დოპინგ-სკანდალი: რუსეთი რიოს ოლიმპიადას შორდება

AutoSharing Option
რუსეთი უნდა მოიკვეთოს ყველა ტურნირიდან, რომელიც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მიზეზი ანტისადოპინგო წესების სისტემატიური დარღვევაა. ასეთი რეკომენდაციით მიმართა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA).

გუშინ, WADA-მ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა 323-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია რუსულ მძლეოსნობაში დოპინგის გამოყენების შესახებ გამოძიების შედეგები.

გამოძიება შარშან დაიწყო და ის ინიცირებული იყო რუსი სპორტსმენების მისამართით მრავალრიცხოვანი ბრალდებებით, მათ შორის, გერმანულ ტელეარხზე ARD-ზე გაშვებული დოკუმენტური ფილმით.

* * *
WADA ადანაშაულებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს "პირდაპირ დაშინებასა და უხეშ ჩარევაში". ეს არის ამ დოკუმენტის
ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი: უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს მუდმივი გავლენა ჰქონდა მოსკოვში ქვეყნის მთავარ ანტისადოპინგო ლაბორატორიაზე, რომელიც WADA-ს მიერ არის აკრედიტირებული. აგრეთვე ემუქრებოდა დოპინგ-ოფიცრებსა და მათი ოჯახების წევრებს.

ანგარიშში წერია, რომ 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მხრიდან მუქარის გამო ფერხდებოდა ლაბორატორიის მუშაობა.

* * *
WADA მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე რუსი სპორტსმენების მოკვეთის რეკომენდაციით გამოვიდა. მანვე მოითხოვა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მოღვაწეობის შეჩერება და მოსკოვის ლაბორატორიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.

* * *
WADA ხუთი რუსი სპორტსმენისა და ხუთი მწვრთნელის სამუდამო დისკვალიფიკაციის რეკომენდაციით გამოვიდა. მათ შორისაა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი მარია სავინოვა, ამავე თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ეკატერინა პოისტოგოვა და სპორტული სიარულის მწვრთნელი ვიქტორ ჩაგინი.

WADA თავის ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ იცოდა სპორტსმენთა შორის არსებულ დარღვევებზე, მაგრამ მაინც დაუშვა ისინი სტარტზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დოპინგ-სინჯებით მანიპულირება რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს პირადი ბრძანებით ხდებოდა.

* * *
WADA-ს რეკომენდაციაა - ჩამოაშორონ სამუშაოს "ანტისადოპინგო ცენტრის" ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი. ის მონაწილეობდა არა მხოლოდ დოპინგ-სინჯების შენიღბვაში , არამედ ამაში ფულს ითხოვდა. WADA ამტკიცებს, რომ როდჩენკოვმა პირადად გაანადგურა 1417 დოპინგ-სინჯი.

* * *
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ დაადასტურა, რომ მისი ორგანაზიცია განიხილავს ოფიციალური ტურნირებიდან რუსი მძლეოსნობის მოკვეთის შესაძლებლობას. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ გამოსვლას 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

* * *
WADA-ს დამაარსებელი და ყოფილი პრეზიდენტი დიკ პაუნდი ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ხმამაღალი განცხადებით გამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოითხოვს რუსი სპორტსმენების ჩამოშორებას როს ოლიმპიადიდან.

"2016 წლის თამაშებთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციაა - რუსეთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია, - განაცხადა პაუნდმა. - იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას საკუთარი ნებით გააკეთებენ და გამოსასწორებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. რუსეთში უნდა ესმოდეთ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა".

* * *
პაუნდმა აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში გაიმართა შეხვედრა რუსეთის სპორტის მინისტრთან ვიტალი მუტკოსთან. "ჩვენ გავაფრთხილეთ ის, რომ არ მოეწონებოდა გამოძიების შედეგები. იმედი გვაქვს, ისინი წინ წავლენ და იმ პრობლემების გადაწყვეტას დაიწყებენ, რომელიც სპორტს ანადგურებს".

"იცოდა თუ არა მუტკომ ის, რაც ხდებოდა? - დასვა კითხვა პაუნდმა და თავად უპასუხა. - პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მას არ შეეძლო ეს არ სცოდნოდა. და თუ იცოდა, გარეულიც იყო. ეს არის დასკვნა, რომელსაც ვაკეთებთ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე".

* * *
პაუნდმა ეჭვქვეშ დააყენა სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშების პატიოსნება.

"დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ სოჭის ოლიმპიდაზე არ ყოფილა არანაირი მანიპულირება დოპინგთან და შედეგებთან დაკავშირებით", - თქვა პაუნდმა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა The Sunday Times-მა 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ რვა რუსმა მძლეოსანმა ქრთამი მისცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას იმის სანაცვლოდ, რომ სპორტსმენები დოპინგის გამო არ დაესაჯათ და ისინი ლონდონში 2012 წლის ოლიმპიადაზე დაეშვათ.

ქრთამი აიღეს ფედერაციის პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა და ორგანიზაციის ანტისადოპინგო დეპარტამენტის ყოფილმა შეფმა გაბრიელ დოლემ. ამ რვა სპორტსმენს შორის არიან ლონდონის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელები. მათი გვარები არ გამჟღვანებულა.

4 ნოემბერს, ლამინ დიაკი და გაბრიელ დოლე დააპატიმრეს. მათ ბრალად სწორედ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისგან დოპინგის გამოყენების შემთხვევების დაფარვისთვის ქრთამის აღება წაუყენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული