დასანანი შეხვედრა წააგეს ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა უკრაინელებთან... ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 4:4, დამატებითიც ასევე ფრედ მორჩა - 27:27, მაგრამ უკრაინელებმა ერთი ისარი 10-იანში გაარტყეს, ჩვენებმა - ვერა და ამის გამო გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
არადა, რეალურად შეიძლებოდა, საქმე აქამდე არ მიეყვანათ და ძირითად დროშივე მოეგოთ.
ჯერ კიდევ მესამე სეტშივე შეეძლოთ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა და მოგვიანებითაც იყო შანსი. ამიტომ სწყდებოდათ გული ისე ძალიან. არც გოგოებს და არც მწვრთნელებს დანა პირს არ უხსნიდათ, როცა დაბლა ჩავედი მათთან, სადაც საპანაშვიდე
ასეთი შანსი რომ გვქონდა, ესაა გულდასაწყვეტიო, თქვა ხათუნა ნარიმანიძემ, თუმცა ლაპარაკითაც არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ცალკეულ ფრაზებს თუ გააყოლებდნენ გულისტკივილს...
გაწბილების საბაბი კი მართლაც ჰქონდათ და არც ჩვენ ჩამოვთვლით, ვინ რამდენი ქულა დააგროვა, რა ნიშნულში მოარტყა ისარი - ჩავარდნაც სამივეს ჰქონდა და შეხვედრის სადავეც თუნდაც ერთხელ ნებისმიერს ჩაუვარდა ხელში. ამიტომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძის სიტყვებს გავიმეორებთ, ყველამ წავაგეთო...
მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ უფრო სტაბილურად ნარიმანიძემ და ქრისტინე ესებუამ ისროლეს, ოღონდ გადამწყვეტ მომენტებში მათაც უმტყუნა იღბალმა.
არადა, ჩვენებმა პირველი სეტი 56:53 მოიგეს იმის მიუხედავად, რომ პირველივე გასროლაზე 6-იანის მეტი ვერ მოვინადავლეთ. სამაგიეროდ, ამ ჩავარდნამ თითქოს ძალა შეჰმატათ და მომდევნო 5-ვე ისარი 10-იანში მოარტყეს...
სამწუხაროდ, მომდევნო სერიებში 10-იანი გაგვიუცხოვდა, თუმცა მეორე სეტში ყველაზე საჭირო დროს მოიპოვა ნარიმანიძემ: უკრაინა 53:43 გვიგებდა, როცა ფედერაციის პრეზიდენტმა 10-იანში "დასვა" ისარი და ანგარიში გაათანაბრა.
მესამეც ასევე ფრედ დასრულდა და ანგარიში 4:2 იყო ჩვენს სასარგებლოდ. მეოთხეც რომ ფრედ დასრულებულიყო, სავსებით გვაწყობდა, მაგრამ უკრაინელებმა 54:49 მოგვიგეს.
დამატებითში, სადაც მონაწილენი თითო ისარს ისვრიან, ანასტასია პავლოვამ პირველივე გასროლაზე 10-იანში გაარტყა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათ მომდევნო ისრებით 9 და 8 ქულა გამოიმუსავეს, ჩვენებმა კი სამივე ისარი 9-იანში გაარტყეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ვერაფერს გახდნენ. თუმცა ერთსაც რომ გაერტყა 10-იანში, ვინძლო, მაინც წაგვეგო - მაშინ გადაამოწმებდნენ, ვისი ნასროლი იქნებოდა წრის შუაგულში.
ისე, ყველაფერს ბედი რომ უნდა: წინა დღეებში თურმე ჩვენი "დამღუპველი" პავლოვა მწვრთნელმა ვიქტორ სიდაკოვმა კინაღამ სახლში გააგდო. სიდაკოვი "დესპოტი მწვრთნელების კატეგორიას" მიეკუთვნება და როგორც ამბობენ, ხმის შებრუნებას ვერავინ უბედავს, პავლოვამ კი თურმე მის მუქარას, სახლში გაგიშვებო, პირდაპირ სასროლეთზევე, სხვა სპოერტსმენების გასაგონად უპასუხა, ამიღეთ ბილეთი და დღესვე დავბრუნდებიო... ნეტამც მართლა გაეშვათ!
წაგების მიუხედავად, მშვილდოსნებს საყვედური მაინც არ ეთქმით - მათ თავისი საქმე უკვე გააკეთეს, როცა შერეულ წყვილებში ფინალში გავიდნენ. ეს ხომ დაუგეგმავი მედლები იყო და თან პირველი თამაშების პირველი მიღწევა!
ქალთა ტურნირში იტალიამ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ბელარუსს 5:3 სძლია. მესამეზე უკრაინა გავიდა, რომლებმაც პოლიტიკური ჯავრი რუსებზე იყარეს - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ისევ დამატებითში 5:4 მოუგეს. საყურადღებოა დამატებითის ანგარიში - 30:29.
დღეს, 19 ივნისს, მშვილდოსნობაში ინდივიდუალურში პლეი ოფები იწყება, ოღონდ მხოლოდ ქალები იასპარეზებენ და ისინიც მარტო პირველ წრეს გაივლიან. ოღონდ ჩვენების გამოსვლა მთელ დღეზეა გაწელილი, რაც მთლად კარგი ვერაა.
ლაშა ფხაკაძე პლეი ოფის პირველ წრეში ხვალ, 20 ივნისს ისვრის.
თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"