონდა ფინალური ოქტეტის ხუთ მონაწილეს, მათ შორის ადგილები კი უფრო ახლო 10-იანებით გადაწყდა.
მაჭავარიანმა თავიდანვე კარგად
ფინალშიც კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ მოუკლო და 118.3 ქულით საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი თურქი იუსუფ დიკეცი გახდა 198.5 ქულით. მეორეზე ესპანელი პაბლო კარერა გავიდა 197.6-ით, ბრინჯაო კი უკრაინელმა პავლო ხოროშილოვმა დაისაკუთრა 178.4-ით.
ცოტნე მაჭავარიანის ლიცენზია ჩვენი ოლიმპიური გუნდისთვის მე-15 საგზურია. ქართულ სპორტში პირველი პრეცედენტია, როცა დედა-შვილი ერთად იასპარეზებს ოლიმპიადაზე, თუმცა მსგავსი რამ მსოფლიოს ოლიმპიზმისთვისაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ოღონდ ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო უნიკალურია, რადგან დედა-შვილს ბაბუა - ვახტანგ სალუქვაძე ავარჯიშებს. პრაქტიკულად, ჩვენს შემთხვევაში ერთი ოჯახის სამი თაობაა ნაკრებში.
ვაჟთა ტურნირში ლევან ქადაგიძეც გამოდიოდა, რომელიც 566 ქულით 61-ე ადგილზე გავიდა.
საბედნიეროდ, მაჭავარიანის ლიცენზია ევროპის ამ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ერთადერთი მიღწევა არაა - ახალგაზრდა გოგოებში ვერცხლის მედალი ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა. თუმცა ჩემპიონატი 27 თებერვალს დასრულდება, როცა შეჯიბრებაში ჩვენი გუნდის ლიდერი ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე ჩაებმებიან. ამათგან სალუქვაძის ამოცანა მედლისთვის ბრძოლაა, კილაძისა - ლიცენზიის მოპოვება.