ბაქო 2015: ახალი სახეობების იმედად - ირაკლი თავაძე ბაქოდან

AutoSharing Option
გუშინ, 15 ივნისს, ბაქოში ჩვენი სპორტსმენებიდან მხოლოდ სპორტულად ტანმოვარჯიშეები გამოდიოდნენ და ისინიც დღის მეორე ნახევარში იწყებდნენ ტურნირს.

კანოისტებიც გუშინვე გამოდიოდნენ, ოღონდ ისინი ბაქოდან 5 საათის სავალზე მდებარე მინგეჩაურში ასპარეზობენ. თუმცა პაატა ნაცვლიშვილი არც ამას შეუშინდა, დროულად დაიჭირა თადარიგი და ადრიანად გაემგზავრა. ის დღესვე ბრუნდება უკან ანუ 10 საათი გზაში უნდა გაატაროს. თუმცა, ალბათ, არც ინანებს, რადგან ზაზა ნადირაძე პირველ ნახევარფინალში მეოთხეზე გავიდა (39.111) და დღეს B ფინალში გამოვა.

ვლადა კოსიცკამ და ბადრი ყაველაშვილმა კი მეცხრე ადგილით დაასრულ
ეს გამოსვლა. თუმცა კოსიცკამ ეს შედეგი ნახევარფინალში აჩვენა, საკვალიფიკაციოში კი მეშვიდე იყო.

ასეთი თავისუფალი გრაფიკის გამო გუშინ დილით ოლიმპიურ სოფელში მისასვლელად მოვიცალე. მედია და ოლიმპიური სოფლები ერთმანეთის გვერდი-გვერდაა განლაგებული, თუმცა იქ შესასვლელად საშვია საჭირო, რომელიც წინა დღით, 15 საათამდე უნდა დააშვებინო. ამისთვის საჭიდაო უქმეების გამოც ვერ მოვიცალე.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ გუშინვე ჩვენს დელეგაციას ესტუმრა "სოფლის მერი" ელჩინ საფაროვი, ვისაც სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს, თან საჩუქრებიც გადასცეს.

მეზობელი სოფლები
ეს სოფლებიც და ამ თამაშების მასპინძელი კიდევ ორი ბაზა - ოლიმპიური სტადიონი და ტანვარჯიშის სასახლე ბაქოს ახალ რაიონში, ქოროღლიშია აშენებული, რომელიც აეროპორტის მხარეს მდებარეობს. ეს კორპუსები ინგლისელების დაპროექტებულ-აგებულია და ეტყობა კიდეც ევროპული პეწი, თუმცა ჯერ არაა ექსპლუატაციაში შესული.

ამბობენ, ოლიმპიური სოფლის კორპუსებს ჯერ არც ჰყიდიანო, რადგან 2017 წელს ისლამურ თამაშებსაც ბაქომ უნდა უმასპინძლოს და იმისთვისაც სჭირდებათო...

ადრე ეს უზარმაზარი ველები ნავთობის ნარჩენების სამარხი ყოფილა. ცხადია, მიწაც უნაყოფო, გამოუსადეგარი იყო და ხელიც ჰქონდათ ჩაქნეულიო, მაგრამ იმავე კაცის ხელს ხომ სასწაულების მოხდენაც შეუძლია და დღეს იქაურობა ამ ორიგინალური კორპუსების გარდა, მშვენივრად გამწვანებული გაზონებითაც იწონებს თავს...

ეტყობა, ოლიმპიური სოფელი მედია-სოფელზე ადრეა აშენებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს საცხოვრებელს ყველაფერზე ეტყობა, რომ ეს-ესაა დასრულდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პირველ დღეს როცა შემოვედით, დაბლა, ლიფტთან ჯერ კიდევ ეწყო სხვადასხვა სახის სამშენებლო ნარჩენები, რომელიც შენობიდან გაჰქონდათ, ოლიმპიური სოფლის ეზო კი მშვენივრადაა მოწყობილი - გაზონები, ნაირნაირი ჯიშის, ფერისა თუ წარმომავლობის ვარდ-ყვავილი და დეკორატიული ხეები, შადრევნები, ძელისკამები თუ ჩვეულებრივი მაგიდები თავის მოწნული სკამებით, სადაც შეგიძლია დაისვენო.

ეზოში რამდენიმეგან ტელევიზორებიცაა, სადაც ამ თამაშების მიმდინარე შეჯიბრებებს აჩვენებენ - გინდ რომელიმე მათგანი ამოირჩიე, გინდ - სატელევიზიო არხები, ამ ყველაფერს კი თან ერთვის საოცარი სიწყნარე და სიმყუდროვე...

კომპლექსს ორი მხრიდან დიდი გზატკეცილები კი ემეზობლება თავისი ინტენსიური მოძრაობით, მაგრამ იმდენად ვრცელი ტერიტორიაა, ქუჩის ხმაური შიგნით ვერ აღწევს. ერთი სიტყვით, საუკეთესო პირობებია სულიერად დასვენების, განტვირთვის, ძალების აღდგენისთვის...

ჩემი მისვლისას საუზმის დრო იყო და რამდენიმე უცხოელს თავისი წილი სასადილოდან აქ მოეტანა - ისხდნენ ლამაზ, წყნარ, მყუდრო გარემოში და ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავის ფონზე ნება-ნება საუზმობდნენ...

გუშინ იქ საღამოთიც მომიხდა მისვლა და მთელი ეზო სავსე იყო ხალხით. მით უფრო, ბაქოში სასიამოვნოდ გრილა.

სოფელში სტუმრობა
ბაქოში მყოფი დელეგაციის წევრები 11 ივნისს ჩამოფრინდნენ აქ და ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. თუმცა გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილსა და მის კოლეგებს საქმე მაინც არ აკლიათ - მოჭიდავეები თუ შეჯიბრებაში ჩაბმული სპორტსმენები ერთია და ჩამოსვლის მეორე დღესვე, როგორც თვითონ ამბობს, სასადილოში მიღებული საკვებით მოიწამლა ტყვიის მსროლელი ლევან ქადაგიძე, ვინც ამჯერად მწვრთნელის რანგშია ბაქოში ჩასული...

ის უკვე კარგადაა და გუშინვე წამოდგა ლოგინიდან, მაგრამ მთელი ერთი დღე იწვა ექიმთა მზრუნველობის ქვეშ.

თუმცა ამ გამონაკლის შემთხვევას ნუ განვაზოგადებთ, მასპინძლებს მონდომებას ნუ დავუკარგავთ და ნუ ვიტყვით, თითქოს ცუდი პირობები დაგვახვედრეს - საკვების ხარისხზე არც ოლიმპიურ სოფელში გამოუთქვამს ვინმეს პრეტენზია, ჩვენთანაც მშვენიერი მენიუა და ცალკეულ არენებზე განთავსებულ პრესცენტრებშიც ნორმალური მომსახურეობაა.

ასე მაგალითად, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენის მედია-ცენტრში მინერალური წყლები, რედბული, ჩაი და ყავა ხომ დილიდან საღამომდე შეუზღუდავადაა, მასპინძლები ცხელი სასმელებისთვის დესერტზეც ზრუნავენ და დილიდან საღამომდე მშრალი ნამცხვრებიც ასევე განუსაზღვრელია.

გინდა - არ გინდა, ამაზე ძალაუნებურად პარიზი და 2003 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მახსენდება, როცა მესამე დღიდან მედია-ცენტრებში სასმელი წყალიც კი გააქრეს და არც დაუბრუნებიათ...

აზერბაიჯანელებს ვერც ასეთ წუწურაქობას დავაბრალებ და ვერც - ზერელეობას, ქადაგიძე კი გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც ყველგან შეიძლება მოხდეს.

ჩვენი დელეგაცია შესასვლელთან ახლოს, ნომერ მეორე კორპუსშია დაბინავებული, სადაც მათი ოთახები რამდენიმე სართულზეა გაბნეული... უახლოეს მეზობლებად ლატვიელები და ბერძნები ჰყავთ, მომიჯნავედ კი ჯერ პოლონელები, ხოლო გვერდით ფლიგელში ბელარუსები ცხოვრობენ.

დილით სტუმრობისას სპორტსმენთა უმეტესობა სასადილოში იყო - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთელი ნაკრები, მშვილდოსანთა ნაწილი, ხოლო ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე კი ვარჯიშზე იყვნენ წასული. სოფელში მსროლელებიდან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი დამხვდნენ, მშვილდოსნებიდან - ფედერაციის პრეზიდენტი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ნარიმანიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით ლეკვეიშვილი.

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაც იქვე იყო: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსიკო აფციაური, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია, დირექტორატის წევრი ვანო მეკრავიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ილია ბაბუნაშვილი. იმ დილით მათი ძირითადი საქმაინობა ინტერნეტში თბილისური ახალი ამბების და წყალდიდობის მსახვრალი თემის მოძიება იყო, რაც აქ ყველას სატკივარია...

ოლიმპიურ სოფელში ჩვენები საღამოს უფრო ბევრნი იყვნენ - სადარბაზოს კართან მოკრივეებს გასაშლელი სკამები გამოეტანათ და ისვენებდნენ, წყალში მხტომელ-მოცურავეებიც იქვე მასლაათობდნენ, "თავისუფლად" მოჭიდავეები ჯგუფად დასეირნობდნენ ეზოში, მწვრთნელები კი სკვერში ისვენებდნენ.

კახაბრიშვილი, რომელიც გუშინ თვითონაც შეუძლოდ გამხდარა, ყველგან იყო, ყველა მასთან მოდიოდა დახმარებისთვის და ისიც არავის ზარდებოდა. მშვილდოსნებიც და მოკრივეებიც აცხადებენ, რომ განწყობა საბრძოლოა. და არც საყოფაცხოვრებო თუ სავარჯიშო პირობებზე დაუჩივლია ვინმეს... თუმცა ბაქოში ორგანიზების ისეთი დონეა, ეს არცაა მოსალოდნელი...

დღევანდელი განრიგი
დღეს ყველაზე ადრე შეჯიბრებაში მშვილდოსნები ჩაებმებიან - აქაური დროით 9 საათზე ლაშა ფხაკაძე საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება. ქალთა ნაკრები - ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე აზერბაიჯანის დროით 14 საათზე დაიწყებს ანალოგიურ ტურნირს.

ადრინდელი განრიგით, დღეს მოკრივეთა უმეტესობასაც უნდა ეჩხუბა, მაგრამ, როგორც მითხრეს, განრიგი შეიცვალა, თან ზოგს ხვალ უწევს ტურნირში ჩართვა, შედეგად კი დღეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაგვრჩა - ოთარ ერანოსიანი (6), ვინც პირველ წრეში ლატვიელ არტიომ რამლავსს ხვდება.

მინგეჩაურში ხვალ კანოისტებიც იასპარეზებენ და შეჯიბრებასაც დაასრულებენ.

ტანმოვარჯიშეების გამოსვლა
გუშინ სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრება შუადღისას დაიწყო, ჩვენებს კი ოდნავ მოგვიანებით მოუწიათ გამოსვლამ...

ტანვარჯიშის ულამაზესი სასახლე მედია-ცენტრის გვერდითაა და გაოგნებთ თავისი მოცულობით, დიზაინით, ინტერიერით...

ამ სახეობაში საკვალიფიკაციო ეტაპი გუშინწინ დაიწყო და გუშინ დასრულდა, ჩვენ კი ორი მონაწილე გვყავდა - ნატო ძიძიგური და პაატა ნოზაძე. მათ დაახლოებით იმ ფარგლებში იასპარეზეს, როგორც მოელოდნენ - ნოზაძე, ვისაც ფეხიც სტკიოდა, 11.966 ქულით 71-ე ადგილზე გავიდა, ძიძიგური კი 47.032-ით 51-ე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ნავთობ დოლარებმა აზერბაიჯანი ძალიან წასწია წინ, ჩვენ ვერ დავეწევით მაგათ.
Jalagonia
20:26 16-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული