ბაქო 2015: პირველი ნადავლი - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო

AutoSharing Option
ფოტოზე: ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე (მარცხნივ) ვერცხლის მედლებით
გუშინდელ დღეს ყველა დიდი იმედებით ველოდით - შეჯიბრებას იწყებდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ვიმედოვნებდით, რომ მედლების ქართული მონაგარიც გაიხსნებოდა. თუმცა წარმატება იქიდან მოვიდა, საიდანაც სხვაზე ნაკლებად ველოდით - პირველი თამაშების პირველი ისტორიული მედალი მშვილდოსნებმა მოიპოვეს.

შერეულ წყვილებში ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე ფინალში გავიდნენ, სადაც იტალიელებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ამით საქართველო იმ 37 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს მედალი. თუმცა მშვილდოსნებს მხარი მოჭიდავეებმაც აუბეს და ელიზბარ ოდიკაძე (97)
ვერცხლის პრიზიორი გახდა, თუმცა ასეთი რა წყევლაა, ბოლომდე გახარება რომ არ გვიწერია - ჩვენი გუნდის მთავარი იმედი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ვინც ჩემპიონობის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იყო, ბელარუს მეტოქე ულადისლაუ ანდრეეუსთან ჩხუბის გამო მოხსნეს.


სამწუხაროდ, ამ ინციდენტმა ლამის ყველაფერი გადაფარა - ისტორიული მედლის სიხარულიც, ოდიკაძის ჩინებული გამოსვლაც და მშვილდოსნების ყოჩაღობაც.

მშვილდოსნების შემართება
გუშინ "ბაქო-2015"-ზე ქართველები დიდი დილემის წინაშე ვიდექით, ჩვენები იმდენ სახეობაში გამოდიოდნენ. მათ შორის სამი ჩემი "პროფილისა" იყო - მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა და თავისუფალი ჭიდაობა.

თან სამივე დილით, ლამის ერთდროულად იწყებოდა, თუმცა ჭიდაობა თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან სასროლ სახეობებში დილის ორთაბრძოლები სწრაფად დამთავრდებოდა და "ჰეიდარ ალიევზე" ჩვენი ფალავნების საქომაგოდ მისვლას მაინც მოვასწრებდი.

Sportall.Ge
ძალიან მინდოდა, დრო იმგვარად გამენაწილებინა, ორივეგან მიმესწრო შეჯიბრებისთვის, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ სროლაზე წასვლა სამომავლოდ გადავდე და "ტოფიკ ბახრამოვს" მივაშურე, სადაც ქალებს გუნდურში პლეი ოფის პირველ წრეში უნდა ესროლათ.

ისიც წინასწარ გადავწყვიტე, რომ შერეული წყვილების შეჯიბრებას ვერ დავესწრებოდი, რადგან შუადღისას იწყებოდა.

ჩვენს დელეგაციაში მაშინ ვერავინ იფიქრებდა, პირველი მედალი მათგან თუ იქნებოდა. მართალია, მათ მთავარ ზეიმს ვერ დავესწარი, მაგრამ ასეთი არჩევანი არც მინანია, იქ ისეთ პაექრობას შევესწარი. თან ჭიდაობაზეც მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოვტოვე.

პლეი ოფის პირველ წრეში ჩვენი მშვილდოსანი ქალები ბრიტანელებს ხვდებოდნენ და 5:3 მოუგეს. მისვლისთანავე ქვედა იარუსზე, სასროლეთის წინ ფხაკაძე დავინახე, რომელმაც ქვემოდან ამომძახა, ვიგებთ, ვიგებთო... ნეტამც ყველაფერი ასე კარგად გვისრულდებოდეს, როგორც მისი თავდაჯერება ახდა - ჩვენმა ქალბატონებმა ცოტა კი გვანერვიულეს მე და ლაშა, მაგრამ მაინც ყოჩაღ მათ... თან, "ბახრამოვზე" საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა და ესეც მაფიქრებდა...

პირველ ნომრად იულია ლობჟანიძე ისროდა და მთელი შეჯიბრება სტაბილურად ჩაატარა. იქნებ არ ჰქონია ძალიან მაღალი შედეგები, მაგრამ არც სერიოზული ჩავარდნა მოსვლია. იგივე ითქმის მეორე ნომრად მომუშავე ქრისტინე ესებუაზეც, ნარიმანიძეს კი თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში გამოასწორა ვითარება. საბოლოოდ სწორედ ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა "მეფური სიტყვა", როცა 10-იანში გარტყმული ისრით გამარჯვება მოუტანა გუნდს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბრიტანელებისა იყო - პირველი სეტი ფრედ კი მორჩა, 53:53, მაგრამ მეორე 55:52 მოიგეს და სეტებში 3:1 დაწინაურდნენ. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ჩვენების ჯერი დადგა, თუმცა მესამე სერია, კაცმა რომ თქვას, არც ისე კარგად ვისროლეთ - 6 ისრიდან 5 9-იანში გავარტყით, მაგრამ მხსნელად ბრიტანელი ამი ოლივეირა მოგვევლინა, რომელმაც პირველი ისარი... 4-იანში გაარტყა. ეს სეტი ჩვენებმა 52:47 მოიგეს და საერთო ანგარიში გაათანაბრეს - 3:3.

