პრესცენტრიც გადაჭედილი დაგვხვდა - იმდენი ჟურნალისტია, მაგიდებთან თავისუფალი ადგილი ძლივს ვიპოვეთ, უმეტესობა კი ტრიბუნებზე განლაგდა... ჩვენი ჟურნალისტთა კორპუსი ოთხშაბათს კიდევ ორი წევრით შეივსო - ოთარ მაღლაკელიძე და ზურაბ უსუფაშვილი დაგვემატნენ, გუშინ დილით კი ჩვენი ძიუდოისტების საქომაგოდ თამარ ბალავაძეც ჩამოვიდა. თუმცა არა მარტო ის - საკმაოდ დიდი ჯგუფია ჩამოსული, მათ შორის -
როგორც ვიცი, მომდევნო დღეებში წამოსვლას კიდევ აპირებენ ქომაგები. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ბილეთები წინასწარ არ იყიდება, მხოლოდ დილით იწყება გაყიდვა და ისიც მხოლოდ დილის სესიისა. საღამოს ბილეთების გაყიდვაც კი შესვენების შემდეგ იწყება. ფასი - 3 მანათი.
* * *
დარბაზში მისულებს ამირან პაპინაშვილის ლოდინი კარგა ხანს მოგვიწია, რადგან მეორე წრეში ჭიდაობდა. თუმცა მე მანამდეც ვნახე - პრესცენტრიდან პრესლოჟისკენ მომავალ დერეფანში შემხვდა, ტრიბუნიდან სპორტსმენთა გასახდელში ჩადიოდა. მშვიდად გამოიყურებოდა, არ ეტყობოდა ნერვიულობა. არადა, ამ დროს უკვე გარკვეული იყო მისი პირველი მეტოქე - ებრაელი არტიომ არშანსკი და ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. ებრაელთან ჭიდაობით პაპინაშვილმა იმედი ჩაგვისახა - აგრესიულადაც მოძრაობდა, უტევდა, ტაქტიკურად სწორად წარმართავდა ორთაბრძოლას, არც დაღლილა, არც ფეხის ტრავმა დასტყობია და არშანსკი ორჯერ სრულიად დამსახურებულად გააფრთხილებინა.
გვესიამოვნა, რომ ვერც გაფრთხილებით ჩამორჩენამ გატეხა. პირიქით - ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა და გასაქანი არ მისცა მას. ქულა არ გაუკეთებია, მაგრამ მის სტილს ეტყობოდა, უფრო ტაქტიკურ აქტიურობაზე იყო გათვლილი და არა ილეთებზე. ჯვარი ეწეროს და, ტრავმისა არაფერი ეტყობოდა, იმდენად დამაჯერებლად მოძრაობდა.
პაპინაშვილის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი ჟეროენ მოორენი იყო. ევროპის ორგზის მედალოსანმა ჰოლანდიელმა მანამდე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ისე მოუგო ფრანგ ვინსენ ლიმარეს და ბრიტანელ ეშლკი მაკენზის. არ ველოდი, რომ იოლი მეტოქე იქნებოდა, თუმცა არც არშანსკიზე ძლიერი მგონია. უფრო სწორად, ებრაელი უფრო მოუხელთებელი, უხერხული სტილის ფალავანია. თან ჩვენებურს ჰოლანდიელი რამდენჯერმე დაუმარცხებია.
პაპინაშვილი მოორენთანაც დაახლოებით ისე ჭიდაობს, როგორც - ებრაელთან: აქტიურად, არა ილეთებზე, უფრო ტაქტიკურად და მიზანსაც აღწევს. მართალია, ერთი გაფრთხილება თავადაც მიიღო, მაგრამ მეტოქეს ორი მიაღებინა და ორთაბრძოლა მშვიდად მიჰყავდა გამარჯვებისკენ. ის არ ჩამდგარა ყრუ დაცვაში და არ გადასულა პასიურ თავდაცვაზე, თუმცა ზედმიწევნით ასრულებდა მწვრთნელ ირაკლი უზნაძის დარიგებებს, არ გაუთამამდეო.
დამთავრებამდე 30 წამით ადრე შეტევაც წამოიწყო, მოორენი დაბლა ჩააგდო და კიდევ რამდენიმე წამი მოიგო. როცა ადგნენ და განაახლეს ჭიდაობა, სულ რაღაც 15 წამი რჩებოდა. აი, სწორედ აქ, ამ უმარტივეს სიტუაციაში, შეცდა ჩვენი ფალავანი და გამოეპარა მეტოქის შესვლა...
იმ დროს ყველაზე უფრო მისაღები "ჩაკეტილი" ჭიდაობა იქნებოდა, რაც ამ ბოლო წამებს მოაგებინებდა. აკი ბოლოს თვითონაც აღიარა, რომ ის შესვლა, რასაც კონტრი მოჰყვა, არაფერში სჭირდებოდა.
ამ დასანანი მარცხის შემდეგ, რომელმაც ქართველთა საჩემპიონო ამბიციაც შეიწირა, პაპინაშვილი სანუგეშოში გადაერთო, სადაც პირველ მეტოქედ გერმანელი ენგლმაიერი ერგო. პაპინაშვილმა მას ძალიან იოლად მოუგო - ძალების დაუძაბავად, თავისუფლად. თან, პირველად ამ ტურნირზე, ქულებიც გააკეთა - იუკო და ვაზარი აართვა, რასაც გაფრთხილებებიც მიაყოლა.
გერმანელი იოლი ლუკმა გამოდგა მისთვის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაისში ბაქოში მასთან მარცხი მართლაც იმ ძნელბედობის ბრალი იყო, რაც ტრავმებით გამოწვეულ სარეაბილიტაციო პერიოდს ახლდა.
სანუგეშოს ფინალში პაპინაშვილის წინ ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი აღიმართა. ის ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ბაქოში კი, ვიდრე ნახევარფინალში მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორი ორხან საფაროვი დაამარცხებდა, იქაურთა კიდევ ერთი ჯილა, მსოფლიოს მედალოსანი ილგარ მუშკიევი და სომეხი მსოფლიოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ფინალისტი ჰოვანეს დავთიანი გაიფინა.
პირენეელი საკმაოდ კერკეტი კაკალი ჩანდა, რასაც სხვა შიშიც აძლიერებდა - თებერვლიდან მოყოლებული, პაპინაშვილმა ოთხჯერ წააგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა. იყო შიში, რომ ეს ფაქტორი ტვირთად დააწვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ბევრად მობილიზებული გამოვიდა და "ესპანური კაკალი" იოლად გატეხა, გამოცდილების, მაღალი კლასის ხარჯზე პირწმინდად დაჯაბნა გარიგოსი - სამჯერაც გააფრთხილებინა და ბოლოს იპონზეც დააგდო...
პაპინაშვილის გამოსვლაზე რა შეიძლება ითქვას? უპირველესად, ის, რომ დასძლია ზემოხსენებული კომპლექსი, რამაც აქამდე ოთხჯერ წააგებინა დამამშვიდებლის ფინალი. მას ახლაც აწუხებდა ტრავმა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ეგ კი არა, მოგვიანებით, როცა სპორტსმენთა მოსათელ დარბაზში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჩამაპარა, გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა მითხრა, შეხვედრაზე გასვლის წინ ფეხებზე მასაჟს რომ ვუკეთებდი, ხელი როგორც კი ოდნავ ძლიერად მომიხვდა, მაშინვე ტკივილისგან იყვირაო... ამ დროს პაპინაშვილი ტატამზე ძალიან გახსნილად, თავისუფლად მოძრაობდა, ტრავმირებულს არ ჰგავდა, მყარად იდგა ფეხზე...
ყოველ შემთხვევაში, მოორენთან რაც მოუვიდა, ეს უფრო სხვა ტიპის პრობლემაა, შემთხვევითი ამბავია და არაა ტრავმით გამოწვეული.
ცხადია, ოქროს არაფერი სჯობდა, მაგრამ ამ პირობებში მოპოვებული ბრინჯაოც კარგია. თან მასში არის რეზერვი - ტრავმირებული თუ ასე ჭიდაობს, გამოჯანმრთელების მერე ბევრად ძლიერი იქნება. ამით მან დაიბრუნა თვითრწმენა, დასძლია ზემოხსენებული კომპლექსი...
ამირან პაპინაშვილი:
"მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მენისკის ოპერაცია გავიკეთე. შემდეგ კორეა-იაპონიაში შეკრებები კი გავიარე, მაგრამ ასეთი ტრავმის შემდეგ ძნელია ფორმაში შესვლა. ამის მიუხედავად, აქ მაინც ოქროსთვის წამოვედი და ისეთ სპორტსმენთან წავაგე, ვისთანაც სამჯერ მქონდა მოგებული.
ეს შემთხვევითობა იყო, ის ილეთი არ უნდა წამომეწყო, არ უნდა გამერისკა და მოგებული ვიყავი. შეცდომა დავუშვი, თორემ ნახევარფინალში უნდა გავსულიყავი.
ნახევარფინალის წაგების შემდეგ ბრინჯაოსთვის ჭიდაობა ყოველთვის მიჭირს. თან იმ ტურნირების წაგებებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, ფსიქოლოგიურად ეს ძნელია, მაგრამ ახლა ესპანელის წინააღმდეგ კარგად განვეწყვე. ჩემი ჭიდაობის ხარისხით კმაყოფილი ვარ და მსოფლიოსთვის კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები".
ირაკლი უზნაძე:
"პაპინაშვილი იმ დონის ფალავანია, ოქროს მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო შეკრებაზე ნაოპერაციები ფეხი გაუმიზეზდა და სრულყოფილი მზადება ვერ გაიარა. ამიტომ მის მიერ ნაჩვენები ჭიდაობის დღევანდელი ხარისხით კმაყოფილი ვარ.
მისგან მედალს ველოდით, თუმცა ჩემპიონობაც შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელთან შემთხვევით წააგო, თორემ ჭიდაობით სჯობდა. ეს ჩვენი გუნდის პირველი მონაგარია, რაც ბიჭებისთვის დამატებითი სტიმული იქნება ოქროს მოსაპოვებლად.
ადრეც გითხარით, რომ გუნდში რამდენიმე საშუალო სირთულის ტრავმაა, თუმცა განწყობა საბრძოლოა. პაპინაშვილი ახლა ტრავმირებული ჭიდაობდა, თუმცა იმედია, ის ტრავმა მხოლოდ ამ ეტაპისთვის იყო ხელისშემშლელი და მსოფლიოზე ვერ შეაფერხებს.
ოღონდ ძიუდო საბრძოლო სპორტის სახეობაა, ტრავმა კი მისი თანამდევია. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ პრობლემას დროულად დააღწიოს თავი".
* * *
ამდენად, ჩვენთვის ევროთამაშების მორიგი დღეც ოქროს გარეშე დამთავრდა, საქართველოს დელეგაციამ კი მე-11 მედალი მოიპოვა. მათგან 3 ვერცხლია, დანარჩენი კი ბრინჯაო. საერთო ჩათვლაში საქართველო კვლავ 27-ე ადგილზეა... დაველოდოთ მომდევნო სამ დღეს, როცა ძიუდოისტთა ნაკრების დანარჩენი წევრები გამოვლენ და გუნდური პირველობა ჩატარდება...
ისე კი, უცნაურია, რომ თბილისის პროსპექტზე მდებარე ჰეიდარ ალიევის სახელობის არენაში ჩვენთვის ოქრო არ მოიძებნა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"