ბაქო 2015: ქართველ ოლიმპიელებს გზა დაულოცეს

AutoSharing Option
სპორტსმენთა გაცილების საზეიმო ცერემონიალში ქართული სცენის ვარსკვლავი, 80 წლის კახი კავსაძეც მონაწილეობდა (ფოტო: სეოკ)
გუშინ, 8 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში "ბაქო-2015"-ის მონაწილეების გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

მოგეხსენებათ, ბაქოში 13-28 ივნისს ევროპის პირველი თამაშები ტარდება, რომლის პროგრამაშიც სპორტის 20 სახეობის 31 დისციპლინა შედის. ჩვენები 13 სახეობის 17 დისციპლინაში გამოვლენ, სულ კი თამაშებში საქართველოდან 105 სპორტსმენი იასპარეზებს. ისტორიული სპორტული ღონისძიება 12 ივნისს გაიხსნება, მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ტელევიზიებთან ერთად კი პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელიც" შემოგთავაზებთ.

ცერემონიალს, სეოკ-ის ხელმძღვანელებთან
ერთად, სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვები. იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ოლიმპიური ჩემპიონების ლამის სრული სპექტრი: ვახტანგ ბლაგიძე, რომან რურუა, ქეთევან ლოსაბერიძე, გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე, მანუჩარ კვირკველია, რევაზ მინდორაშვილი და სხვები.

სეოკ-ში შეხვედრა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გახსნა, ვინც მისიის ხელმძღვანელია; მერე კი სიტყვა სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს გადასცა, რომელიც ბაქოში დელეგაციის ხელმძღვანელის რანგშიც ჩადის.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის სამინისტრომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი დელეგაცია თამაშებისთვის ღირსეულად მომზადებულიყო. მინდა, მადლობა გადავუხადო სეოკ-ის სპონსორებს - "სოკარსა" და "ავერსს".

ქართველ სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ ბაქოში. ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, სადაც ჩვენი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ" - მიმართა მან სპორტსმენებს.
Sportall.Ge
ფოტოზე: ელგუჯა ბერიშვილი და ლერი ხაბელოვი
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი სპორტსმენების გაცილების პატივი მხვდა წილად. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ათლეტებს. საქართველოს სახელი ღირსეულად დაეცვათ ამ თამაშებში" - ეს უკვე შალვა გოგოლაძის სიტყვებია.

ანალოგიური სურვილებით გამოვიდნენ სხვა გამომსვლელებიც, თუმცა საზეიმო ცერემონიალს სულ სხვა ელფერი შესძინა სახელოვანმა და ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა კახი კავსაძემ, ვინც ამ დღეებში 80 წლის იუბილე იზეიმა.

"კი მილოცავენ, მაგრამ საინტერესოა, რას მილოცავენ - ნუთუ, რომ დავბერდი და დასასრულს მივუახლოვდი, იმას? ადამიანი 80 წლის რომ ხდება, კი არ უნდა მიულოცო, უნდა მიუსამძიმრო" - იუმორით დაიწყო მან თავისი გამოსვლა და მერე გივი კარტოზიასთან, შოთა იამანიძესა და ზოგადად, ქართულ სპორტთან მეგობრობაც გაიხსენა.

გასახსენებელი კი მართლაც ბევრი აქვს, რადგან ყოველთვის ახლოს იდგა სპორტთან და ბევრ გამოჩენილ ათლეტთან მეგობრობდა. სახელოვან მსახიობს არც ის დაუმალავს, რომ ლუდი თურმე პირველად... გივი კარტოზიამ გაასინჯა.

"შეიძლება, ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია. იქ ისე უნდა გამოვიდეთ, როგორც საქართველოს ეკადრება", - ესეც მისი სიტყვებია.

ხაბელოვმა კავსაძე ოლიმპიური მედლითა და "ქართული სპორტის ოქროს წიგნით" დააჯილდოვა.

სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა დადო. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშეც ის იქნება.
Sportall.Ge
ფოტოზე: ზურა დათუნაშვილი
თამაშების მონაწილეებს წინა დღეებში უკვე დაურიგდათ სპორტული ეკიპირება, რაც იაპონურმა "მიზუნომ" დაამზადა. ამ ფორმის წარდგენაც გუშინვე გაიმართა და შეიძლება ითქვას, "მიზუნომ" ამჯერად დახვეწილი გემოვნებით შეკერილი და ეროვნული ატრიბუტიკით გაჯერებული ეკიპირება შემოგვთავაზა.

ბაქოში ჩვენი მთლიანი დელეგაცია დაახლოებით 170-კაციანი იქნება. მათ შორის 11 ჟურნალისტია, რომელთაგანაც ორი "ლელოს" წარმომადგენელია - რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე და ამ სიტყვების ავტორი. პირველი ჯგუფი დღეს უკვე გაფრინდა ბაქოში - მისიის ხელმძღვანელი ბერიშვილი, მისი მოადგილე გიორგი ესაკია, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი რუსუდან აფციაური.

ხვალ მეორე ჯგუფი გაემგზავრება, ზეგ - მესამე და ასე შემდეგ. თამაშებზე ჩასვლას და დასაწყისში ჩვენი სპორტსმენების ქომაგობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აპირებს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული