სოჭი 2014: აქ ყველაფერი საშიშია, წყალიც კი [VIDEO]

AutoSharing Option
უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც სოჭში ოლიმპიადის გასაშუქებლად ჩავიდნენ, სოციალური ქსელების მეშვეობით გვიზიარებენ პირველ შთაბეჭდილებებს ქალაქის, სასტუმროებისა და საკუთარი საცხოვრებლის შესახებ...

როგორც ირკვევა, სპორტსმენები შესანიშნავ პირობებში ყოფილან, პრესის წარმომადგენლები კი, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ კომფორტსა და მყუდროებას მოკლებულნი არიან. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სასტუმროების უმრავლესობა ნაჩქარევად არის აშენებული და გარემონტებული. ცხრა შენობიდან სამი დაუმთავრებელია.

National Post-ის ჟურნალისტმა ბრიუს არტურმა დაწერა, რომ თითქმის ყველა ნომერში რაღაც აკლია: ნათურა, ტელევიზორი, სკამები, ფარდები, Wi-Fi, გათბობა, ცხელი წყალი...

"როგორც ჩანს, ამ ქალაქში საშხაპის ფარდები მხოლოდ შავ ბაზარზე იშოვება",
- დაწერა არტურმა.

ერთ-ერთ სასტუმროში ლიფტია მწყობრიდან გამოსული, კიბის უჯრედები კი საერთოდ არ ნათდება. მეორე სასტუმროს ეზოში, პალმის ძირში ცემენტის ტომარა დარჩენიათ. ზოგიერთ ოთახში დენის ჩამრთველისგან პლასტმასის ნატეხებია დარჩენილი.

Sports Illustrated-ის ჟურნალისტს, ბრიან კაზანიევს დილით საკუთარი ნომრის ფანჯრიდან გადაძრომა მოუწია, რადგან ყველა კარი მოულოდნელად დაიბლოკა.

კრის სტივენსონმა Ottawa Sun-დან დაიჩივლა, რომ სოჭში პირველი დღე შუქის გარეშე გაატარა.

იხილეთ ვიდეო
პუტინის პორტრეტი სასტუმროს ნომერში და "ინსტრუქცია" ტუალეტში - რა ხდება სოჭში
Sportall.Ge

გერმანელი ფოტოგრაფი იორგ რაიტერი ორი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ნორმალური ცხოვრებისთვის გამოსადეგი სასტუმროს პოვნას.

"მიჩვენებდნენ ნომრებს, სადაც არ იყო შუქი, ონკანიდან ყვითელი წყალი მოედინებოდა, კონდიციონერები და ტელევიზორები არ მუშაობდა. გარდა ამისა, ყველა ოთახი ძალიან ჭუჭყიანი იყო, იატაკზე მტვრის სქელი ფენა იდო. რამდენიმე ოთახში დაუმთავრებელი იყო სამშენებლო სამუშაოები. როცა ერთ-ერთ ნომერში შევედი, იქ ძაღლი დამხვდა", - დაწერა რაიტერმა.

რაიან სტანზელი (Yahoo): "ვულოცავ დეივ შვარცს, რომელიც ყოველმხრივ გამზადებულ ნომერში შესახლდა. წარმოგიდგენიათ, მისი ოთახის კარს სახელური არ ძვრება".

სტეისი სენტ-კლეირი (Chicago Tribune): "ჩემს ნომერში არ არის წყალი. სასტუმროს ადმინისტრაციამ მითხრა, რომ წყლის წამოსვლის შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა, თუ არ დავიბანდი, რადგან წყალი, შესაძლოა, რაიმე სახიფათოს შეიცავდეს...

...წყალი მოვიდა. ახლა მესმის, რატომ შეიძლება, ის სახიფათო იყოს".

შონ უოკერი (Moscow Correspondent of the Guardian): "წავედი წყლის შესაძენად და ბოლო მომენტში მივხვდი, რომ ეს იყო ჯინი პლასტიკურ ბოთლში. შემდეგ სამფეხა ძაღლი ამეკიდა.

ლიფტი მუშაობის დაწყებიდან ნახევარ დღეში გამოვიდა მწყობრიდან. კიბით ავედი. კარი ჩემს სართულზე დაკეტილი დამხვდა".

ჯო-ენ ბარნასი (Washington Post): "ყურადღებით იყურეთ ქვემოთ. ტროტუარებზე ბევრი საკანალიზაციო ჭა დახურული არ არის".

CNN-ის ჟურნალისტმა ჰარი რიკიმ აღნიშნა, რომ 11 ნომრიდან, რომელიც ხუთი თვით ადრე დაჯავშნეს, მის კოლეგებს მხოლოდ ერთი დაახვედრეს და მისთვის ლოდინიც მთელი დღე დასჭირდათ.

საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სოჭი არ ჰგავს იმ ქალაქს, რომლის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 51 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათმა ის უნდა ნახონო საქარტველოში რა პირობებში სხოვრობს ხალხი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული