მას ხელი მოაწერეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ორგანიზაციის დირექტორმა თამარ კაციტაძემ. მემორანდუმი გულისხმობს სეოკ-ის ეგიდით ჩატარებული ყველა ღონისძიების, მათ შორის - ივლისში თბილისში გასამართავი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერულად არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას და გენდერული თანასწორობის იდეების
სეოკ-ის აღმასკომს მისი ხელმძღვანელობა სრულად ესწრებოდა, სხდომას კი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. აქვე იყო სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები, ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები. მათ შორის ისეთი ფედერაციების ხელმძღვანელებიც იყვნენ, რომელთა სახეობები არაა შეტანილი ბაქოს თამაშების პროგრამაში.
სპორტის ხელმძღვანელებმა გუნდებისგან, ფედერაციებისგან მოისმინეს ინფორმაცია თამაშებისთვის მზადების შესახებ, თან საშუალება მისცეს მათ, პრობლემებზეც ესაუბრათ, თუ ხვდებათ ასეთი რამე.
თუმცა გამომსვლელებს ნეგატივზე საუბრით არ დაუღლიათ ზემდგომნი, მხოლოდ კანოეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ლომაშვილმა განაცხადა, რომ სათანადო პირობები, საჭირო ბაზა არ აქვთ. დანარჩენები კმაყოფილები არიან ამ თამაშებისთვის მოსამზადებლად შექმნილი პირობებით და აღნიშნეს, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით მიდის და ზემდგომთ რაც სთხოვეს თავდაპირველ გეგმაში, ყველაფერი სრულდება.
სიტყვით გამოვიდნენ ფარიკაობის, კრივის, მშვილდოსნობის, ჭიდაობის, კარატეს, ველოსპორტის, საწყლოსნო სახეობების, ტანვარჯიშის, ძიუდოს, სამბოს და მძლეოსნობის ფედერაციების წარმომადგენლები.
თუმცა მასპინძლებს მათგან არა მხოლოდ მოთხოვნები აინტერესებდათ, არამედ პროგნოზიც, სპეციალისტები რას მოელიან ამ თამაშებზე, რა შედეგს გეგმავენ. დიდი მრავალფეროვნება არც პროგნოზებში ყოფილა და მედლების მოპოვების იმედი ისევ "ტრადიციულმა", ანუ საჭიდაო სახეობებმა მოგვცეს - ძიუდომ, სამბომ, თავისუფალმა და ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობებმა. დანარჩენი სახეობების წარმომადგენლები ამის იმედს ვერ იძლევიან, თუმცა გამონაკლისიც იყო.
მაგალითად, მშვილდოსნობის ნაკრების მწვრთნელმა დავით ლეკვეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალთა შორის გუნდურში, ხოლო შერეულ წყვილებში არის მედლის შანსი; ასევე, მძლეოსნებმაც არ გამორიცხეს, რომ პირადში შეიძლება იყოს რომელიმე სინჯის ჯილდო, თუმცა გუნდურში ამის შანსი არაა.
არადა, ამ სახეობაში სწორედ გუნდური ტურნირი ტარდება. გარკვეული წარმატების იმედი გამოთქვეს ტანვარჯიშმა, კარატემ, ცურვამ, თუმცა მათი ოპტიმიზმი უფრო შემდეგ ეტაპებზე - ნახევარფინალურ ან ფინალურ ეტაპზე გასვლას უკავშირდება და არა კვარცხლბეკზე ასვლას.
დაპირებებში, ტრადიციულად, გულუხვი იყო ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც თამაშებზე 15-16 მედლის მოპოვება იგულისხმა, მათ შორის - 5 ოქროსი.
ისევ დოპინგის საშიშროება?
თუმცა კახაბრიშვილი სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში, რამაც სხდომის წყნარი მიმდინარეობა დაარღვია და შფოთი გამოიწვია. მისი თქმით, საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი შემოწმებულია დოპინგზე, მათი ანალიზების პასუხებიც უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დოპინგი არავის აღმოაჩნდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ იმ ტურნირის შემდეგ რამდენიმემ თვითნებურად ისევ მიიღო რაღაც პრეპარატი. კახაბრიშვილი შიშობს, რომ მათ შორის აკრძალული წამლებიც იქნება და მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან თავის დაზღვევის მიზნით, სთხოვა ყველა ფედერაციის და ნაკრების ხელმძღვანელს, საეჭვო სპორტსმენები საერთოდ არ წაიყვანონ შეჯიბრებაზე. თუ მის ხელთ არსებული მონაცემები მართალია, მაშინ მწვრთნელ-სპორტსმენთა გათვლა მარტივია - ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ მომდევნო შეჯიბრებამდე (არაა აუცილებელი, ეს მაინცდამაინც ევროპული თამაშები იყოს) ასე დაგეგმილი შემოწმება არ უწევთ და ამ შუალედით ისარგებლეს იმ იმედით, რომ მომდევნო ტურნირამდე დოპინგი გამოვა ორგანიზმიდან.
თუმცა ამგვარმა გათვლამ (უფრო ზუსტად, გაუთვლელობამ), როცა ზუსტად ვერ დაიანგარიშეს სწორედ წამლის მოქმედების ხანგრძლივობა, წინა წლებში დიდად გვაზარალა და რამდენიმე სპორტსმენი ჩაგვივარდა დოპინგზე.
ამჯერად ლაპარაკია ათლეტთა საკმაოდ დიდ ჯგუფზე და, იმედია, მწვრთნელები მართლაც გამოიჩენენ გონიერებას, არ წაიყვანენ მათ არანაირ ტურნირზე.
კახაბრიშვილმა კიდევ ერთი კულუარული ამბავიც გაახმაურა - თურმე მასაც ჰქონია ინფორმაცია, რომ პირველხარისხოვან ტურნირებზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მავანთ შეგნებულად წაუგიათ დარჩენილი ეტაპები და მეხუთეზე დარჩენილან, თორემ მედლის მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად მოუწევდათ დოპინგზე სავალდებულო შემოწმება, მისი გავლის იმედი კი არ ჰქონიათ.
ჩვენც ხშირად დაგვიწერია, რომ მართლაც უცნაურად მოგვჩვენებია, ნახევარფინალამდე მისულებს მერე ისე უშანსოდ და უღიმღამოდ წაუგიათ დარჩენილი პაექრობები. თუმცა აქ ერთი კითხვა მაინც ჩნდება - თუ არ აქვთ დოპინგის გავლის იმედი და მაინც წაგებას გეგმავენ, მაშინ რატომ მიდიან შეჯიბრებაზე, ნუთუ მხოლოდ სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ? მეხუთე ადგილი ხელფას-პრემიებს მხოლოდ ოლიმპიადაზე ითვალისწინებს, ევროპა-მსოფლიოზე - არა, ეს მიზეზი რომ ვიგულისხმოთ. თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და მსგავსი ჭორები მართლაც მუსირებს.
ასეა თუ ისე, კახაბრიშვილის ამ გამოსვლამ ყველა ააფორიაქა, თუმცა ვერდიქტი საყოველთაო იყო - დაუნდობელი ბრძოლა დოპინგს!
დელეგაცია და პრემიები
ბაქოში საქართველო 104 სპორტსმენით იასპარეზებს, მთლიანად დელეგაციაში კი 170-ზე მეტი წევრი იქნება. მათ შორის - ჟურნალისტებიც, რომლებმაც გუშინვე მიიღეს აკრედიტაციები და 11-კაციანი სამედიცინო ჯგუფიც. ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ხაბელოვია, ოლიმპიურ სოფელში კი მისიას სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უთავკაცებს. თამაშების დღეებში ჩვენი სპორტსმენების საქომაგოდ ბაქოში რამდენიმე დღით ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავა.
ბერიშვილის თქმით, 8 ივნისს სეოკ-ში გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. სპორტსმენებს იქვე გადაეცემათ სპორტული ფორმა. აღსანიშნავია, რომ ყველანაირ ეკიპირებას ისევ ცნობილი იაპონური "მიზუნო" გვიკერავს.
ჩვენი დელეგაცია ბაქოში სამ ნაკადად გაემგზავრება. თავდაპირველად, 9 ივნისს დელეგაციის პირველი ნაწილი, ძირითადად, ადმინისტრაციული ჯგუფი გაფრინდება: ბერიშვილი, ოლიმპიურ სოფელში მისი მოადგილე გიორგი ესაკია, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
ისინი წინასწარ იმიტომ მიდიან, რომ ადგილზე შეამოწმონ, რამე პრობლემა არ დახვდეთ იქ ჩასულ ჩვენს სპორტსმენებს.
დელეგაციის მეორე და ძირითადი ჯგუფი უკვე 10-12 ივნისს გაფრინდება ბაქოში, მესამე ნაწილი კი - 19-ში. იმის მიუხედავად, რომ ბაქო არაა მაინცდამაინც შორს, სეოკ-მა მაინც გადაწყვიტა, დელეგაცია იქ გადააფრინოს და მატარებლით არ გაუშვას.
მეორე ჯგუფში სხვებთან ერთად მოჭიდავეები შედიან - სამბო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული, მესამეში კი - მძლეოსნები და ძიუდოისტები.
ამდენად, თამაშების პროგრამა ისეა გაწერილი, მედლებს დასაწყისშიც უნდა ველოდოთ და დასკვნითი აკორდიც მაჟორული უნდა გამოდგეს. თან საჭიდაო სახეობებში ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, რადგან წლეულს ეს შეჯიბრებები არ გამართულა.
სამაგიეროდ, გაზრდილია საპრიზო ფონდი უკლებლივ ყველა სახეობაში. მაგალითად, პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული თუ ჯილდოდ 51 000 ლარს მიიღებს, ბაქოში გამარჯვება 68 000 ათასადაა შეფასებული; 51 ათას ლარს ვიცე-ჩემპიონი მიიღებს, მესამე პრიზიორს კი 34 000 ლარი გადაეცემა (შედარებისთვის: სახელმწიფო განკარგულებით, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ჯილდო 34 000-ია, მესამე პრიზიორისა - 25 500 ლარი).
სხდომის დასასრულ, სპორტსმენებს სიტყვით სპორტის მინისტრმა ხეჩიკაშვილმაც მიმართა, რომელმაც ქართული სპორტის საკეთილდღეოდ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან. ამასთან, აღუთქვა სპორტსმენებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"