დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად არენაც და ტრეკის საფარიც დაპროექტებულია თანამედროვე
სამწუხაროა, რომ შეზღუდული ბიუჯეტის გამო (ამას შემკვეთები აცხადებენ) მივიღეთ ის, რაც მივიღეთ _ 200 მეტრამდე შემცირებული და გადაუხურავი სარბიელი მთელი რიგი დამხმარე სათავსოების გარეშე. ის კი არა, საფარის გარშემო ტერიტორიაც მოუასფალტებელი დარჩა და სასწავლო პროცესში მის გამოყენებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აი, ასეთი პრობლემების დაძლევის წინაშე დგას დღეს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია.
საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის დებულება და კალენდარი დროულად დარიგდა, შეატყობინეს ფედერაციის პრეზიდენტს კახა შენგელიას, მაგრამ მან მოუცლელობა მოიმიზეზა და უარი თქვა დასწრებოდა ქვეყნის ჩემპიონატს. აღარაფერს ვამბობთ მონაწილეთა მისალმებასა და გამარჯვებულ-პრიზიორთა დაჯილდოებაზე. ასეთ ვითარებაში ძნელია ირწმუნო, რომ სპორტის ამ სახეობის მასობრიობისა და ოსტატობის ასამაღლებლად გადაიდგმება რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები.
დავუბრუნდეთ ჩემპიონატს. სულ 15 მონაწილე ჩაება შეჯიბრებაში (ქალებსა და გოგონებზე ლაპარაკიც ზედმეტია), ყველა _ თბილისელი. სად იყვნენ ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ლაგოდეხის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და რაიონების მრბოლები? ზოგმა უსახსრობა მოიმიზეზა, ზოგმა _ უინვენტარობა.
მოასპარეზეთა ოციოდე ახლობელი და მეგობარი შეადგენდა მაყურებელთა ამქარს. ისინიც ფეხზე მდგომნი ადევნებდნენ თვალს სპორტსმენებს, ტრეკზე არც ტრიბუნებია, არც უბრალო ძელსკამები. ადგილიდან 200 მეტრზე რბოლაში ყველას აჯობა დავით ასკურავამ, მეორე გიორგი ნადირაძე იყო, მესამე – ნოდარ ყვავაძე. ასეთივე თანმიმდევრობით განაწილდა ადგილები სპრინტში და 1000 მეტრზე ჰიტში. გამოდევნებით 4 კმ-ზე რბოლაშიც გამარჯვება ასკურავას დარჩა. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ნადირაძე და არჩილ მახარაშვილი გავიდნენ. აბსოლუტური ჩემპიონი ასკურავა გახდა. მისი ყველა შედეგი ახალი ტრეკის რეკორდად დაფიქსირდა. "მოკლე საფარის სპეციფიკა სპორტსმენს არ აძლევს შესაძლებლობის სრულად გამოვლენის საშუალებას. სტანდარტულ ტრეკზე ასკურავას შედეგი უკეთესი იქნებოდა" _ თქვა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ ნადიბაიძემ.
საოცარი რამ გვითხრა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა მიხეილ ამირაგოვმა: "საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიძინა ორი თანამედროვე სატრეკო ველოსიპედი, ერთი მიღებისთანავე მისცეს არა საქართველოში ტრეკის ლიდერ დათო ასკურავას, არამედ საგზატკეცილო რბოლის წარმომადგენელ გიორგი ნადირაძეს. ასე გადაწყვიტა ფედერაციის ყოფილმა თავკაცმა, ამჟამად ვიცე-პრეზიდენტმა ბესარიონ ნადირაძემ _ სპორტსმენის მამამ. ასკურავას კი ველოსიპედი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გადასცეს, აქაოდა, ახლა მივიღეთო. თუმცა არავის სჯერა, რომ ფირმამ ორი ველოსიპედი ცალ-ცალკე გამოგზავნა".
იუნიორებში საპატიო კვარცხლბეკის სამივე საფეხურზე საერთო შედეგებით მწვრთნელ თამაზ კიკნაძის შეგირდები შედგნენ: 1. გიორგი ნარეკლიშვილი, 2. ირაკლი ბაბლიძე, 3. გიორგი სიდიანი.
აღსანიშნავია, რომ მედლები რჩეულთა დასაჯილდოებლად ვეტერანმა ველომრბოლებმა გიორგი გეჯაძემ და ნუკრი ვაშაკიძემ შეიძინეს. საგზატკეცილო მრბოლებისთვის კი ეს პრობლემა არ დგას. ფედერაციამ მათთვის მედლებიც შეიძინა, დიპლომებიც და ფულადი პრემიაც გამოჰყო. აი, ასეთ დისკრიმინაციას განიცდიან ტრეკზე მრბოლები.
გიორგი არტემიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"