მეოთხე უკეთესად მეტოქემ დაიწყო და როცა სამივემ თითოჯერ ისროლა, 27:25 დაწინაურდა. მეორე ცდაზე მათგან ლიდერმა ნაომი ფოლკარდიმ 9-იანში გაარტყა, თანაგუნდელებმა კი არათუ მხარი ვერ აუბეს, სულაც დააღალატეს - ნიკ ჰუნტიმ 8-იანი, ოლივეირამ კი 7-იანი მოინადავლეს.

ჩვენი სამეულიდან ლობჟანიძემ 9 ქულა მოგვიტანა, ესებუამ - 8 და ნარიმანიძის სროლის წინ ანგარიში 51:42 გახდა.

ნარიმანიძეს 9-იანზე ნაკლების მოპოვების უფლება არ ჰქონდა, თორემ ვაგებდით, ის კი ადგა და ამ შეჯიბრებაში მეორედ "დასვა" 10-იანი. ამდენად, ჩვენებმა ეს პარტია 52:51 მოიგეს, შეხვედრა კი - 5:3.

გუნდური ტურნირი დღეს გაგრძელდება და გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან, ჩვენები კი მეოთხედფინალში უკრაინელებს ხვდებიან...

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე კმაყოფილია თავისი შეგირდების გამოსვლით და უკრაინასთანაც იმედიანადაა, რაც მეტოქის გადახალისებული გუნდიდან გამომდინარეობს.

შერეულ წყვილებში ჩვენებმა ჯერ რუმინელებს მოუგეს 5:3, მეოთხედფინალში ესპანელებს დამატებით სერიაში 5:4 სძლიეს, ნახევარფინალში მანამ საკმაოდ ძლიერად მოასპარეზე სლოვენია იოლად დაჯაბნეს - 5:1 და ფინალში გავიდნენ.

ასეთივე უფლება მოიპოვა იტალიამ, რომელიც შესარჩევშიც პირველი იყო და უძლიერესი წყვილითაა დაკომპლექტებული - მაურო ნესპოლიც და მოლდოვიდან იქ გათხოვილი ნატალია ვალეევაც გუნდურში ოლიმპიური ჩემპიონები არიან, ხოლო ვალეევა პირადშიც და გუნდურშიც მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებულია...

რეალურად რომ ვთქვათ, ფავორიტებიც ისინი იყვნენ და ჩვენებმა სასწაული ვერც მოახდინეს - 5:3 წააგეს. ოღონდ გვარიანად კი ანერვიულეს ისინი - პირველი სეტი 36:34 მოუგეს. თუმცა ჩვენებმა რაც გააკეთეს, ესეც სასწაულია - მათგან მედალი არ იგეგმებოდა...

როგორც გითხარით, გუნდური ტურნირი დღეს დასრულდება, ინდივიდუალურში პლეი ოფები კი ხვალ ჩატარდება.

ლაშა ფხაკაძე: "ძალიან გახარებული ვარ ამ მედლით, რაც ჩემი პირველი ჯილდოა... მიხარია, რომ ამ თამაშების პირველი მედალი ჩვენ მოვიპოვეთ. ბაქოში საქართველოს ახალი რეკორდი დავამყარე და ყველანაირად კმაყოფილი ვარ.

თამაზ ფუტკარაძე: "მედალს ნამდვილად ველოდით და მიხარია, რომ ყველას იმედი გავამართლეთ, ვინც გვეხმარებოდა და შრომა ჩადო ამაში - ოლიმპიური კომიტეტიც და სამინისტროც. ამ დახმარებამ მოიტანა ეს შედეგიც - პირადშიც და გუნდურშიც..."

ხათუნა ნარიმანიძე: "ძალიან ვღელავდით და განვიცდიდით, ძალიან გვინდოდა მოგება. სროლა დამოკიდებულია ფსიქოლოგიაზე - ვინც ძლიერია, ის იმარჯვებს. ჩვენზე მოქმედებს ამჟამად საქართველოში შექმნილი ვითარება, რასაც ძალიან განვიცდით და ვეცადეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთი დღე გვეჩუქებინა. ამისთვის ორივემ ყველაფერი გავაკეთეთ.

ძალიან გახარებული და ბედნიერები ვართ ამ მედლით. ფინალში იტალიამ გვაჯობა, ესე იგი, კიდევ გვაკლია მომზადება. უფრო მეტად - ფსიქოლოგიური. ინვენტარის განახლებაც აუცილებელია, თუმცა ამ მხრივ ოლიმპიური კომიტეტიც და სხვებიც ძალიან გვეხმარებიან".

ჩხუბი და მედლები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახლა კი განიცდის და ინანიებს ნერვებზე აყოლას, მაგრამ გვიანღაა "თითზე კბენანი". ანდრეეუ ცოტა ბოღმიანი მოჭიდავეა, რაც არაერთხელ გამოუმჟღავნებია და კარგად გვახსოვს მისი რეაქცია 2013 წლის მარტში თბილისის სპორტის სასახლეში, როცა გიორგი ედიშერაშვილთან წაგება მძიმედ გადაიტანა...

ჩემ მიერ ერთხელ უკვე მოხსენიებულმა ბელარუსმა ჟურნალისტმა, რომელმაც უცნაური რამ მითხრა იოსებ ჩუგოშვილზე, არც ანდრეეუს დააკლო ხელი: ჩვენს სპორტსმენს საერთოდ არ აქვს ჭკუა, თქვენსას კი არ ეყო გამოცდილება, რომ არ აჰყოლოდაო...

ლადოს კარგად უნდა სცოდნოდა მისი ავყია ხასიათი და მართლაც არ უნდა აჰყოლოდა - ბელარუსთან შედარებით (თუმცა ანდრეეუ ციმბირელია, რუსეთიდანაა იქ გადასული) ხომ უფრო მეტი მან დაკარგა, როგორც ჩემპიონობის უფრო რეალურმა კანდიდატმა.

ეს შეხვედრა ნერვიული რომ იქნებოდა, დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა. ხინჩეგაშვილმა შეხვედრის დასაწყისში იოლად გაატარა მისი შეტევა და 2 ქულა დაკარგა, რამაც ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა...

ცხადია, თავის მირტყმა, ხელის წამორტყმები ორივე მხრიდან იყო, რაც ჭიდაობის თანამდევია. მეორე პერიოდის დასაწყისში ბელარუსმა თითი დაახლოებით ასე ანიშნა ჩვენებურს, ფრთხილად იჭიდავეო. ამას ხინჩეგაშვილის მისვლა და ხელის თავში მორიგი ჩამოკვრა მოჰყვა, მაგრამ მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, გადამეტებისა და უხეშობის გარეშე - ეს ერთ-ერთი მიღებული ილეთია ჭიდაობაში, მაგრამ ბელარუსმა უკვე ქუჩური ჩხუბის მუჯლუგუნით უპასუხა. ამანაც ხურდა დაუბრუნა და თანდათან უმატეს დარტყმის ძალას, ბოლო სიტყვა კი ისევ ხინჩეგაშვილმა თქვა - ისეთი ამოსცხო ყბაში, მოკრივეებს შეშურდებოდათ...

"ჩვეულებრივი საჭიდაო მომენტი იყო, ასეთები ხდება ხოლმე. ადრე არასოდეს მქონია მასთან ჩხუბი. ბუნებრივია, ვნანობ მომხდარს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ეს ჩვეულებრივი საჭიდაო ეპიზოდი იყო".

საინტერესოა, რომ არბიტრი არ აპირებდა მათ მოხსნას - ქართველს გაფრთხილებით სჯიდა, ქულას კი მეტოქეს აძლევდა, მაგრამ საქმეში ჭიდაობის ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი ცენო ცენევი და მისი სამწყსო ჩაერია - სწორედ მათ მიიღეს ორივე ფალავანის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება...

ჩხუბმა შედეგი არ გამოიღო და ტურნირის ფავორიტი უმედლოდ დარჩა. კულუარებში ამბობენ, რომ ამაში მიხეილ მამიაშვილის ხელი ურევია - მან მიაღებინაო ასეთი გადაწყვეტილება ცენევს, რითაც თავის ფალავანს, მომავალ ჩემპიონ ვიქტორ ლებედევს მთავარი კონკურენტი ჩამოაცილაო....

რამდენად მართალია, ვერ გეტყვით. არადა, ლადო ძალიან კარგად იყო მომზადებული და მანამ დამაჯერებლად მოუგო რუმინელ ანდრეი დუკოვსა და ალბანელ ისმაილ ისმაილის.

მათი მოხსნის შემდეგ უცნაური ვითარება შეიქმნა - გაურკვეველი იყო, გაიმართებოდა ფინალი თუ მეორე მხრიდან გასული ავტომატურად გაიმარჯვებდა...

მოგვიანებით ჩვენმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა თემურ ყაზარაშვილმა გვითხრა, რომ სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, ამათთან წაგებულებს ეჭიდავათ დამამშვიდებელში, სადაც გამარჯვებული გავიდოდა ფინალში, ხოლო წაგებულს ბრინჯაო გადაეცემოდა. საბოლოოდ, ამათთან წინა წრეში წაგებულები ნახევარფინალში აჭიდავეს, საამისოდ კი გერმანელი მარსელ ევალდიც და ალბანელი ისმაილიც "ავტობუსიდან ჩამოხსნეს".

უბედურება ისაა, რომ მსგავსი შეხვედრები მსოფლიოს ფედერაციას გათვალისწინებულიც არ აქვს. ან ის სადაური სამართალია, მსაჯის გადაწყვეტილებას ფედერაციის პრეზიდენტი და ფუნქციონერი წყვეტდეს - მაშ, არბიტრი რისი მაქნისია?

მთლიანად, რევაზ მინდორაშვილის გუნდი გაცილებით უკეთ ჩანს მომზადებული, ვიდრე - ბერძენ-რომაელები იყვნენ... ეს ეტყობოდა თითქმის ყველა ფალავანს, ვინც გუშინ იასპარეზა...

ოდიკაძეც ძალიან კარგად ჭიდაობდა და ფინალში ცოტა მეტი ფხა რომ გამოეჩინა, ვინძლო, მასპინძელი ხეტაგ გოზიუმოვი კიდევ ერთხელ დაეჩაგრა. სამწუხაროდ, ფეხიდან აყვანილი კაცი, როცა პასიურობისთვის დრო ჰქონდა ჩართული, ვერ გადააგდო და ლამის გარანტირებული ქულა დაკარგა...

ვგონებთ, ამ ეპიზოდის გამოყენება ბევრს შეცვლიდა საერთო ფონში. მოგვიანებით თვითონაც თქვა, რომ ცოტა გადაიღალა ფინალში გასვლით და მეტი მოტივაცია მართებდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ელიზბარ ოდიკაძე (მარცხნივ) ვერცხლის მედალოსანია
"ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეს ჩემთვის პირველი მედალია პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ღმერთის წყალობით, მომავალში უკეთესი შედეგები იქნება", - გვითხრა მან.

ვერ ვიტყვით, რომ ფინალამდე სადმე გაუჭირდა - ლიტველი მინდაუგასიც, სლოვაკი იაროვიარიც და ნახევარფინალში უკრაინელი ანდრეიცევიც საკმაოდ იოლად დაამარცხა.

წინასწარ შეხვედრებში მშვენივრად იბრძოდა ჯუმბერ ყველაშვილიც, რომლის მომზადებასაც ეტყობოდა მწვრთნელის ხელი - უკრაინელ დუდაევსაც, გერმანელ ჰარტსაც და პოლონელ ბრზოზოვსკისაც უპრობლემოდ მოუგო, თუმცა რუსთა ყაბარდოელმა მომავალმა ჩემპიონმა ანუარ გედუევმა (ორი დღის წინათ მამა გამხდარა) სარკეში ჩაგვახედა და დაგვანახვა, რამდენით გვისწრებს. მან 8 ქულა (ბოლოს 4-იანიც გააკეთა) საკმაოდ სწრაფად მოიპოვა. თან ჩვენებურმაც წელი იტკინა...

დამამშვიდებლის ფინალში ყველაშვილმა ბელარუს ალი შაბანაუს აჯობა მძიმე ბრძოლაში.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯუმბერ ყველაშვილი (მარჯვნივ) ბრინჯაოს დასჯერდა
გუშინ ჩვენი ფალავნებიდან ნაადრევად მხოლოდ ალექსანდრე კენჭაძე (65) გავარდა, ვინც ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და გამოცდილება არ ეყო.

მსროლელები ისევ უფინალოდ
სამწუხაროდ, ტყვიის მსროლელები ვერც ამჯერად მოხვდნენ ფინალში, თუმცა 15 წლის ლიზი კილაძემ და 17 წლის ცოტნე მაჭავარიანმა კვლავაც მაღალი შედეგები აჩვენეს.

ქალებში კილაძემ და ნინო სალუქვაძემ პნევმატურში საკვალიფიკაციო ეტაპი 379-379 ქულით დაასრულეს და მე-15-16 ადგილები გაინაწილეს.

მაჭავარიანმა თავისი რეკორდი კიდევ 2 ქულით გააუმჯობესა, ამჯერად 576 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილზეა... ის სამი ქულით ჩამორჩა ფინალის საგზურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა რომ ხინჩეგაშვილი მოხსნეს მისი მოქმედებას გამართლება არ აქვს სასიხარულოა მშვილდოსნების წარმატება ვულოცავ მათ ასეთ დიდ წარმატებას
ემზარი
11:28 18-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული