ოლიმპიზმი: პეკინს ზამთარიც ანდეს

AutoSharing Option
მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესია, სადაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქად ჩინეთის ქალაქი პეკინი აირჩიეს. 2008 წელს, ამ ქალაქში გაიმართა ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები, შესაბამისად, პეკინი გახდება პირველი ქალაქი ისტორიაში, რომელსაც ზაფხულისა და ზამთრის თამაშებისთვის უმასპინძლია.

არჩევნებში ჩინეთის დედაქალაქს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 44-მა წევრმა მისცა ხმა, მეორე კანდიდატს - ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატის 40 ხმა ერგო. ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

ასე რომ, პეკინი გახდა არა მხოლოდ პირველი ქალაქი ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, სადაც საკმაოდ მოკლე ინტერვალში -
14 წელიწადში ჩატარდება ზაფხულისა და ზამთრის თამაშები, არამედ გაამყარა სარეკორდო ტენდენცია - ოლიმპიადა ზედიზედ მესამედ გაიმართება აზიაში. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას კორეის პიონჩანგი მიიღებს, 2020 წლის ზაფხულის თამაშებს - იაპონიის დედაქალაქი ტოკიო.

სპეციალისტების აზრით, ალმა-ატის წაგების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ჩინეთს უფრო მეტი სპორტული ავტორიტეტი აქვს, ვიდრე შუა აზიის რესპუბლიკას. გარდა ამისა, ჩინელებმა უფრო სერიოზული ფინანსური გარანტიები წარმოადგინეს. ყაზახეთის მთავრობის მონაცემებით, ზამთრის თამაშების ორგანიზებისთვის 1.7 მილიარდი დოლარი უნდა დაეხარჯათ, ჩინელების ბიუჯეტი კი 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პეკინს გაცილებით მდიდარი სპორტული ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც 2008 წლის თამაშებიდან დარჩა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა დახუჭეს თვალი ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე: ყაზახეთში ზამთრის თამაშებისთვის უფრო მისაღები კლიმატია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩინეთში თოვლის ხილვა მხოლოდ მთებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სპორტულმა ჩინოვნიკებმა ყურადღება არ მიაქციეს იმას, რომ პეკინი - ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია მსოფლიოში.

კომიტეტის წევრებმა ასევე არ გაითვალისწინეს ყაზახური განაცხადის ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: ალმა-ატიში ოლიმპიური სოფლიდან 32 კილომეტრის რადიუსშია თითქმის ყველა ოლიმპიური ობიექტი. ჩინელთა გეგმების მიხედვით კი, თამაშები ერთბაშად სამ ადგილას გაიმართება:

ცენტრალურ პეკინში (გახსნის ცერემონია, ფიგურული ციგურაობა, შორტ-ტრეკი, ჰოკეი, ქიორლინგი, ციგურებით სირბილი), ქალაქ იანცინში (სამთო-სათხილამურო სპორტი, ბობსლეი, ციგაობა, სკელეტონი) და ქალაქ ჟანციაოკუში (სათხილამურო რბოლა, ტრამპლინიდან ხტომა, ბიატლონი, ფრისტაილი და სნოუბორდი). ოლიმპიური სოფელი ზოგიერთი ობიექტებიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.

ფარულ კენჭისყრაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 100 მოქმედი წევრიდან 85-მა მიიღო. მათგან 11-მა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო სესიაზე დასწრება: გერჰარდ ჰეიბერგმა, ოლე-ეინარ ბიორნდალენმა (ორივე - ნორვეგია), იოზეფ ბლატერმა (შვეიცარია), ჰეილი ვიკენჰაიზერმა (კანადა), მუნირ საბეტმა (ეგვიპტე), ლი კუნ ჰიმ (ს. კორეა), ჯონ ისტონმა (აშშ), კირსტი ქოვენთრიმ (ზიმბაბვე), ჰერცოგმა ანრიმ (ლუქსემბურგი), ანდრეს ბოტერო ფილიპბურნმა (კოლუმბია) და საიედ შაჰიდ ალიმ (პაკისტანი). გარდა ამისა, რეგლამენტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას ბახს და ჩინეთის სამ დელეგატს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თამაშების მიღებაზე ასევე აცხადებდნენ პრეტენზიას პოლონეთის კრაკოვი, უკრაინის ლვოვი, ნორვეგიის ოსლო და შვედეთის სტოკჰოლმი. კრაკოვმა განაცხადი გაიწვია სახალხო რეფერენდუმის შემდეგ, ლვოვს ხელი შეუშალა ქვეყანაში პოლოტიკურმა სიტუაციამ, ოსლო მოიხსნა მთავრობის მხრიდან ფინანსური გარანტიების წარმოდგენაზე უარის თქმის გამო, სტოკჰოლმი კი ბრძოლას გამოეთიშა ქალაქის მერის გადაწყვეტილების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული