როგორ მოკლა დოპინგმა მსოფლიოს ჩემპიონი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ ჰასველში ცოტა ვინმეს თუ აქვს გაგებული ტურ დე ფრანსის შესახებ, სამაგიეროდ, იქ კარგად იციან ქვანახშირის მოპოვება.

როცა ტომ და ელის სიმპსონებს მეექვსე შვილი შეეძინათ, სამუშაო ტანსაცმელი და ჩაფხუტი უკვე ბავშვის საწოლის გვერდით ელაგა. ტომი 30 წლით ადრე რომ დაბადებულიყო, მისი ბიოგრაფია ამ აბზაცში დასრულდებოდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის წინ, ინგლისში ქვანახშირის წარმოება აღმავლობის გზაზე იყო და მაღაროელები ღარიბულად ნამდვილად არ ცხოვრობდნენ, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო. გავლენა იქონია სამხრეთით მდებარე ჰარვორტში გადასვლამაც, სადაც ტომი უკვე
13 წლის ასაკში წავიდა ტკბილეულობის მაღაზიაში სამუშაოდ და მაღაროში ერთხელაც არ ჩასულა.

ტომმა ველოსიპედი ჯერ კიდევ ჰასველში შეიყვარა. ჰარვორტში ის ხშირად იცვლიდა ველოკლუბებს, მონაწილეობდა რბოლებში და ეძებდა უფრო მაღლა ასვლის გზებს. მაგალითად, უგზავნიდა წერილებს გამოცდილ ველომრბოლებს, უსვამდა მათ პროფესიულ შეკითხვებს ვარჯიშების კილომეტრაჟზე, მეთოდიკაზე, რბოლებისადმი მიდგომაზე... ავსტრიელი ჯორჯ ბერგერი გამოეხმაურა მის წერილს და ჰარვორტშიც კი ჩავიდა, ტომისთვის ველოსიპედზე სწორად ჯდომა რომ ესწავლებინა. მან ურჩია ბრიტანეთის ველოსპორტის ლიგის 17 წლის წევრს, ტრეკზე ეასპარეზა. ველომრბოლის პირველი ნაბიჯები მანჩესტერულმა "ფილიუფილდმა" იხილა - ის 20 წლისაც არ იყო და უკვე ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდში ირიცხებოდა.

სიმპსონს ხელს არ უშლიდა არც შუშის ქარხანაში მამასთან ერთად მუშაობა, არც მოტოტრიალით გატაცება. 1955 წელს, 17 წლის ბიჭი უკვე ბევრს მოგზაურობდა: ლენინგრადში ტრეკზე ასპარეზობდა, სადაც სიგამხდრის გამო "ბულბული" შეარქვეს. ერთი წლის შემდეგ, სიმპსონის გუნდმა მელბურნის ოლიმპიურ ტრეკზე ბრინჯაო აიღო გუნდურ გამოდევნებაში. ახალგაზრდა ბიჭს არ ჰქონია მაღალი პრემიალურები, არ ფიქრობდა კონტრაქტებზე და, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა დოპინგზე.

დოპინგის ამოცანაა - მოატყუო ადამიანის შესაძლებლობები. შეუძლებელია საკუთარი თავის მოკვლა დატვირთვებით, რაღაც მომენტში სხეული უარს იტყვის მუშაობაზე, გამოირთვება და ეკონომ-რეჟიმში გადავა. ტომს საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მიღება სამედიცინო პრეპარატების გარეშეც შეეძლო. 1957 წელს, ფეხი მოიტეხა, მაგრამ აგრძელებდა ვარჯიშს და და ერთ თვეში ტრეკზე დაბრუნდა. პარიზის ტურნირის ერთ-ერთ ეტაპზე გამარჯვება გონების დაკარგვით და ტრეკზე დაცემისას ყბით მოტეხვით დასრულდა. ტომი გონს მოვიდა, ტურნირი გააგრძელა, თუმცა, მეოთხედფინალში დამარცხდა.

* * *
21 წლის ასაკში სიმპსონმა მიატოვა სამოყვარულო კარიერა და ბრეტანში გადავიდა. მისი ქონება იყო 100 ფუნტი და ორი ველოსიპედი - ტრეკისთვის და შოსესთვის. იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე ადგილობრივ რბოლას მოიგებდა, დააინტერესებდა პროფესიულ გუნდებს და კონტრაქტსაც გააფორმებდა. ასეც მოხდა: ნიჭიერი ბიჭი ისტორიაში პირველი ბრიტანელი პროფესიონალი ველომრბოლი გახდა, ორი წლის შემდეგ კი დებიუტი ჰქონდა ტურ დე ფრანსზე - ოცნება ახდა. მაღალი და გამხდარი ტომ სიმპსონი უფრო ერთდღიანი რბოლებისთვის გამოდგებოდა. მან შეძლო "პარიზი-ნიცას", "ფლანდრიის ტურის", "მილანი-სან რემოსა" და სხვა, ნაკლებად პრესტიჟული რბოლების მოგება.

1962 წელს, სიმპსონი ელიტაში დამკვიდრდა და Gitane-Leroux-Dunlop-ის კაპიტანი გახდა. ფრანგულმა ველომარათონმა მოაჯადოვა ბრიტანელი. მას საერთო ჩათვლაში გამარჯვების რეალური შანსი არ ჰქონდა, რადგან მთებში მარცხებოდა, მიუხედავად ამისა, ტომი ჯიუტად ცდილობდა გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვებას. იმ წელს, მან მე-12 ეტაპზე მოიპოვა ყვითელი მაისურა (პირველმა ბრიტანელთაგან), როცა წარმატებული გაქცევა შეასრულა, მაგრამ მომდევნო დღეს დაკარგა ლიდერობა. ხშირი ავარიებისა და ტრავმების მიუხედავად, ტომი პროფესიონალი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა მომზადებას. სიმპსონმა თავად შექმნა სკამის დიზაინი, 1956 წლიდან დიეტაზე გადავიდა, რომელშიც შედიოდა ბევრი ხილი, სტაფილო და ჟოლოს ფოთლებიც კი. იკვებებოდა მტრედის ხორცით და ლობიოთი. რბოლებში ხანდახან შეცდომებს უშვებდა, რადგან ბოლომდე იხარჯებოდა იქ, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოიგებდა.

1965 წელს, სიმპსონი საგზატკეცილო ველორბოლაში მსოფლიოს პირველი ბრიტანელი ჩემპიონი გახდა. ნაცნობი სიუჟეტი კლასიკური ველომრბოლისგან: გაქცევა და მოგება საფინიშო სპურტზე მცირე ჯგუფთან ბრძოლისას. ის წელი ტომმა მეორე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში ჟაკ ანკეტილის შემდეგ. Daily Express-მა კი წლის სპორტსმენად აღიარა. ის სეზონი ძალიან წარმატებული იყო ტომისთვის, თუმცა, სწორედ 1965 წელს კინაღამ დაიღუპა. ჯერ კიდევ ზაფხულში ტურზე ის დაეცა, ნეკნი და ხელი დაიზიანა - დაიწყო განგრენა და ბრონჰიტი. ბრიტანელმა უარი თქვა ტურნირიდან გამოსვლაზე და თითქმის ძალით წაიყვანეს საავადმყოფოში - კიდევ ცოტა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი ხელის გარეშე დარჩებოდა.

* * *
სიმპსონის კარიერაში ბოლო ტურ დე ფრანსი შესანიშნავად დაიწყო. 1967 წელს მან მოიგო "პარიზი-ნიცა", აიღო ორი ეტაპი ზაფხულის "ვუელტაზე" და კარიერის პიკზე იმყოფებოდა. პროფესიონალებში 7 წელი გამოსვლისას, მიხვდა, რომ ტურზე გამარჯვებას ვერ მიაღწევდა, ვიღაც ნამდვილად გაუსწრებდა დიდ მთებში. მაგრამ პოდიუმი და რამდენიმე დღე ყვითელ მაისურში - სავსებით რეალური ამოცანა იყო. ორგანიზატორებმა დააბრუნეს ეროვნული გუნდების წესი, მრბოლელები ერთიანდებოდნენ ქვეყნების მიხედვით და არა კონტრაქტებით. სიმპსონს ეს ახარებდა - ბრიტანეთს არ ჰყავდა უფრო ძლიერი მრბოლელები და არავინ აპროტესტებდა ტომის კაპიტნის პოზიციას.

მე-13 ეტაპის წინ, სიმპსონი მეშვიდე ადგილზე იყო გენერალურ კლასიფიკაციაში. წინ იყო საშიში მონ ვანტუ მთა და ჩამორჩენის გაბათილების შანსი. თუმცა, ეს შანსი მიზერული იყო.

აღმართს სიმპსონი დამღუპველი კოქტეილით შეუდგა - ალკოჰოლის და ამფეტამინის ნაზავი. ალკოჰოლი გზაზე ერთ კაფეში მიიღო, მეორე კი შეტევაში ეხმარებოდა. B17-ის ბომბდამშენის პილოტებს ამფეტამინი იმაში ეხმარებოდა, რომ არ ჩაძინებოდათ და აეროდრომამდე მიაღწიათ გერმანიაში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, საწვავი შეევსოთ და ისევ გაფრენილიყვნენ ნიურნბერგის, ფრანკფურტისა და ბერლინის მიმართულებით. პრეპარატმა თავისი ქნა - ტომმა მწვერვალზე თვითმკვლელობის ტოლფასი შეტევა წამოიწყო, თან 44-გრადუსიან სიცხეში ქარისა და ამოსუნთქვის გარეშე. ორგანიზმმა ვერ გაუძლო, გაჩერდა და ბრიტანელი გზაზე მიაგდო.

100-დან 99 მრბოლელი იქ დარჩებოდა, დამარცხებული, მაგრამ ცოცხალი. სიმპსონმა აიძულა საკუთარი თავი - წამოდგა, მექანიკოსების დახმარება მოითხოვა და კიდევ 100 მეტრი გაიარა. მისი ხასიათი დოპინგზე ძლიერი აღმოჩნდა და ის რეზერვიც ამოქაჩა, რაც ამფეტამინმა ვერ შეძლო. ექიმების თქმით, ის ჯერ კიდევ სავარძელზე გარდაიცვალა - სანამ მეორედ დაეცემოდა. ვერანაირმა დახმარებამ ვერ უშველა.

ბრიტანელი იმ ეპოქაში გამოდიოდა, როცა მაისურის უკანა ჯიბეში შენახული მცირედი ამფეტამინი (ბრიტანელს სიკვდილის შემდეგ უპოვნეს) არავის უკვირდა. დოპინგ-კონტროლი არ არსებობდა, მრბოლელები იღებდნენ იმას, რაც სურდათ. პროფესიული კარიერის დასაწყისში, სიმპსონი ღიად გამოდიოდა დოპინგის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს შეეგუა. იმავე 1967 წელს, ის მზადების პროცესში სტრიქნინის კურსს გადიოდა და შემთხვევით არ წაუღია თან ამფეტამინი. პროფესიონალმა და პედანტმა ტომმა ორი შეცდომა დაუშვა - მან არ გაითვალისწინა ალკოჰოლისა და მზის მოქმედება და არ დაუგდო ყური აღმართზე ორგანიზმის სიგნალებს.

ტომის სიკვდილი - ისტორიაა იმის შესახებ, როგორ დამარცხდა მოგების გიჟური სურვილი და ბრძოლის ჟინი სიკვდილთან. მრბოლელმა ზღვარს გადააბიჯა, სხეულზე მაღლა დადგა იმდენად, რომ ის გაანადგურა. ასეთი შემართება იშვიათად გვხვდება - სიმპსონს მიიჩნევენ ერთ-ერთ უდიადეს მრბოლელად. მონ ვანტუზე დგას მონუმენტი, რომელიც ბრიტანელს ეძღვნება: შიშველი მთა და ქვისგან გამოთლილი მრბოლელი ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ტომის სიკვდილი - ისტორიაა იმის შესახებ, როგორ დამარცხდა მოგების გიჟური სურვილი და ბრძოლის ჟინი სიკვდილთან. მრბოლელმა ზღვარს გადააბიჯა, სხეულზე მაღლა დადგა იმდენად, რომ ის გაანადგურა. ასეთი შემართება იშვიათად გვხვდება - სიმპსონს მიიჩნევენ ერთ-ერთ უდიადეს მრბოლელად. მონ ვანტუზე დგას მონუმენტი, რომელიც ბრიტანელს ეძღვნება: შიშველი მთა და ქვისგან გამოთლილი მრბოლელი ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან."

ყველა ესეთ დიად შეუპოვარ და მებრძოლი სულის მქონე სპორტსმენს ვენაცვალე , გული დამწყდა ამ ადამიანზე :(( ძალიან კარგი სტატიაა რამეთუ გავიგე ისეთი უმაგრესი სპორტსმენის შესახებ რომელიც აქამდე არ ვიცოდი და მინდა ვთქვა რომ , ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ზუსტად ისევე მიყვარს ტომი სიმპსონი როგორც ასევე დიაიდი აირტონ სენა .
Mandela
14:21 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული