გენერალური რეპეტიცია - რუსეთის ჩემპიონობა!

AutoSharing Option
16 იანვარს საქართველოს სატრეკო ველოსპორტის ლიდერი დავით ასკურავა მოსკოვიდან პეკინს მიემგზავრება მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის დედაქალაქში კი ჩვენს თანამემამულეს ის ესაქმებოდა, რომ უსერიოზულესი სტარტის წინ გენერალური რეპეტიცია გაევლო. მოსკოვის "კრილატსკოეზე" რუსი ველომრბოლებისთვის ჩინეთში გასამგზავრელად შესარჩევი ტურნირი იმართება. მათ რა უჭირთ, ჩვენგან განსხვავებით შესანიშნავი ტრეკი და პირობები აქვთ, ამიტომაც, მსგავს ტურნირებში უცხო ქვეყნებიდანაც იწვევენ სპორტსმენებს.

დავით ასკურავამ ზუსტად ამგვარ შეჯიბრებაზე შარშანაც იასპარეზა და მაშინაც პეკინის მსოფლიოს თასის ეტაპისთვის მოსამზადებლად. მის მიერ ნაჩვენები შედეგი მართლაც ბრწყინვალე იყო! ტურნირი ომნიუმში
გაიმართა და დათოს რომ მეწყვილე ჰყოლოდა, შედეგის მიუხედავად, VII-VIII ადგილებს დაიკავებდა. რადგან მარტო იყო, მან ე.წ. "იტალიანკა" გამოტოვა და, ბუნებრივია, ქულებიც არ დაერიცხა. ასე რომ, ჯამში იგი მე-11 ადგილს დასჯერდა.

მაგრამ მთავარი თითოეულ დისციპლინაში ნაჩვენები შედეგები იყო. შეჯიბრება 200 მეტრზე გაქანებით დაიწყო და ასკურავამ დისტანცია 10.637 წამში დაფარა. 500 მეტრზე ადგილიდან კი მან 33.315 წამი აჩვენა, ხოლო 500 მეტრზე გაქანებით - 28.631 წამი. სპრინტში დავით ასკურავამ ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო კეირინში იგი მე-13 იყო.

და აი, გუშინ დავით ასკურავამ რუსეთის ღია პირველობა მოიგო 250 მეტრზე გაქანებით, რაც უდიდესი მიღწევაა, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის სტარტებისთვის ჩვენი თანამემამულე, სავალალო მიზეზთა გამო, მხოლოდ გზატკეცილზე ემზადებოდა.

არც ჯგუფურ რბოლაში შეურცხვენია დავითს თავი, მან ამ დისციპლინაში მე-9 ადგილი დაიკავა.

დღეს იგი 500-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზებს.


დავით ჭელიძე




.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ 12ში დავითი რომელ ადგილზე გავიდა?
soso
16:58 13-01-2011
0

სიახლეები პოპულარული