"მედლების რაოდენობით შედარებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ხარისხით უკეთესის მოლოდინი გვქონდა არა მარტო ჩვენ - დელეგაციის ხელმძღვანელობას, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც თამაშებს თვალს ადევნებს, დაინტერესებულია ბაქოში ქართული სპორტის წარმატებული გამოსვლით და აქვთ მოლოდინი, რომ ამის შემდეგ აქტიურად ჩავერთვებით რიოს ოლიმპიადისთვის მზადებაში.
ფაქტობრივად, ესაა ადგილი, სადაც ვამოწმებთ ჩვენს სპორტსმენებს დიდი ოლიმპიადის თვალსაზრისით.
ჭიდაობაში ამ თამაშებზე ჩემპიონი რომ არ
ჩვენ მიჩვეულები ვართ კარგ შედეგებს, ჩემპიონებს, რაც არ გვყოლია. ეს ხალხიც იმ შეჯიბრებებიდან მოდის და აქაც გამოჩნდა ხარვეზები, განსაკუთრებით - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც აშკარად სერიოზული პრობლემებია და უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად შეძლებს გუნდის ყველა წევრი ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას.
თუმცა ფედერაციამაც, ოლიმპიურმა კომიტეტმაც და ყველამ მაქსიმალური რესურსი უნდა ავამუშაოთ, რომ ოლიმპიადაზე სრული გუნდით წარვდგეთ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან დაკავშირებით, გაორებული გრძნობა გვაქვს ყველას - 5 მედალი მოიპოვეს, მათ შორის - ორი ვერცხლისა, მაგრამ არაა ოქრო.
თან მოხდა ძალიან დასანანი და სამწუხარო ამბავი, რაც არ უნდა მომხდარიყო. ვგულისხმობ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაციას. მართალია, ის ასაკით დიდი არაა, მაგრამ გამოცდილი სპორტსმენია, ამხელა ტიტულების პატრონი, მისგან მაგალითი სხვებმა უნდა აიღონ და არ უნდა აჰყოლოდა იმის მიუხედავად, რომ ჩხუბი ბელორუსმა წამოიწყო.
კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ კონკრეტული მიდგომაა საჭირო. სპორტი უამრავი ნიუანსისგან შედგება და ერთმა წამიერმა აფექტურმა გადაწყვეტილებამ, ეპასუხა მისი პროვოკაციისთვის, ასეთი შედეგი მოიტანა.
დადებითი ამბავი იყო მშვილდოსნების ვერცხლი, რაც ჩვენი პირველი ჯილდო აღმოჩნდა ბაქოში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ბოლო პერიოდში შედეგებიც ჰქონდათ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მათი წარმატება.
ხათუნა ნარიმანიძე გამოცდილი სპორტსმენია, თუმცა ახალგაზრდა ლაშა ფხაკაძის ასეთი კარგი გამოსვლა ძალიან სასიამოვნოა.
დიდი წარმატებაა სალომე ფაჟავას ბრინჯაოს მედალიც... სამწუხაროდ, პირველ დღეს მის გამოსვლას ვერ დავესწარი, რადგან სხვა შეჯიბრებაზე ვიმყოფებოდი, როცა მეხუთე იყო. როგორც მითხრეს, ძალიან კარგად გამოვიდა. იყო ევროპაში მეხუთე, ეს არაა იოლი, თუმცა სამწუხაროდ, ამ სახეობაში ძალიან დიდია მსაჯის ფაქტორი, როგორც კრივში, სადაც ასევე უმედლოდ დავრჩით...
როგორც ვთქვი, რიოს ოლიმპიადის თვალსაზრისით, ვითარება არცთუ კარგი გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში, რაც ოლიმპიურ კომიტეტში ვარ, ვხედავ, რომ ის თანხები საკმარისია, მაგრამ პრობლემა არასწორი ხარჯვაა.
ეს გამოსვლა ძალიან სერიოზულ ანალიზს მოითხოვს".