ისინი ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ემზადებიან.
ჩვენც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს სწორედ აქ შევხვდით და მოახლოებული შეჯიბრებისთვის სამზადისთან ერთად, ხორვატიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესახებაც ვესაუბრეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კონტინენტის ჩემპიონატზე მუზაშვილის შეგირდებმა ორი ოქროსა და ვერცხლის, აგრეთვე, ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წლეულს იგი, ვაჟებთან ერთად, ქალთა
- უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებების წინ დასკვნითი შეკრების გორში გამართვა უკვე ტრადიციად გვექცა. აქ ძალიან კარგი ვითარებაა, ყოველმხრივ კმაყოფილნი ვართ: პირობებით, სპარინგებით და ამიტომაც ხშირად ვსტუმრობთ გორს.
მოგეხსენებათ, ბაქოში მხოლოდ ოთხ წონაში იქნება სამბოში შეჯიბრებები და ჩვენც ამჯერად მთელი გუნდი არ ჩამოვიყვანეთ სავარჯიშოდ. 24 სპორტსმენი შევკრიბეთ გორში - გოგონები და ბიჭები. მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, რომლის დაფინანსებით ვაწყობთ ამ შეკრებას. ამ ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს თანადგომით, წლეულს სამი დიდი ტურნირი ვიჭიდავეთ, რაც ცალკეულ სპორტულ სეზონში ევროპის ჩემპიონატამდე სამზადისში ადრე არასოდეს მომხდარა.
- ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100) ნაკრების ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ და თავიანთ წონებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესონი არიან...
- ისინი შესაშური პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და კარგ შედეგსაც ამიტომ იმკიან. ამ შეჯიბრებაზე ლორიაშვილი ერთი თავით სჯობდა კონკურენტებს. ფინალში მან ტიტულოვანი რუსი მოჭიდავე სერგეი სამოილოვიჩი დაამარცხა, რომელიც მართალია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ დავითმა ნორმალურად ვერც იგრძნო მისი წინააღმდეგობა. ის სტაბილურ მოჭიდავედ ყალიბდება. ვფიქრობ, მას საშუალება თუ მიეცემა, შეუძლია 100 კგ-ში ძიუდოს ოლიმპიურ გუნდს ლიცენზიაც მოუპოვოს.
- ხორვატიაში ჩიდრაშვილის დაუღალავმა ჭიდაობამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება და იმან, თუ როგორ მყისიერად და ზედმიწევნით სწორად გადაჰქონდა არენაზე თქვენი კარნახი, მითითებები...
- ის უკვე ნამდვილი პროფესიონალია. ვარჯიშებზე, შეჯიბრებებზე თითოეულ შეხვედრაში მობილიზებულია და ყურადღებით არის ჩართული. ვახტანგს მომავალშიც დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.
- ცოტა დააკლდა ოქროს მედლამდე ბექა ტუღუშს (68), რომელმაც მხოლოდ ფინალი დათმო...
- თუმცა მე მაინც კმაყოფილი დავრჩი. ხორვატიაში ბექამ მაქსიმუმი გააკეთა და რაც შეეძლო, მიაღწია კიდეც.
- პრიზიორთაგან კახა მამულაშვილი, ალბათ, ყველაზე მეტად შეეჩვია ბრინჯაოს. ის თითქმის ყოველთვის ახერხებს კვარცხლბეკზე დადგომას, მაგრამ ოქროს ვერც ერთხელ ვერ შესწვდა...
- ეს მეც ძალიან მაწუხებს. ალბათ, უფრო მეტად ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალია, თორემ კახა ძლიერი მოჭიდავეა, წლების მანძილზე სტაბილურად აღწევს წარმატებებს საშინაო ასპარეზზე, საერთაშორისო არენაზეც მედლებს მოიპოვებს, მაგრამ დიდ შეჯიბრებებზე გადამწყვეტ ბრძოლაში გახსნა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა უჭირს.
- დანარჩენი მედალოსნების გამოსვლამ რამდენად დაგაკმაყოფილათ?
- გივი ნადარეიშვილის (52), შმაგი ლაგაზაურის (62), შორენა შარაძის (60), ირინა ლეონიძის (+80) ბრინჯაოს მედლები, ვფიქრობ, მოცემულ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იყო.
ნინო ოძელაშვილმა (72) მხოლოდ ფინალი დათმო. ის ახლაც კარგ ფორმაშია. ევროპული თამაშებისთვისაც მედლის კანდიდატად მივიჩნევდით, მაგრამ ძიუდოდან შეძლო ლიცენზიის მოპოვება და ბაქოშიც მათთან ერთად გამოვა.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვცდილობთ სამბისტი გოგონებისთვის ხელის შეწყობას. მათ ნაკლებად აქვთ საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე შეჯიბრებები. საერთოდ, საქართველოში ხომ ქალების საჭიდაო სახეობებს ნაკლებად ეტანებიან და შესაბამისად, ერთმანეთთან სპარინგისთვისაც არ არიან საკმარისნი. ამ ვითარებაში რის გაკეთებაც შეიძლება, ეს გოგონები მაქსიმუმს ახერხებენ.
- ბაქოში რომელი სამბისტებით იქნება ჩვენი ეროვნული გუნდი წარმოდგენილი?
- ვაჟებში ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), დავით კარბელაშვილი (90) და ნოდარ მეტრეველი (+100) დაიცავენ საქართველოს ღირსებას, გოგონებიდან კი - შორენა შარაძე (60) და თეა სუხიტაშვილი (68). მცირე ტრავმები აწუხებთ მეტრეველს და კარბელაშვილს, თუმცა იმედი მაქვს, რომ უშუალოდ შეჯიბრების დაწყების წინ სრულ მზადყოფნაში იქნებიან. გუნდის მომზადებაში ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრები - მირიან პავლიაშვილი, ვანო არაბული და ლევან ქოჩიევი - მეხმარებიან.
ევროპის თამაშები სამბისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახეობა არ არის ოლიმპიური, ბაქოში კი, ფაქტობრივად, ევროპის მასშტაბით ოლიმპიური თამაშები იმართება. თამაშები, სადაც ერთდროულად სპორტის კიდევ არაერთი სახეობის წარმომადგენლები იასპარეზებენ, სამბისტებისთვის უცხოა და მისასალმებელია, რომ ბაქოში ჩვენი სახეობაც იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ მონდომებულები ვართ, რათა ასეთი მაღალი დონის პირველ შეჯიბრებაზე წარმატებებს მივაღწიოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"