მასობრივი სპორტული ასპარეზობები გაიმართა იმ სახეობებში, რომლებიც თბილისი 2015-ის პროგრამითაა გათვალისწინებული. შეჯიბრებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებს შორის სპორტულ თემატიკაზე მოეწყო ლიტერატურული კონკურსი და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ლიტერატურული კონკურსიდან აღსანიშნავია მძლეოსან ნინი სირაძის ნამუშევარი, რომელიც მან სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ვიქტორ სანეევს მიუძღვნა.
ვიქტორ სანეევისა და ნინი სირაძის ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ აფხაზეთში
ოლიმპიურ ფესტივალს დაესწრო ქუთაისთან დაძმობილებული უელსის სიდიდით მესამე ქალაქის, ნიუპორტის დელეგაცია, ნიუპორტი-ქუთაისის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარის, დერეკ ბატლერის ხელმძღვანელობით.
სტუმრებმა რამდენიმე დღის წინ თავიანთ ქვეყანაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ცერემონიალში, რომელიც მათი ინიციატივით უელსის მონაკვეთზე ნიუპორტში, ქუთაისის ქუჩაზე მოეწყო.
სტუმრებმა ხაზი გაუსვეს სპორტის მასობრიობის მნიშვნელობას და ამ კუთხით იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
"ოლიმპიური ფესტივალი ერთგვარი დათვალიერება იყო იმ ახალგაზრდა სპორტსმენებისა, რომლებიც ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტულ სკოლებში ვარჯიშობენ.
ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, 2015 წელს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე იასპარეზებს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - აღნიშნა ოლიმპიური ფესტივალის თანაორგანიზატორმა დავით აბულაძემ.
ოლიმპიური ფესტივალის ყველა მონაწილე ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ - რევაზ რობაქიძემ, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ვიმპელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"