ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა ალბერტო კონტადორმა ყაზახურ "ასტანაში" გამოსვლა დოპინგ-სკანდალით დაასრულა. ესპანელი დროებით ჩამოაშორეს საერთაშორისო ველორბოლებს, რადგან მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - კლენბუტეროლი აღმოაჩინეს. დოპინგი 21 ივნისს, ტურ დე ფრანსის დასვენების დღეს ქალაქ პოში აღებულ სინჯში იპოვნეს. თუ "ასტანას" წევრის დანაშაული დადასტურდა, გადაიხედება ყველაზე პრესტიჟული რბოლის შედეგები. მსოფლიო ველოსპორტის ვარსკვლავს მხოლოდ ის თუ გადაარჩენს, რომ მის სინჯში დოპინგი მინიმალური რაოდენობით აღმოჩნდა.
ესპანელის მიერ დოპინგის მიღების შესახებ განცხადება ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გაკეთდა, თუმცა კონტრადორმა ადრე თქვა უარი ჩემპიონატში
კლენბუტეროლი არის პრეპარატი, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა ბრონჰოლიტური თვისებების გამო. სპორტში ის ანაბოლურ სტეროიდად არის აღიარებული - კლენბუტეროლი კუნთების ზრდასა და ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს. მისი კიდევ ერთი "სასარგებლო" თვისებაა - ცხიმების წვა.
დღეს საკვებისგან მოწამვლის ვერსია ძალიან პოპულარულია - მას დოპინგში მხილებული ნებისმიერი სპორტსმენი იყენებს. თუმცა ამჯერად უნდა ვაღიაროთ, რომ სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის კონცენტრაცია მართლაც მინიმალურია. ტესტმა დააფიქსირა 50 პიკოგრამი (ან 0,000 000 000 05 გრამი მილილიტრში), რაც 400-ჯერ ნაკლებია იმ ნორმაზე, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში (WADA) აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ უნდა აღმოაჩინოს. მსგავსი კონცენტრაცია გავლენას ვერ იქონიებდა ესპანელის ორგანიზმზე, მაგრამ მეორეს მხრივ, სხეულში ამ პრეპარატის არსებობა შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ველომრბოლი მას ტურ დე ფრანსისთვის მზადების დროს იყენებდა. B სინჯმაც დაადასტურა ზუსტად იგივე მონაცემები, ასე რომ, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირი (UCI) იძულებულია დროებით ჩამოაშოროს ალბერტო კონტადორი აქტიურ სპორტს, რაც გააკეთა კიდეც. გარდა ამისა, UCI-მ მოკლე კომენტარი გაავრცელა - "ბოლო საათებში გავრცელებული ყველა ჰიპოთეზა დამატებით მეცნიერულ გამოკვლევას საჭიროებს".
კონტადორის მხილებამ, შესაძლოა, ცუდი გავლენა იქონიოს ველოსპორტის პრესტიჟზე, მით უმეტეს, რომ საგზატკეცილო ველორბოლას ოლიმპიური პროგრამიდან მოკვეთით ემუქრებიან, ამის მიზეზი კი სწორედ გახშირებული დოპინგსკანდალები გახლავა. სულ რაღაც ოთხი წლის წინ ამერიკელი ფლოიდ ლენდისი ჯერ ტურ დე ფრანსის ჩემპიონად გამოაცხადეს, მოგვიანებით კი დოპინგის მიღების გამო ტიტული ჩამოართვეს. ახლა შეიძლება იგივე ბედი კონტადორმაც გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, ტურ დე ფრანსის გამარჯვებულად, შესაძლოა, ლუქსემბურგელი ანდი შლეკი გამოცხადდეს, რომელმაც გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილი დაიკავა.
ალბერტოს სკანდალის გამოძიება უსიამოვნო ფონზე ჩაივლის. 2007 წელს დოპინგტესტი ჩააგდეს ალექსანდრ ვინოკუროვმა და ანდრეი კაშეჩკინმა - ყაზახური "ასტანას" ორმა ლიდერმა. ბოლო წლებში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა კონტადორი. სამი წლის წინანდელი სკანდალის გამო ესპანელს 2008 წელს ტურ დე ფრანსის გამოტოვება მოუწია, რადგან ფრანგული გრანდ-ტურის ორგანიზატორებმა ყაზახური გუნდი ცუდი რეპუტაციის გამო არ დაუშვეს რბოლაში. გასულ წელს, ფრანგულმა პოლიციამ "ასტანას" გამდიდრებული სისხლის გადასხმის პრეპარატი უპოვნა, რაც აკრძალულია WADA-ის მიერ. ამ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია, მაგრამ მომავალ გამოძიებისას მას აუცილებლად გაიხსენებენ.
ესპანელ ველომრბოლს სადოპინგო უსიამოვნებები კარიერის გარდამტეხ მომენტში შეემთხვა. ივლისში კონტადორმა "ასტანასთან" სამწლიანი თანამშრომლობის დასრულებისა და დანიურ Saxo Bank-ში გადასვლის შესახებ გამოაცხადა. ალბერტოს სავარაუდო დისკვალიფიკაციამ ან რეპუტაციის შელახვამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
თუმცა კონტადორს გადარჩენის კარგი შანსი აქვს, რადგან მსგავსი შემთხვევა ამა წლის აპრილში დაფიქსირდა. RadioShack-ის ჩინელი ველომრბოლის ლუ ფუიუიემის სინჯშიც კლენბუტეროლის მინიმალური კონცენტრაცია აღმოაჩნიეს და აზიელმა თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია. საერთოდ, WADA ლოიალურად უყურებს სპორტსმენთა ანალიზებში დოპინგის მცირე დოზებს. გავიხსენოთ ფრანგი ჩოგბურთელის რიშარ გასკეს შარშანდელი შემთხვევა. მას აპატიეს კოკაინის მცირე დოზა. გასკემ მაშინ განაცხადა, რომ ნარკოტიკი მის ორგანიზმში ღამის კლუბში გოგონას კოცნის შემდეგ აღმოჩნდა.
ახლა კი კონტადორის დაპირებული პრესკონფერენცია, რომელიც გუშინ გაიმართა.
"ვფიქრობ, ჩემი რბოლებიდან მოკვეთა - არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ცხადია, რომ ეს აკრძალული პრეპარატი ჩემს ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვდა. მე ამ სინჯის აღებამდე ერთი დღით ადრე შევჭამე ხორცი. თანაც სასტუმროში, რომელშიც იმ დღეს გავჩერდით, უხარისხო კერძების გამო ბევრმა დაიჩივლა", - ამბობს კონტადორი.
ესპანელის სიტყვებით, დოპინგს-ტესტის დადებითი შედეგის შესახებ 24 აგვისტოს შეიტყო და უკვე ორი დღის შემდეგ შეხვდა UCI-ის წარმომადგენლებს: "26 აგვისტოს განვიხილეთ, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო და მათ პირდაპირ მითხრეს - ყველაფერში დამნაშავე საკვებია. მე უბრალოდ გარემოებათა მსხვერპლი ვარ".
გუშინ, ველოსპორტში დოპინგსკანდალების თემა ამით არ ამოწურულა. ესპანური ვუელტას მეორეადგილოსანი, ესპანელი ესეკილ მოსკერაც აკრძალული პრეპარატის მიღებაში ამხილეს. ასევე ეჭვმიტანილია ველოსაჯინიბო Xacobeo-ში მოსკერას პარტნიორი დავიდ გარსია დე ლა პენია.
ამ ველომრბოლთა ორგანიზმში ჰიდროქსიეთილი აღმოჩნდა - სუბსტანცია, რომელიც სისხლში ჟანგბადის მოხვედრას უწყობს ხელს. ორივე ველომრბოლმა B სინჯის შემოწმება მოითხოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"