ტრაგედიის გამოძახილი

AutoSharing Option
გუშინ გაუწყებდით იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომლითაც პრესტიჟული ველორბოლის - ჯირო დ'იტალიას მესამე ეტაპი დასრულდა. ერთ-ერთ სერპანტინზე დაშვებისას ტრასაზე დაეცა ბელგიელი ველომრბოლი ვოუტერ ვეილანდტი, რომელიც მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

თავად ავარიის მომენტი ტელეტრანსლიაციის მიღმა დარჩა - ბელგიელი იმ ადგილას დაეცა, სადაც ტექნიკური დახმარების მანქანები სათითაოდ თუ გაივლიდნენ. როცა ოპერატორებმა სპორტსმენი აჩვენეს, ის უკვე უგონოდ იწვა ასფალტზე და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

ექიმებს 26 წლის მრბოლელის ჩაფხუტის გაჭრა მოუწიათ - ვეილანდტს ტვინის უმძიმესი ტრავმა ჰქონდა მიღებული. 40 წუთის განმავლობაში სამედიცინო პერსონალი ყველა
ხერხს იყენებდა ბელგიელის გონს მოსაყვანად, მაგრამ ვეილანდტი ვერ გადაარჩინეს.

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ვოუტერის გადარჩენა შეუძლებელი იყო", - თქვა იტალიურ ტელევიზიასთან კომენტრაში ეტაპის მთავარმა ექიმმა ჯოვანი ტრედიჩიმ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთი წლის წინ ბელგიელმა სწორედ მესამე ეტაპზე შეძლო ფინიშზე პირველი მისვლა. ეს მის შვიდწლიან კარიერაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ასევე მის ანგარიშზეა ერთი მოგებული ეტაპი 2008 წლის ვუელტაზე.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ველომრბოლები პროტესტს აცხადებდნენ იტალიურ ველომარათონზე არასაკმარისი უსაფრთხოების გამო. უკმაყოფილების მიზეზი გახდა საშინელი ავარია, რომელშიც ესპანელი ველომრბოლი პედრო ორილიო მუნიოსი მოხვდა. ხევში გადაჩეხვის შემდეგ მან ტანის ზედა ნაწილის სერიოზული ტრავმები მიიღო, რამდენიმე ძვალი გაიტეხა, თავი დაიზიანა და სასწაულებრივ გადაურჩა დაღუპვას. ვეილანდტის სიკვდილი ჯიროს ისტორიაში მეოთხე მსგავსი შემთხვევაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრაგიკულად დაღუპული ველომრბოლის მეუღლე ანა სოფი ვეილანდტი ოთხი თვის ფეხმძიმეა. ბავშვი სექტემბერში დაიბადება.

ვეილანდტის გუნდმა - Leopard-Trek-მა თავიდან ჯიროს მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ მოგვიანებით ლუქსემბურგული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელგიელის საპატივცემულოდ გააგრძელებს იტალიურ ველომარათონში გამოსვლას. თავის მხრივ, ჯიროს ორგანიზატორებმა გამოცხადეს, რომ მეოთხე ეტაპს სიმბოლური ხასიათი ექნება და მისი შედეგები არ შევა საერთო ჩათვლაში.

ვეილანდტის დაღუპვას მთელი ველოსამყარო გამოეხმაურა. მაგალითად, ლეგენდარულმა ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულის ოჯახის მიმართ. "შოკირებული ვარ, - განაცხადა სააგენტო AP-სთან კომენტარში ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონმა. - ასე ერთ წუთში შეიძლება შეწყდეს ადამიანის სიცოცხლე. მინდა თანავუგრძო მის ოჯახს. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია".

მესამე ეტაპზე გამარჯვება კი ესპანელმა ანხელ ვისიოსო არკოსმა მოიპოვა. Androni Giocattoli-ის წევრმა დისტანცია 3 საათში, 57 წუთსა და 58 წამში დაფარა. მეორეზე გავიდა ბრიტანელი დევიდ მილარი "გარმინ-ჩერველოდან". ამის წყალობით მან საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული