სოჭი 2014: ფიგურული სრიალი - რუსული დუბლი

AutoSharing Option
რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს სოჭის ოლიმპიადაზე ოქროს ორი მედალი აქვს მოპოვებული და ორივე ფიგურულ სრიალში. თავდაპირველად, მასპინძლებმა გუნდური ასპარეზობა მოიგეს და ამაში დიდი წვლილი შეიტანეს ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა. 12 თებერვალს კი მათ სპორტულ წყვილებშიც იმარჯვეს და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

ცნობილია, რომ ფიგურული სრიალი საკმაოდ კონსერვატული სახეობაა და თითქმის ყოველთვის, ფავორიტები ამართლებენ წინასწარ მინიჭებულ სტატუსს. ასე მოხდა ამჯერადაც. თითქმის ყველა წინასწარ ანიჭებდა უპირატესობას რუსულ დუეტს და მათაც უპრობლემოდ მოიპოვეს ოქროს მედლები.

ვოლოსოჟარი და ტრანკოვი ამ მომენტამდე ოთხი წელი მიდიოდნენ.
2010 წელს მათ წინა პარტნიორები მიატოვეს და საკუთარი წყვილი შექმნეს. იქიდან მოყოლებული, დღემდე ყოველთვის ძლიერი გამოსვლით ამახსოვრებდნენ თავს ფიგურული სრიალის მოყვარულებს.

სოჭში უკვე მოკლე პროგრამის შემდეგ ცხადი იყო, რომ რუსები შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ. ისინი 4.53 ქულით უსწრებდნენ გერმანელებს - ალიონა სავჩენკოსა და რობინ შოლკოვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ, უბრალოდ, მინიმალური შეცდომებით უნდა ესრიალათ თავისუფალ პროგრამაში და გამარჯვება გარანტირებული ექნებოდათ. 12 თებერვალს ერთი შეცდომა მათ მაინც დაუშვეს - ვოლოსოჟარი ნახტომის შემდეგ ყინულს შეეხო, სხვა ელემენტები კი სუფთად შესრულდა და რუსები თითქმის მიუღწეველნი გახდნენ გერმანული წყვილისთვის.

თავისუფალ პროგრამას სწორედ სავჩენკო და შოლკოვი ასრულებდნენ. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა წყვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ლაპარაკიც არ ყოფილა ვოლოსოჟარისა და ტრანკოვის გასწრებაზე - გერმანელებს ვერცხლის მედალიც სანატრელი გაუხდათ, რადგან მათ თითქმის სამი ქულა წააგეს კიდევ ერთ რუსულ წყვილთან - ქსენია სტოლბოვასა და ფიოდორ კლიმოვის შემადგენლობით.

ამ დუეტის საპრიზო სამეულში მოხვედრა ოლიმპიადის ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან ამ ახალგაზრდა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატშიც კი არასოდეს უასპარეზიათ.

ტატიანა ვოლოსოჟარი
დაიბადა: 22 მაისი, 1986
სიმაღლე: 1.59 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური
ოქრო - სოჭი 2014, წყვილები
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონი (2013), 2-გზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2013, 2014).

მაქსიმ ტრანკოვი
დაიბადა: 7 ოქტომბერი, 1983
სიმაღლე: 1.87 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური
ოქრო - სოჭი 2014, წყვილები
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონი (2013), 2-გზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2013, 2014), ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული