სეოკ-მა სეზონი შეაჯამა: ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოგო და სახე დაიბრუნა

AutoSharing Option
22 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური საანგარიშო სესია გაიმართა, რომელსაც 57 წევრი დაესწრო.

სხდომის დღის წესრიგში 6 საჭირბოროტო საკითხი შედიოდა: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება; საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მოხსენება; სეოკ-ის 2014 წლის საქმიანობის შეფასება; სეოკ-ის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობა.

სესიის მუშაობაში ცოტა ხნით დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც მონაწილეობდა, რომელმაც მოისმინა საკითხი "თბილისის-2015"-ის მზადების შესახებ და თავადაც გააკეთა განცხადება, სანაცვლოდ კი ჯილდოდ სეოკ-ის ორდენი და სუვენირი მიიღო.

სესიის დასაწყისში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სხდომის მონაწილეებს
გააცნო ინფორმაცია, რომ სხვადასხვაში ერთ-ერთ საკითხად განეხილათ სეოკ-ისთვის ძველი ლოგოს დაბრუნება, რაზეც ჯერ თანხმობა, ხოლო მოგვიანებით ერთპიროვნული მხარდაჭერა მიიღო.

ამრიგად, ამიერიდან საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ისევ ძველი ლოგო დაამშვენებს, რაზეც მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა და სეოკ-ის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პაატა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სეოკ-მა სახე დაიბრუნაო.

მანვე ისიც გაიხსენა, თავის დროზე რატომ აირჩიეს ლოგოდ ბორჯღალი, რითაც ეროვნული სიმბოლოს წინ წამოწევა სურდათ და რამხელა წინააღმდეგობა შეხვდათ ამაზე სოკ-ისგან, რადგან ეს ლოგო ძალიან ჰგავს მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ემბლემას.

სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ მწვრთნელთა თუ სპორტის მუშაკთა ხსოვნას, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოაკლდნენ ქართულ სპორტს: ვლადიმერ ადეიშვილი, ვაჟა ჟღენტი თუ სხვა. ამის შემდეგ ფედერაციის სათავეში მოსვლა მიულოცეს იმათ, რომლებიც წინა სესიის შემდეგ აირჩიეს პრეზიდენტებად, ამას კი დაჯილდოების ცერემონიალი მოჰყვა: მოგეხსენებათ, წლეულს სეოკ-ი იუბილარია - 25 წლის გახდა, რაც ოქტომბერში საზეიმოდ აღინიშნა, ახლა კი ამ თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის მედლებით დააჯილდოეს უკლებლივ ყველა ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები და ბლომად პირთა ჯგუფი: ჩვენი გაზეთის მთავარი რედაქტორი, სეოკ-ის დაფუძნების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, თენგიზ გაჩეჩილაძე, სეოკ-ის პირველი პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი (სხვათა შორის, გუშინ ის იუბილარი იყო), სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, პაატა ნაცვლიშვილი, სეოკ-ის კიდევ ერთი ექსპრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, იმერეთის რეგიონული ეოკ-ის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე; რამდენიმე კაცი კი, რომლებიც საპატიო მიზეზით სხდომას ვერ ესწრებოდნენ, ჯილდოს მოგვიანებით მიიღებს.

ფესტივალისთვის მზადება გეგმაში ეტევა
ვგონებთ, სესიის მთავარ საკითხად "თბილისი-2015"-ის სამზადისი უნდა მივიჩნიოთ, რაზეც მოხსენება ალექსი ახვლედიანმა გააკეთა. წინასწარ ვიტყვით, რომ მას საგანგაშო ფაქტები არ დაუსახელებია და არც ერთ ობიექტზე გადაცდომა არაა, მზადებისა და მშენებლობის ტემპი ყველგან გეგმის ფარგლებშია.

როგორც მან განაცხადა, ყველა მშენებარე ობიექტს აქვს 10-დღიანი გადაცდომისა თუ დასწრების თარიღი და დღეს ყველა თავსდება ამ ვადებში. მეტიც - წინსწრებაზე თუა ლაპარაკი, თორემ გამომსვლელმა გადაცდომის მცირედით ჩამორჩენის ფაქტი მხოლოდ ორ ბაზაზე დააფიქსირა - თავად ოლიმპიურ სოფელში საკომუნიკაციო სამუშაოების მოგვარება დაიწყო გვიან და წლეულს ვერ ესწრება ფრენბურთის დარბაზის გადახურვა, რაც თურმე ობიექტისთვის გაუთვალისწინებლად შექმნილმა ელექტროენერგიის პრობლემებმა განაპირობა.

დენის პრობლემა იქ უკვე მოგვარდა და დაგეგმილი სამუშაო, დეკემბრის ნაცვლად, მაქსიმუმ 15 იანვარს დასრულდება. ახვლედიანის განმარტებით, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე დიდი და, შესაბამისად, ასაშენებლად რთული ობიექტია.

ნარმანიას ინფორმაციით, თურმე, წინა მთავრობას ოლიმპიურ სოფელში კომუნიკაციებისთვის საჭირო ხარჯები საერთოდ არ ჰქონია გათვალისწინებული, მაგრამ ახლა ეს პრობლემაც მოიხსნა - საჭირო თანხა გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.

გაისად, 1-ელ მარტს სოფლის მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. ახვლედიანმა სავარაუდოდ განაცხადა, რომ შეიძლება ვადას ცოტათი გადასცდეს ხელბურთის ბაზის მშენებლობაც გლდანში, თუმცა მოგვიანებით დაამშვიდა ამ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, რომ საგანგაშო არაფერია და იქნებ არათუ დაგვიანდეს, ადრეც კი დასრულდეს. კაკაბაძემ გამოთქვა შიში, რომ თუ დაგვიანდება, მაშინ ვერც სატესტო შეჯიბრების - უკვე დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება მოესწრება, მაგრამ მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ განუმარტა, რომ ეს ბაზა 30 აპრილს დასრულებული იქნება.

ახვლედიანსა და ნარმანიას კიდევ ერთ საკითხზე მოუხდათ ერთობლივად განმარტებების გაკეთება.

ახვლედიანის ცნობით, საორგანიზაციო კომიტეტს 11 მილიონი ლარით შეუმცირდა მოთხოვნილი ბიუჯეტი, თუმცა თან დასძინა, რომ ამით გუნდებს მოსამზადებელ პროცესში არაფერი დააკლდებათ და ისინი მაქსიმუმს მიიღებენ. ნარმანიამ განმარტა, რომ მხოლოდ ამ საორგანიზაციო კომიტეტისთვის 74 მილიონი ლარი იყო მოთხოვნილი, ამხელა თანხას კი თბილისის ბიუჯეტი ვერ გაიღებდა. მით უფრო, რომ გაისად დედაქალაქი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და მსხვილ ღონისძიებას მასპინძლობს როგორც სპორტის, ასევე კულტურის, პოლიტიკისა თუ სხვა სფეროებში.

როგორც მოხსენებაში ითქვა, უკვე მაისიდან ახალაშენებულ ბაზებზე სატესტო ტურნირების ჩატარება დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდისთვის მათი მშენებლობა დასრულებული იქნება.

ფესტივალისთვის თბილისში დაახლოებით 3 600 სპორტსმენს ელოდებიან, თუმცა, რადგან ესაა პირველი ანალოგიური თამაშები, სადაც კვოტირების სისტემა არ მოქმედებს, მოელიან, რომ იქნებ ეს რიცხვი 4 000-მდეც გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიური სოფელი 3 800 კაცზე მზადდება, თუმცა 3 000-კაციან სარეზერვო ადგილსაც ითვალისწინებენ. ფესტივალს 2 500 მოხალისე მოემსახურება, რაზეც სადღეისოდ პრეტენზიას 4 112 ქართველი და 900-ზე მეტი უცხოელი აცხადებს.

მათგან საბოლოოდ 2 000 ადგილობრივი და 500 უცხოელი შეირჩევა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ შემდეგ ეს ფესტივალი სახელს იცვლის და 2017 წლიდან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ერქმევა.

უკვე დაზუსტებულია ყველა საორგანიზაციო საკითხი: ტრანსპორტირება, აეროპორტში დახვედრა, კვება, უსაფრთხოება, ვიპ-სტუმრების, მონაწილეების, მსაჯების, დელეგაციების დაბინავება და სხვა.

ნოემბერში დასრულდა ტენდერი გახსნა-დახურვის ცერემონიალზე და უკვე ცნობილია, რომ ფესტივალი 25 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიხსნება 17 საათზე, დახურვის ცერემონიალი კი ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ შედგება. ფესტივალს 600 მეჩირაღდნე ეყოლება.

ვაშენებთ ბაზებს თანამედროვე სტანდარტებით?
სხდომაზე წარმოადგინეს ოლიმპიური სოფლის თუ სპორტული ბაზების მაკეტები, რაც ასე ვიზუალურად მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. გამოითქვა იმედი, რომ ამ ტიპის ღონისძიებათაგან ეს ერთ-ერთი გამორჩეული იქნება, ხოლო ოლიმპიური სოფელი სილამაზით დიდი ოლიმპიადების ანალოგიებს არ ჩამოუვარდება.

ფესტივალთან დაკავშირებით ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა კახი კახიაშვილმა ითხოვა, ასევე გაისად - 9-18 აპრილს თბილისში გასამართავი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატისთვის ძალები გააერთიანონ და დაახმარონ იგივე მოხალისეები, ტრანსპორტი, მომსახურე ობიექტები, სანაცვლოდ კი ეს ფესტივალი გაჟღერდეს ევროპის წამყვანი ტელევიზიების მიერ დაგეგმილ პირდაპირ რეპორტაჟებში.

ეს იდეა სრულიად მისაღები აღმოჩნდა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისთვის, ოღონდ აქ რამდენიმე "ქართული" პრობლემაც წარმოჩნდა. ძირითადად, სატელევიზიო რეპორტაჟების კუთხით, რაც საქართველოში "აქილევსის ქუსლია". აგრეთვე, მაგალითად, განათების პრობლემა ვერის საკალათბურთო სასახლეში. თურმე იქ განათების თანამედროვე სტანდარტებამდე მისაყვანად რამდენიმე მილიონია საჭირო. ამიტომ ამ ეტაპზე გაკეთდა იმ დონეზე, რომ ფესტივალს ხელი არ შეეშალოს, ხოლო თუ პირდაპირი რეპორტაჟის სურვილი იქნება, მაშინ გარკვეული კომპონენტები დაემატება.

ბაქოსაკენ ჰერი, ჰერი
სესიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაისად, 12-28 ივნისს ბაქოში გასამართავი პირველი ევროპული თამაშები. მასში 49 ქვეყანა იასპარეზებს, თუმცა შეიძლება კოსოვოც დაემატოს, რომლის ეოკ-იც ამ ბოლო პერიოდში აღიარა სოკ-მა (ალბათ, კოსოვო ჩვენც დაგვემატება ფესტივალზე).

ეს თამაშები ზუსტად დიდი ოლიმპიადის პრინციპით ტარდება - სპორტის 20 სახეობის 31 დისციპლინაში. თან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება სპორტის 11 სახეობაში.

სესიაზე გამოაცხადეს, რომ საქართველოს ჯერჯერობით ამ თამაშების 97 ლიცენზია აქვს სპორტის 9 სახეობაში, თუმცა ფარიკაობის ფედერაციამ დაამატა, რომ ამ უქმეებზე მათმა წარმომადგენელმა თეონა გოგოლიძემაც მოიპოვა ლიცენზია. როგორც ამ თემის მომხსენებელმა ემზარ ზენაიშვილმა განაცხადა, მოელიან, რომ მონაწილეთა რაოდენობა 128-მდე გაიზრდება, ინდივიდუალური სახეობების გვერდით კი (ველოსპორტი, ძიუდო და სხვა) საგზურის მოპოვებას წყალბურთისგანაც ელოდებიან, რაც ქართულ გუნდურ სპორტში პირველი პრეცედენტი იქნება. ზენაიშვილის თქმით, ბაქოშიც და თბილისშიც, ახალგაზრდულ ფესტივალზე ჩვენს გუნდებს ძველი პარტნიორი "მიზუნო" შემოსავს.

დოპინგი და გაფრთხილება ფედერაციებს
სხდომაზე დოპინგის შესახებ მოხსენებით გადა-ს ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე გამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ფედერაციებს ახალი წლიდან ძალაში შესასვლელი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია, რაც დოპინგზე ჩავარდნის პირველივე შემთხვევაში 4-წლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მანვე პრევენციის ღონისძიებებზე ისაუბრა - ჩასატარებელ სემინარებსა და დოპინგ-ტესტებზე, თუმცა ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - კახიაშვილმა და ასანიძემ ორივე ღონისძიება რაოდენობრივად არასაკმარისად მიიჩნიეს და მათი რაოდენობის გაზრდა მოითხოვეს.

კასრაძემ განმარტა, რომ მან დაასახელა საერთაშორისო ფედერაციების მიერ მოთხოვნილი ტესტების რაოდენობა, რასაც ადგილობრივი ძალებით მოწყობილი კიდევ დაემატება, ხოლო სემინარების ჩატარების სურვილი ოღონდ ფედერაციებმა გამოთქვან და რამდენჯერაც ისურვებენ, იმდენჯერ ჩაუტარებენ დამატებით სრულიად უსასყიდლოდ.

ამავე თემაზე გამართული მცირე დისკუსიისას კახაბრიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ლაბორატორიის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ "ავერსი" მზადაა, მის შესაძენად საჭირო 837 000 ლარი გაიღოს.

დასასრულ, სესიის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სეოკ-ის მიმდინარე წლის მუშაობა და ერთხმად დაამტკიცეს სეოკ-ის წესდების ახალი რედაქცია, რაც სოკ-ის შესაბამის დოკუმენტთან მოვიდა შესაბამისობაში და უფრო დემოკრატიული გახდა.

მაგალითად, ამიერიდან ოლიმპიურ სახეობებს სესიაზე უნდა ჰყავდეთ არა თითო, არამედ 2-2 წარმომადგენელი, თანაც - ხმის უფლებით, ხოლო აღმასკომის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 17 კაცისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული