ყველა წინასწარმეტყველებდა საფინიშო სპურტს მარსელ კიტელის, ანდრე გრაიპელისა და მარკ კევენდიშის შესრულებით. მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.
თავდაპირველად იყო ადრეული გაქცევა ექვსი ველომრბოლის მონაწილეობით. მათ შორის, ყველაზე ცნობილი გახლდათ პოლონელი პრჟემისლავ ნიემეცი "ლამპრედან". ეს ჯგუფი დიდი ხანი აპირებდა ლიდერობას, მაგრამ გაქცეულებს ფინიშამდე 96 კილომეტრით ადრე დაეწია პელოტონი.
ქარი ეტაპის დროს ბევრ ველომრბოლს უშლიდა
ყველაზე მეტად არ გაუმართლა გენერალური კლასიფიკაციის მეორეადგილოსანს ალეხანდრო ვალვერდეს. მას საბურავი გაუსკდა და დრო დაკარგა. მართალია, ესპანელის დასახმარებლად მთელი გუნდი შეიკრიბა, მაგრამ წინ წასული პელოტონის დაწევა არ მოხერხდა.
ამის მიზეზია ჰოლანდიური გუნდი Belkin. ახლა, ეს საჯინიბო მოექცა პელოტონის თავში და მძლავრად ამუშავდა იმისთვის, რომ ვალვერდე ჩამოეშორებინა საბოლოო პოდიუმისთვის ბრძოლას. ბაუკე მოლემასა და ლორენს ტენ დამის გუნდმა ეს შეძლო - ვალვერდემ ფინიშზე დაახლოებით 10 წუთი წააგო და ამ ტურზე მას შანსი აღარ დარჩა.
მაგრამ ამით, აქტიური მოქმედებები წინ არ დასრულებულა. ფინიშამდე 31 კილომეტრით ადრე, მთელი გუნდით გადავიდა შეტევაზე ალბერტო კონტადორის Saxo-Tinkoff. ამ იერიშმა მთლიანად დაშალა პელოტონი. ამ ჯგუფთან კონტაქტი შეინარჩუნეს მხოლოდ მოლემამ და ტენ დამმა, კევენდიშმა ორი დამხმარეთი, პეტერ საგანმა და იაკობ ფუგლსანგმა.
ეს კარგად მომზადებული გაქცევა საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, რადგან კრისტოფერ ფრუმის "თიმ სქაიმ" დროულად ვერ შეძლო Saxo-Tinkoff-ის იერიშზე პასუხი. შედეგად, ფრუმმა წუთზე მეტი დაკარგა გენერალურ კლასიფიკაციაში.
ეტაპზე გამარჯვება კი მშვიდად მოიპოვა მარკ კევენდიშმა. ლიდერთა ჯგუფში მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა - პეტერ საგანი, მაგრამ ბრიტანელს არ გაჭირვებია ტურ დე ფრანსზე თავისი 25-ე ტრიუმფის მიღწევა.
სავარაუდოდ, პარიზამდე სპრინტერებს აღარ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება. დღეს ველომრბოლებს ელით საკმაოდ უსწორმასწორო რელიეფი, კვირას კი პელოტონს ლეგენდარულ მონ-ვენტზე მოუწევს ასვლა.
XIII ეტაპი
ტური- სენ ამან მონტრონი. 173 კმ.
1. მარკ კევენდიში (ბრიტ, Omega Pharma - Quick-Step) - 3:40.08; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - იგივე დრო; 3. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - იგივე დრო; 4. იაკობ ფუგსლანგი (დან, "ასტანა") - იგივე დრო; 5. ნიკი ტერპსტრა (ჰოლ, Omega Pharma-Quick Step) - იგივე დრო; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 51:00.30; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +2.28; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +2.45; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +2.48; 5. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +3.01; 6. იაკობ ფუგსლანგი (დან, "ასტანა") - +4.39...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის