პროფესიონალური რჩევები დამწყებ მორბენალს მაია აზარაშვილისგან

AutoSharing Option
2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება - საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

საქართველოში მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ, კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ
მანქანის" დაწევამდე. "მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - (ასაკი 18+).

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან "ლელო Week" და პალიტრაTV.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Lifeე და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას. მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

მონაწილეობის მსურველ დამწყებ მორბენლებს სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი პროფესიონალურ რჩევებს სთავაზობს.

"სირბილი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მასობრივ სპორტში, რადგან შეგიძლია დაიწყო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. - ამბობს ზარაშვილი. - მე გასწავლი, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა მორბენალმა.

სარბენი ფეხსაცმელი
სირბილში მთავარ როლს ასრულებს კარგად მორგებული სარბენი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერგამტარი, ძირის უკანა ნაწილი წინა ნაწილზე ოდნავ ამაღლებული. სწორი ზომის შერჩევისთვის სასურველია ფეხსაცმელი შეიძინო დღის ბოლოს, როცა ფეხები ოდნავ შეშუპებულია. ფეხსაცმელთან ერთად მნიშვნელოვანია ტანზე კარგად მორგებული სპორტული ტანსაცმელი ჰაერგამტარი ფაქტურით.

სავარჯიშო გეგმა
დამწყებმა მორბენალმა პირველ დღეს არ უნდა დაისახოს ზედმეტი მიზნები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იწყებენ ვარჯიშს სწრაფი სირბილით, ხშირ შემთხვევაში სირბილს თავს ანებებენ და მის მიმართ შიში უჩნდებათ. მაღალი ტემპით ვარჯიშის დაწყება ნაკლებად ეფექტურია. შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ტემპი, არამედ ინტენსიურობა. შედეგის მისაღებად კვირაში არანაკლებ 3 ჯერ 30 წთ სირბილი აუცილებელია, დროთა განმავლობაში მოუმატე დროსაც და ტემპსაც.

ტემპი ისეთი უნდა შეარჩიო, რომ დამთავრების შემდეგ საუბრის თავი გქონდეს და შინ ქანცგაწყვეტილი არ დაბრუნდე. თუ თავიდან 30 წთ სირბილი გაგიჭირდა, გადადი სწრაფ სიარულზე და ისევ სირბილზე, ოღონდ ნუ შეჩერდები, გაითვალისწინე აქ მთავარია ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. სირბილის დროს უნდა დაისახო სიამოვნების მინიჭება და არა ვალდებულება, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადავა სასიამოვნო ჩვევაში.

სირბილის ტექნიკა
სირბილის დროს ნაბიჯი უნდა იყოს ბუნებრივად ზომიერი, ნიადაგს ეხები ქუსლით და გადადიხარ ტერფის წინა ნაწილზე, რაც მსუბუქი ანარეკლით მთავრდება; ხელები ოდნავ მოხრილი, დაძაბვის გარეშე მოძრაობენ წინ და უკან, მხრები მოშვებული, წელში გამართული და თავი სწორედ, სუნთქვა კი თანაბარი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად სირბილი უნდა დავამთავროთ მსუბუქი გაწელვებით.

ეფექტი
გარდა გამძლეობის გაუმჯობესებისა, სირბილის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები, მხოლოდ აუცილებელია ვარჯიშთან ერთად შესაბამისი კვება. რაციონში ხორცი, ცხიმოვანი საკვები და ცომეული უნდა ჩაანაცვლო ბოსტნეულით, ფრინველის ხორცით და თევზით. დღეში 2-3 ლიტრი წყალი დააგირეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

რას იტყვი, ხომ ადვილია? გინდა იყო ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი? ირბინე! გინდა იყო ქველმოქმედი? ირბინე!"

ნათია ლეშკაშელი

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული