ოლიმპიზმი. სოჭი 2014: ამჯერად, გერმანია

AutoSharing Option
გავიდა კიდევ ერთი კვირა, გაიმართა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპები სპორტის ზამთრის სახეობებში და კვლავ შეჯამდა ყველა შედეგი, რითაც მივიღეთ მედლების საშუალედო ცხრილი. ის გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სოჭში მომავალ ბატალიებსა და ქვეყნებს შორის სავარაუდო ფავორიტებზე.

1. გერმანია (10 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)
საციგაო სპორტში ბუნდესათლეტებმა ოთხი შესაძლებლიდან ოთხი ოქრო მოიპოვეს. ასევე, ციგაობამ გერმანიას ვერცხლი და ბრინჯაო მოუტანა. ძალიან კარგად გამოვიდა სამთო მოთხილამურე მარია რიში კანადაში მსოფლიოს თასის ეტაპზე - მან დუბლი შეასრულა სწრაფდაშვებაში. ტრამპლინიდან მხტომელებმა თავიანთ ნაკრებს ერთბაშად ოთხი მედალი
მოუტანეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ოქროსი იყო. სნოუბორდ-კროსის გუნდურ ასპარეზობაში გაიბრწყინეს პაულ ბერგმა და კონსტანტინ შადმა - გერმანულმა წყვილმა მოიგო ეტაპი ავსტრიაში და ეს იყო გერმანიისთვის პირველი მოგება ისტორიაში სპორტის ამ სახეობაში. სწორედ ამ ოქროს წყალობით გაუსწრო ბუნდესტიმმა აშშ-ს გასულ კვირას.

2. აშშ (9 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)
ამერიკელებმა მთლიანად გაიმეორეს გერმანელი მოციგავეების მიღწევა, ოღონდ, ბობსლეიში. მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი სწორედ ამერიკაში - პარკ-სიტიში იმართებოდა და ტრასის მასპინძლებმა არ დააღალატეს გულშემატკივრები და ყველა სტარტი მოიგეს. ისევ შეუდარებელი იყო სტივენ ჰოლკომბი, რომელმაც ორი ოქრო მოიგო. ასევე ყველაზე კარგად დაეშვა ტრასაზე ამერიკელი სკელეტონისტი ნოელ პაიკუს-პეისი. ბევრი მედალი იყო საციგურაო სპორტში - ხუთი.

3. ნორვეგია (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)
გასულ კვირას ყველაზე მეტი მესამე ადგილი ჰქონდა ნორვეგიას. ბიატლონში მორიგი ეტაპი ჰოჰფილცენში გაიმართა და ვეტერანმა ოლე-ეინარ ბიორნდალენმა ბრინჯაო დაიმსახურა სპრინტში. საერთოდ კი, ნორვეგიელმა ბიატლონისტებმა ავსტრიაში სამი ოქრო მოიპოვეს და არც ერთი არ ყოფილა ტურა ბერგერის ანგარიშზე. კარგად გამოიყურებოდნენ ნორვეგიელი მოთხილამურეები, მით უმეტეს, რომ თხილამურებით რბოლაში ეტაპი მათ მშობლიურ ლილეჰამერში მიმდინარეობდა. საშინაო ეტაპის მონაგარი იყო - ექვსი მედალი, აქედან ორი უმაღლესი სინჯის. საერთოდაც, გასულ კვირას თითქმის ყველა სახეობაში პოდიუმზე ნორვეგიელი ათლეტები ვიხილეთ.

4. ჰოლანდია (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზამთრის სახეობებში ჰოლანდიას მხოლოდ ციგურებით სირბილი აინტერესებს. ცხრავე მედალი ამ ქვეყანამ ბერლინში გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვა. ჰოლანდიელმა მორბენალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფავორიტის სტატუსი ოლიმპიური პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე უხვმედლიან სახეობაში.

5. იაპონია (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)
იაპონელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ფიგურულ სრიალში - ამ სეზონის გრანპრის ფინალში მათ ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ფუკუოკაში ინდივიდუალურ სახეობებში გაიმარჯვეს იუძურუ ჰანიუმ და მაო ასადამ.

სხვები
- რუსეთი მეშვიდე პოზიციაზე დარჩა. ამ გუნდის სამი ოქრო ოლგა ფატკულინას, მამაკაცთა სათხილამურო ნაკრებისა და სკელეტონისტ ალექსანდ ტრეტიაკოვის დამსახურებაა.

- იუსტინა კოვალჩიკმა ჩვეულ სტილში მოიგო ლილეჰამერში ერთ-ერთი რბოლა. მას სტაბილურად მოაქვს ქულები პოლონეთის ნაკრებისთვის.

- შეუჩერებელია ბიატლონში მარტენ ფურკადი, რომელმაც საფრანგეთს ორი მედალი მოუტანა, მათ შორის, ერთი ოქროსი. წარმატებით გამოვიდა საფრანგეთი სკი-კროსში (ოქრო და ბრინჯაო), აგრეთვე სათხილამურო ორჭიდში, სადაც ჯეისონ ლამი-შაპუიმ ნორვეგიელებს გაუსწრო.

- შვეიცარიელებმა და ავსტრიელებმა თითქმის ყველა მედალი სამთო დისციპლინებში მოიპოვეს. გაგვაკვირვა მხოლოდ სელინა გასპარინმა, რომელმაც სენსაციურად მოიგო ბიატლონის სპრინტი ჰოჰფილცენში.

ო ვ ბ ს
1. გერმანია 10 6 3 19
2. აშშ 9 5 7 21
3. ნორვეგია 6 4 8 18
4. ჰოლანდია 4 3 2 9
5. იაპონია 4 2 4 10
6. შვეიცარია 3 3 0 6
7. რუსეთი 3 2 5 10
8. საფრანგეთი 3 1 4 8
9. ავსტრია 2 3 7 12
10. ს. კორეა 2 1 2 5
11. ჩეხეთი 2 1 0 3
12. კანადა 1 7 3 11
13. პოლონეთი 1 3 2 6
14. იტალია 1 1 4 6
15. უკრაინა 1 1 0 2
16. შვედეთი 0 2 0 2
17. ჩინეთი 0 1 1 2
18. ბრიტანეთი 0 1 0 1
18. ლატვია 0 1 0 1
18. ყაზახეთი 0 1 0 1
18. ფინეთი 0 1 0 1
18. ლიხტენშტაინი 0 1 0 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული