ოლიმპიზმი: მასპინძლობის ხუთი ოფიციალური კანდიდატი

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში დასრულდა ოფიციალური განაცხადების მიღება ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე.

კანდიდატი ქალაქების სია ასე გამოიყურება: ლოს ანჯელესი, რომი, პარიზი, ჰამბურგი და ბუდაპეშტი. ასევე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ აჰმადაბადი (ინდოეთი), ბაქო (აზერბაიჯანი) და ტორონტო (კანადა), მაგრამ ამ სამეულმა აღარ შეიტანა განაცხადი საერთაშორისო კომიტეტში.

"მივესალმებით ხუთ მაღალკვალიფიციურ ქალაქს. ახალი წესების თანახმად, განაცხადების შეტანა გამოიყურებოდა როგორ მიწვევა ჩვენი მხრიდან და ქალაქებმა ამ მიწვევას დიალოგისა და თანაშმრომლობის გზით უპასუხეს.

რაციონალურობა და მემკვიდრეობაა ქვაკუთხედი თითოეული ქალაქი-კანდიდატისთვის", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ
ბახმა.

ცნობილია, რომ ოლიმპიური კომიტეტი 1.7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს იმ ქალაქს, რომელიც 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს. არჩევნები 2017 წელს გაიმართება.

* * *
კალგარის მერმა ნაჰიდ ნენშიმ პირობა დადო, რომ ქალაქში ზამთრის ოლიმპიადას დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ კანადის ამ ქალაქში 1988 წელს გაიმართა ოლიმპიური თამაშები. ნენშის თქმით, კალგარი მზად არის უმასპინძლოს 2026 წელს "თეთრ" ოლიმპიადას.

"შესაძლოა, 2026 წელი - ჩვენი მომენტი იყოს. უკვე ბევრ ადამიანს ველაპარაკე, რომ ეს საინტერესო იდეაა და უფრო კონკრეტულ განხილვას საჭიროებს. მზად ვარ ვესაუბრო პროვინციულ და ფედერალურ მთავრობებს, მაგრამ, რაც უფრო მთავარია, ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და საზოგადოებას", - განაცხადა მერმა.

როგორც იცით, 2018 წელს ზამთრის თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება, 2022 წელს - პეკინში (ჩინეთი).

2026 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს 2019 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 132-ე სესიაზე აირჩევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული