სოფელი ნიუ იორკის შტატში, რომელიც ადირონდაკის მთებში პლესიდის ტბის პირას არის განთავსებული. ის აგრეთვე ახლოსაა ტბა მირორ-ლეიკთან, რომლის გასწვრივ გადის ცენტრალური ქუჩა მეინ-სტრიტი. სოფლის საერთო ფართობია 3.9 კვადრატული კილომეტრი.
ლეიკ პლესიდმა ორჯერ უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს - 1932 და 1980 წლებში. დრო და დრო აქ იმართება მსოფლიოს თასის ეტაპები ბიატლონში. 1999 წლიდან ის არის ტრიატლონ Ironman-ის ჩატარების ერთ-ერთი ოფიციალური ადგილი. გარდა ამისა, ლეიკ პლესიდში იმართება საცხენოსნო შეჯიბრებები.
პირველად ოკეანის გაღმა
ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად ზამთრის თამაშების მასპინძლობის პატივი ნიუ იორკის
ამერიკელები ამ სპორტული ფორუმის ორგანიზებას ძალიან მონდომებით შეუდგნენ. 1928 წლის დასაწყისში, სპეციალისტთა ჯგუფმა შამონისა და სანკტ-პორტიცში იმოგზაურა, რის შემდეგაც, ჩატარდა სხვადასხვა ფაქტორის დეტალური ანალიზი: სპორტული ობიექტების მდგომარეობიდან დაწყებული, სპორტსმენების მომზადებით, საორგანიზაციო კომიტეტის სააგიტაციო მუშაობითა და ფინანსური საკითხებით დამთავრებული. გათვალისწინებული იყო უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა, სააგიტაციო სამუშაო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კლიმატური პირობები და ლანდშაფტის თავისებურებები.
მონაწილე ქვეყნები
ლეიკ-პლესიდში მხოლოდ 252-მა სპორტსმენმა (მათ შორს, 21 ქალი) მოახერხა ჩასვლა. ისინი 17 ქვეყანას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, შვეიცარია, აშშ) წარმოადგენდნენ. “დიდი დეპრესიის” პერიოდში ბევრი ევროპელი სპორტსმენისთვის ოკეანის გაღმა მოგზაურობა ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა. ამიტომაც, სპორტსმენთა რიცხვი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე შამონიში პირველ თამაშებზე. მონაწილეთა ნახევარს შეადგენდნენ აშშ-სა და კანადის წარმომადგენლები, ხოლო ზამთრის სახეობებში ჩვეულებრივ ძლიერ სკანდინავებს მოკრძალებული შემადგენლობა ჰყავდათ (ასე მაგალითად, შვედეთის დელეგაცია 12 კაცისგან შედგებოდა, ფინეთისა - შვიდისგან). შედეგად, სკელეტონი ამოიღეს თამაშების პროგრამიდან მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო, ჰოკეის ტურნირში კი მხოლოდ ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.
სულ გათამაშდა მედლების 14 კომპლექტი შვიდ სახეობაში. ძირითადი სახეობები იყო: ბობსლეი, ციგურებით სირბილი, სათხილამურო ორჭიდი, სათხილამურო რბოლა, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული სრიალი, ჰოკეი. სადემონსტრაციო სახეობებში შედიოდა: ძაღლის მარხილებით რბოლა და ქიორლინგი.
გახსნის ცერემონია
სპორტსმენთა აღლუმის შემდეგ, საზეიმო სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი და მომავალში აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლიკ დელანო რუზველტი, ხოლო, როცა ამერიკელმა მოციგურავემ ჯონ შიმ ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა, თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
ციგურებით სირბილი
ამერიკელებმა მონაწილეებს სიახლე შესთავაზეს - საერთო სტარტი, რასაც სკანდინავები შეეწინააღმდეგენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. კიდევ ერთი სიუპრიზი ის იყო, რომ დროს არა მსაჯები, არამედ... ჟურნალისტები ინიშნავდნენ. თანაც, ფიქსირდებოდა მხოლოდ გამარჯვებულის დრო, დანარჩენ ადგილებს თვალით აფიქსირებდნენ. სპორტსმენებს წილისყრით ანაწილებდნენ გარბენებში და საუკეთესოები ფინალში გადიოდნენ.
ოთხივე დისციპლინაში ამერიკელებმა გაიმარჯვეს. ჯონ ში საუკეთესო იყო სპრინტში (500 და 1500 მეტრი), ირვინგ ჯეფრიმ კი მოიგო 5 და 10 კილომეტრი. სანკტ-მორიტცში სამი მედლის მფლობელი, ნორვეგიელი ბერნტ ევენსენი მეორე იყო 500 მეტრზე, მისმა თანამემამულემ ივარ ბალანგრუდმა წინა ოლიმპიადის ორ მედალს ვერცხლი დაუმატა 10 ათას მეტრზე. სკანდინავები საერთოდ ვერ გავიდნენ 1500 მეტრის ფინალში, 5 ათასზე კი მხოლოდ მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.
იმის გამო, რომ ლეიკ-პლესიდში სპორტსმენები საერთო სტარტს იღებდნენ, პროტესტის ნიშნად უარი თქვა მონაწილეობაზე დიადმა ფინელმა კლას ტუნბერგმა (შვიდი მედალი, მათ შორის, ხუთი ოქრო წინა ორ ოლიმპიადაზე). სხვათა შორის, ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლეიკ-პლესიდში მსოფლიოს ჩემპიონატი კლასიკური წესებით ჩატარდა და ამერიკელებმა მხოლოდ სამჯერ შეაღწიეს საპრიზო სამეულში - ერთი მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.
საინტერესოა, რომ პირველად ციგურებით სირბილში ქალებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი გამოსვლა საჩვენებელი იყო. ისინი მამაკაცებთან ერთად გარბოდნენ.
ფიგურული სრიალი
ნორვეგიელმა სონია ჰენიმ გაიმეორა ოთხი წლის წინანდელი შედეგი და მეორე ოქრო მოიპოვა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და დეპრესიით გაწამებული ამერიკელები სიამოვნებით იხდიდნენ ბილეთებში 50 დოლარს მინიატურული (159 სმ, 49 კგ) ნორვეგიელის გამოსვლისა და მომხიბვლელი ღიმილის სანახავად.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ავსტრიელი ფრიცი ბიურგერი, რომელიც 1928 და 1932 წლების ოლიმპიადებზე ვერცხლის მედალის მფლობელი ხდებოდა. ის 1930 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რადგან იქ ჰენი არ გამოდიოდა, მას შემდეგ კი ყველა დიდ ტურნირზე აგებდა ლეგენდარულ ნორვეგიელთან.
ანდრე და პიერ ბრინეს ფრანგულმა სპორტულმა წყვილმა ზედიზედ მეორე ოქრო მოიგო ოლიმპიადებზე.
სერიოზული ბრძოლა გაიმართა მამაკაცების ტურნირში. შვედმა გილის გრაფსტრიომმა ზედიზედ მეოთხე ოქროს მოგების შანსი გაუშვა ხელიდან. თავისუფალი პროგრამის შემდეგ ის უსწრებდა მთავარ კონკურენტს, ავსტრიელ კარლ შეფერს. მუხლის ქრონიკულმა ტრავმამ არ მისცა გრაფსტრიომს აუცილებელ ციგურაობაში წარმატების მიღწევის საშუალება, თან შეფერიც ბრწყინვალედ გამოვიდა.
შეფერი უნიჭიერესი მოციგურავე იყო. ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, იყო მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის რვაგზის ჩემპიონი. ის პირველია ისტორიაში, ვინც ორმაგი რიტბერგერი შეასრულა. ის მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო: ძალიან კარგად უკრავდა ვიოლინოზე, იყო ავსტრიის ჩემპიონი ცურვაში. კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელად მუშაობდა ამერიკასა და ავსტრიაში. 1991 წლიდან, ვენაში ყოველწლიურად იმართება მისი სახელობის ტურნირი - “კარლ შეფერის მემორიალი”.
ჰოკეი
ოთხმა გუნდმა ორწრიან ტურნირში გამოავლინა გამარჯვებული. კვლავაც არავის დაუთმო პირველობა კანადის ნაკრებმა, რომელიც “ვინიპეგ მონარქსის” გუნდით იყო წარმოდგენილი. კანადელებს მხოლოდ აშშ-სთან გაუჭირდათ: ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა (სამი უშედეგო დამატებითი დროის შემდეგ, თამაში აღარ გააგრძელეს), მეორეში კი ოვერტაიმის მერვე წუთზე მოიგეს. სამაგიეროდ, იოლად დაამარცხეს სხვა კონკურენტები: გერმანია (4:1, 5:0) და პოლონეთი (9:0, 10:0).
ტურნირის 12-ივე მატჩს მსაჯების ერთი წყვილი ემსახურებოდა - კანადელი და ამერიკელი. ერთხელ, ეს უკანასკნელი ამერიკელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან გააძევეს, რადგან აშშ-სა და გერმანიის მატჩში ის აშკარად ევროპელების სასარგებლოდ მსაჯობდა.
სხვა სახეობები
პირველად პროგრამაში შეიტანეს ბობსლეიში ორადგილიანი ბობებით შეჯიბრება, რომელშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს. ასევე ამერიკამ მოიგო ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობა. ეკიპაჟში იყვნენ უილიამ ფისკი და კლიფორდ გრეი, რომლებმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, ხოლო ამავე ოთხეულის წევრი ედი იგენი პირველი იყო ისტორიაში, ვინც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ოლიმპიადაზე: 1920 წელს, ანტვერპენში მან კრივში მოიგო ნახევრადმძიმე წონითი კატეგორია.
სათხილამურო რბოლები და ორჭიდი მძიმე პირობებში მიმდინარეობდა: თბილმა და წვიმიანმა ამინდებმა ტრასები სერიოზულად დააზარალა. 12-ივე მედალი ნორვეგიელმა, შვედმა და ფინელმა ოლიმპიელებმა მოიპოვეს. მესამე ოლიმპიადაზე გამოდიოდა ნორვეგიელი იოჰან გროტუმსბროტენი, რომელმაც წინა თამაშებზე მოპოვებულ ხუთ მედალი სათხილამურო ორჭიდის ოქრო დაუმატა.
მედლების ჩათვლა
იმის გამო, რომ ოლიმპიადის მონაწილეთა ნახევარი ამერიკელები და კანადელები იყვნენ, ამან დიდად განაპირობა აშშ-ის გამარჯვება მედლების ჩათვლაში. მასპინძლებმა 12 მედალი აიღეს: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. კანადა მესამე იყო თითო ოქროთი და ვერცხლით და ხუთი ბრინჯაოთი.
დახურვის ცერემონია
კანადისა და აშშ-ის ჰოკეის მატჩის შემდეგ, 6 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა პრიზიორების დაჯილდოვებისა და ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ცუდი ამინდის გამო, იმ დროისთვის ჯერ არ იყო დასრულებული ბობსლეისტთა გამოსვლა (ისინი მოგვიანებით დააჯილდოვეს). ამერიკელებს კრეატიულობა არც ამჯერად დაეწუნებოდათ: თითოეულ სახეობაში ჩემპიონის დაჯილდოვებას მოჰყვებოდა გამარჯვებული სპორტსმენის ქვეყნის ჰიმნის აჟღერება. სწორედ ამ მომენტიდან ჩაეყარა საფუძველი ამ შესანიშნავ ტრადიციას.
ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გრაფმა ანრი დე ბაიე-ლატურმა.
ბობსლეი
ორადგილიანი, მამაკაცები. 1. აშშ (კერტის სტივენსი, ჰუბერტ სტივენსი) - 8.14,74; 2. შვეიცარია (ოსკარ გაიერი, რეტო კაპადრუტი) - 8.16,28; 3. აშშ (ჯონ ჰიტონი, რობერტ მინტონი) - 8.29,15...
ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. აშშ (კლიფორდ გრეი, ჯეი ო’ბრაიენი, უილიამ ფისკი, ედი იგანი) - 7.53, 68; 2. აშშ (პერსი ბრაიანტი, პოლ სტივენსი, ჰენრი ჰომბურგერი, ედმუნდ ჰორტონი) - 7:55.70; 3. გერმანია (ჰანს მელჰორნი, მაქს ლუდვიგი, ჰანს კილიანი, სებასტიან ჰუბერი) - 8:00.04...
ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. ჯონ ში (აშშ) - 43,4; 2. . ბერნტ ევენსენი (ნორვეგია)- 5 მეტრით უკან; 3. ალექსანდრ ჰარდი (კანადა)...
1 500 მ. მამაკაცები. 1. ჯონ ში (აშშ) - 2.57,5; 2. ალექსანდრ ჰარდი (კანადა) - 4 მეტრით უკან; 3. უილიამ ლოგანი (კანადა)...
5 000 მ. მამაკაცები. 1. ირვინგ ჯეფრი (აშშ),8; 2. ედუარდ მერფი (აშშ); 3. უილიამ ლოგანი (კანადა)...
10 000 მ. მამაკაცები. 1. ირვინგ ჯეფრი (აშშ) - 9.40,8; 2. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია) - 5 მეტრით უკან; 3. ფრენკ სტეკი (კანადა)...
სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია) - 446.0; 2. ოლე სტენი (ნორვეგია) - 436.05; 3. ჰანს ვინიარენსენი (ნორვეგია) - 434.6...
თხილამურებით სირბილი
18 კმ. მამაკაცები. 1. სვენ უტერსტრიომი (შვედეთი) - 1:23:07.0; 2. აქსელ ვიქსტრიომი (შვედეთი) - 1:25:07.0; 3. ველი საარინენი (ფინეთი) - 1:25:24.0...
50 კმ. მამაკაცები. 1. ველი საარინენი (ფინეთი) - 4:28:00; 2. ვაინო ლიკანენი (ფინეთი) - 4:28:20; 3. არნე რუსტადსტუენი (ნორვეგია ) - 4:31:53...
ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ბირგერ რუუდი (ნორვეგია) - 228.1; 2. ჰანს ბეკი (ნორვეგია) - 227.0; 3. კალე ვალბერგი (ნორვეგია) - 219.5...
ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. კარლ შეფერი (ავსტრია) - 9; 2. გილის გრაფსტრიომი (შვედეთი) - 13; 3. მონტგომერი უილსონი (კანადა) - 24...
ქალები. 1. სონია ჰენი (ნორვეგია) - 7; 2. ფრიცი ბიურგერი (ავსტრია) - 18; 3. მარიბელ უინსონი (აშშ) - 23...
სპორტული წყვილები. 1. ანდრე ბრიუნე/პიერ ბრიუნე (საფრანგეთი) - 12; 2. ბეატრის ლოგრანი/შერვი ბადგერი (აშშ) - 16; 3. ემილია როტერი/ლასლო შოლასი (უნგრეთი) - 20...
ჰოკეი
მამაკაცები. 1. კანადა (უილიამ კოკბერნი, სტენლი უოგნერი, როი ჰინკელი, ჰაგ სატერლენდი, რომეო რივერსი, ჰეროლდ სიმპსონი, ნორმან მელოი, ვიქტორ ლინდკვისტი, ელისტონ უაისი, ჯორჯ გერბატი, ელბერტ დანკესონი, კენეტ მური, კლიფორდ კრაული); 2. აშშ (ფრენკლინ ფერელი, ედვარდ ფრეზერი, ჯონ გარისონი, ოსბორნ ანდერსონი, უინტროპ პალმერი, ჯონ ჩეიზი, ჯონ ბენტი, დუგლას ევერეტი, ჯონ კუკმენი, ფრენსის ნელსონი, გორდონ სმიტი, ჯოზეფ ფიცჯერალდი, რობერტ ლივინგსტონი, ჯერარდ ჰელოკი); 3. გერმანია (ვალტერ ლიაინვებერი, ალფრედ ჰაინრიხი, ერიხ რემერი, რუდოლფ ბალი, გუსტავ იანეკე, გეორგ შტრობლი, ვერნერ კორფი, მარტინ შრეტლე, მარკვარტ შლეფოგტი, ერიხ ჰერკერი)...
ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. აშშ 6 4 2 12
2. ნორვეგია 3 4 3 10
3. შვედეთი 1 2 0 3
4. კანადა 1 1 5 7
5. ფინეთი 1 1 1 3
6. ავსტრია 1 1 0 2
7. საფრანგეთი 1 0 0 1
8. შვეიცარია 0 1 0 1
9. გერმანია 0 0 2 2
10. უნგრეთი 0 0 1 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: II ოლიმპიური თამაშები