სოჭი 2014: თხილამურებით რბოლა. სპრინტი - გადაჩეხილების ფინალი

AutoSharing Option
მამაკაცთა ინდივიდუალურ სპრინტში გაცილებით დრამატულად განვითარდა მოვლენები. აქაც ფართო იყო ფავორიტთა წრე. სკიატლონში განცდილი ფიასკოს მიუხედავად, არ შეიძლებოდა სახელგანთქმული ნორვეგიელის, პეტერ ნორტუგის ჩამოწერა. აქვე იყო სოჭში სკიატლონის ჩემპიონი დარიო კოლონია. დიდი იმედები ჰქონდათ რუსებს: მათ სამი კარგი მოთხილამურე უნდა გაეყვანათ ტრასაზე, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ნიკიტა კრიუკოვი.

ფინალში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა, რისი მიზეზიც ზემოთ ხსენებული დრამატული მოვლენები იყო. ფაქტობრივად, მედლების განაწილება მოხდა იმ სახიფათო მოსახვევში, რომელიც ბევრი მოთხილამურისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

ფინალურ გარბენს სათავეში ჩაუდგნენ ოლა
ვიგენ ჰატესტადი და ტეოდორ პეტერსონი. სხვა ფავორიტებიც ახლოს იყვნენ, გარდა ემილ იონსონისა, რომელსაც სტარტიდანვე პრობლემები შეექმნა და მშვიდად მოჩანჩალებდა უკან. ჰატესტადმა და პეტერსონმა ტექნიკურად გაიარეს სახიფათო ვირაჟი, მათ უკან მყოფმა ანდერს გლოერესენმა და მარკუს ჰელნერმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და სინქრონულად დაეცნენ ტრასაზე. რუსების მთავარი იმედი სერგეი უსტიუგოვი კი ერთ-ერთ წაქცეულ სკანდინავიელს წამოედო და ისიც თოვლში აღმოჩნდა, თან ჯოხიც გაუტყდა და ასეთ სიტუაციაში, მედალზე ფიქრი არ შეიძლებოდა.

ამ სიტუაციით კარგად ისარგებლა ემილ იონსონმა, რომელსაც შეწყვეტილი ჰქონდა ბრძოლა. მან მიიღო ბედის ეს საჩუქარი და ფინიშზე მაქსიმალურად მოინდომა, რამაც შვედს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. თუმცა ეს წარმატება იონსონს კინაღამ ძვირად დაუჯდა, რადგან ფინიშის შემდეგ გონება დაკარგა და ექიმებს მისი მოსულიერება დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ ეტაპებზე წაქცევის გამო ვეღარ იბრძოლეს მედლებისთვის რუსმა ანტონ გაფაროვმა და დარიო კოლონიამ. ჩააგდო ნახევარფინალი პეტერ ნორტუგმა, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა სოჭის ოლიმპიადას. ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა სპრინტში მსოფლიოს თასის ლიდერ იოზეფ ვენცლს.

ოლა ვიგენ ჰატესტადი
დაიბადა: 19 აპრილი, 1982
სიმაღლე: 1.86 მ
წონა: 85 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2009), ვერცხლისმედალოსანი (2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული