სოჭი 2014: სამთო თხილამურები - სენსაცია და ახალი ვარსკვლავის დაბადება

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრები სოჭის ოლიმპიადაზე შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა, რადგან ზედ თამაშების წინ, ხერხემლის დასანანი ტრავმა მიიღო ჰანეს რაიხელტმა. მიუხედავად ამისა, ავსტრიამ სამთო თხილამურების პირველივე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქვეყნის ღირსება დაიცვა 23 წლის მატიას მაიერმა, რომელიც მსოფლიოს თასზე ამ სახეობაში მხოლოდ მე-11 ადგილს იკავებს. ბევრისთვის მაიერის გამარჯვება სენსაციური იყო, მაგრამ თუ სოჭის ოლიმპიური ტრასაზე ვარჯიშების შედეგების დინამიკას განვიხილავთ, შეიძლება იმის თქმა, რომ მაიერი ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ.

ბოლო ვარჯიში მატიასმა მოიგო 2 წუთითა და 6.51 წამით, გუშინდელ ოფიციალურ სტარტზე კი თავის შედეგს
თითქმის სამი მეათედი წამი ჩამოაკლო. ავსტრიელის შემდეგ გამოდიოდნენ მთავარი ფავორიტები. ბოდე მილერმა შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველი სეგმენტის შემდეგ, თითქმის ნახევარ წამს უგებდა ავსტრიელს.

მაგრამ ტრასის დარჩენილ ნაწილზე ზედმეტმა რისკმა, რაც დამახასიათებელია ვეტერანი ამერიკელისთვის, არ გაამართლა - ბოდემ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, დრო და ტემპი დაკარგა და საპრიზო სამეულშიც ვერ მოხვდა.

ახლოს იყო ახალგაზრდა ავსტრიელის შედეგის გაუმჯობესებასთან კრისტოფ ინერჰოფერი. მანაც საუკეთესო დრო აჩვენა პირველ სეგმენტზე და მილერის მსგავსად, ბოლოს გაფლანგა ეს უპირატესობა, თუმცა მაიერთან 6 მეასედი ჩამორჩენამ მას ვერცხლის მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედალი ერგო ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს - ის მხოლოდ ერთი მეათედით ნელი იყო გამარჯვებულზე.

ვერ მოერგო სოჭის ოლიმპიურ ტრასას მსოფლიოს თასის ლიდერი აქსელ ლუნდ სვინდალი. ნორვეგელს თითქოს უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ერთი ნაბიჯი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.

თუ საბოლოო შედეგებს შევაჯამებთ, მაიერმა, რომლის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს თასის სწრაფდაშვებებში მეხუთე ადგილი იყო, მართლაც ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, მისი სახით სამთო თხილამურებმა ახალი ვარსკვლავი შეიძინა.

მატიას მაიერი
დაიბადა: 9 ივნისი, 1990
სიმაღლე: 1.79 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, სწრაფდაშვება
სხვა ტიტულები
მსოფლიოს თასის ეტაპების ორგზის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული