სოჭი 2014: ბიატლონი - გამოდევნება ფრანგულად

AutoSharing Option
ბიატლონის მოყვარულები დიდი ინტერესით ელოდნენ მამაკაცებს შორის გამოდევნებით რბოლას. ორი დღით ადრე გამართულ სპრინტში ისეთი მცირე სხვაობები დაფიქსირდა, რომ პირველობაზე ფიქრი ბევრ ბიატლონისტს შეეძლო. მაგალითად - რუს ანტონ შიპულინს, რომელსაც სპრინტში ერთი ზუსტი გასროლა დააკლდა მედლამდე. ასევე საინტერესო იყო - შეძლებდა თუ არა სოჭში მეორე მედლის მოგებას ლეგენდარული ოლე-ეინარ ბიორნდალენი.

ის პირველი მიდიოდა დისტანციაზე და ეს მას გარკვეულ უპირატესობას აძლევდა. და, რა თქმა უნდა, არავის დავიწყებია ფრანგი მარტინ ფურკადი, რომელიც სოჭში ყველა დისციპლინაში ოქროს მოპოვებას აპირებდა, მაგრამ ჩაგდებული სპრინტის გამო
ჩამორჩა დაგეგმილ გრაფიკს.

საერთო ჯამში, რბოლამ გაამართლა იმედები. ჩვენ ვიხილეთ კლასიკური გამოდევნება: ლიდერების ცვლილებით, აცდენილი სროლებით, რამდენიმე მონაწილის ერთდროული სროლით... სტარტიდანვე გამოიკვეთა ფავორიტთა ჯგუფი: ფურკადმა სამეულში შეიკედლა შიპულინი და ჟან-ფილიპ ლეგელეკი.

ეს კანადელი რბოლის მთავარი სენსაცია შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან მეორე სასროლეთის შემდეგ ლიდერი გახდა, მაგრამ ლეგელეკის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: ერთ-ერთ საშიშ დაღმართზე დაეცა, თხილამური გაუტყდა და თუნდაც ათეულში მოხვედრის შანსი დაკარგა.

ძალთა გადანაწილების მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მესამე სასროლეთზე მისვლას. სწორედ ამ დროს ფურკადმა თანდათან მოიპოვა ინიციატივა. მისმა კონკურენტებმა სინქრონულად ააცილეს სროლები და ფრანგის ერთადერთ კონკურენტად ავსტრიელი ლანდერტინგენი დარჩა. ის ოდნავ ჩამორჩებოდა ფავორიტს.

თითქოს, მედლებისთვის ბრძოლა დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, საბოლოოდ, ბრძოლა მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის შედგა. ფრანგი მეოთხე სასროლეთზე ბრწყინვალე იყო, ლანდერტინგენმა კი პირველივე სროლა ააცილა და ფურკადმა უკვე ამ დროს დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა.

ისევ გაიხარეს ჩეხმა გულშემატკივრებმა. ონდრჟეი მორავეცი მუდმივად ლიდერებთან ახლოს იყო და გამოდევნების კანონების თანახმად, წინა პლანზე მაშინ გამოვიდა, როცა ამას სიტუაცია ითხოვდა. ჩეხმა ზუსტად ისროლა მეოთხე ჯერზე და ფინიშზე ვერცხლისთვის გაემართა. მას დაახლოებით 10-წამიანი უპირატესობა ჰქონდა ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლ ბიატლონისტების ჯგუფთან.

მესამე ადგილისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ჟან-გიიომ ბეატრიქსი, რომელიც ასევე მოულოდნელად დაწინაურდა. მისთვის ბრინჯაოს წართმევა სცადეს ბიორნდალენმა, ედერმა და უსტიუგოვმა. რუსი ყველა აღმართზე აქტიურად უტევდა, მაგრამ ფრანგს ვერ დაეწია და ბიორნდალენიც გაექცა.

საბოლოოდ, მორავეცმა და ბეატრიქსმა საკუთარი პოზიციები შეინარჩუნეს და კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლები მოიპოვეს. საფრანგეთის ნაკრებმა 9 თებერვალს ორი მედალი მიიღო და ფურკადმა კინაღამ უკუღმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი ბეატრიქსისთვის წარმატების მისალოცად. აღვნიშნოთ ისიც, რომ ზედიზედ მეორე რბოლა ჩააგდო ნორვეგიელმა ფავორიტმა ემილ ჰეგლე სვენდსენმა. ის ამჯერად მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

მარტინ ფურკადი
დაიბადა: 14 სექტემბერი, 1988
სიმაღლე: 1.83 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გამოდევნება
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, მას-სტარტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, 6-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2012); 24 მოგება და 50 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული