სოჭი 2014: სამთო თხილამურები - ერთი სტარტი, ორი ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის მორიგ დღეს მედლების პირველი კომპლექტი ქალებმა გაითამაშეს - ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინა სწრაფდაშვებაში. მანამდე, ქალმა მოთხილამურეებმა სუპერკომბინაციაში გაარკვიეს გამარჯვებული და მაშინ სწრაფდაშვებაში საუკეთესო დრო ამერიკელმა ჯულია მანკუზომ აჩვენა.

შესაბამისად, გუშინ მას მთავარ ფავორიტად ასახელებდნენ, თუმცა მაღალი შანსები გააჩნდათ შვეიცარიელ ლარა გუტს, სლოვენიელ ტინა მაზეს, ავსტრიელ ანა ფენინგერსა და გერმანელ მარია ჰიოფლ-რიშს. კომბინაციის სწრაფდაშვებაში სწორედ მათ შეავსეს პირველი ხუთეული. ასევე ბრძოლა უნდა გაემართა ფავორიტებისთვის ლიხტენშტაინის წარმომადგენელ ტინა ვაირატერს, რომელმაც გამოტოვა სუპერკომბინაცია.

სწრაფდაშვების სტარტი თავიდანვე დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. სიის პირველმა ნომერმა, შვეიცარიელმა
ფაბიენ სუტერმა წარმატებით გაიარა დისტანცია და დიდი ხანი ინარჩუნებდა პირველობას. მისი შევიწროება შეძლო თანამემამულე დომინიკ გიზინმა. მან ძალიან სწრაფად გაიარა დისტანციის ყველაზე მომთხოვნი ნაწილი - ბოლო სეგმენტი.

ამის შემდეგ, ტრასაზე აღიარებული ლიდერები გადიოდნენ, მაგრამ გიზინი მაინც პირველი რჩებოდა. სამეულში ვერ შევიდნენ ჯულია მანკუზო, ნიკოლ ჰოსპი, მარია ჰიოფლ-რიში. ამ უკანასკნელმა სწორედ ბოლო სეგმენტზე ვერ შეძლო ტემპის შენარჩუნება.

ყველაფრის შეცვლა შეეძლო ტინა მაზეს და სლოვენიელმა ეს თითქმის გააკეთა! მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი დისტანციის დიდი ნაწილი ლიდერობდა, მაგრამ ბოლო დაღმართისთვის საჭირო მარაგი ვერ შეიქმნა. დაფიქსირდა დრო - 1:41.57! ზუსტად ისეთი, როგორიც გიზინს ჰქონდა. მედლების განაწილებაში ჩარევა მხოლოდ ანა ფენინგერს შეეძლო, რომელიც ასრულებდა განთესილთა ჯგუფს, მაგრამ მან ტრასის შუაში ტექნიკური შეცდომა დაუშვა და დისტანციას ჩამოშორდა.

შედეგად, მივიღეთ უნიკალური სიტუაცია - ერთბაშად ორი ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ეს ტრიუმფი მათ დაიმსახურეს, შვეიცარიას კი პოდიუმზე მეორე წარმომადგენელიც ჰყავდა ლარა გუტის სახით. მაზე სლოვენიის ისტორიაში შევიდა: ამ ქვეყანას ზამთრის თამაშებზე ოქროს მედალი არ ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტინა მაზე
დაიბადა: 2 მაისი, 1983
სიმაღლე: 1.72 მ.
წონა: 68 კგ.
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, სწრაფდაშვება
ვერცხლი ვანკუვერი 2010, სუპერ-გიგანტი
ვერცხლი ვანკუვერი 2010, გიგანტური სლალომი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2013); 23 მოგება და 66 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

დომინიკ გიზინი
დაიბადა: 4 ივნისი, 1985
სიმაღლე: 1.72 მ.
წონა: 70 კგ.
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, სწრაფდაშვება
სხვა ტიტულები
3 მოგება და 7 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული