რიოს ოლიმპიადა ურუსეთოდ ჩაივლის?

AutoSharing Option
შპიგელი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსეთის სრული ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციის საკითხს

21 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპეციალურ სხდომას ჩაატარებს, რომელზეც განიხილავენ შესაძლო სანქციებს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, - წერს ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "შპიგელი".

ელოდებიან, რომ ლაპარაკი იქნება არა მხოლოდ მძლეოსნობაზე, არამედ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მოკვეთაზე ან სპორტის ცალკეული სახეობების წარმომადგენელთა დისკვალიფიკაციაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სხდომის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ ბახმა, შესაძლოა, კონსულტაცია გაიაროს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.

რუს მძლეოსნებს რიოში გამოსვლა აუკრძალეს
მძლეოსნობის
საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დისკვალიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი მძლეოსნები მონაწილეობას ვერ მიიღებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 21 ივნისის სხდომაზე შეუძლია დისკვალიფიცირებული სპორტსმენების თამაშებზე დაშვება.

გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ფედერაციის საინსპექციო კომისიის ანგარიშის საფუძველზე. ეს კომისია ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდა იმას, თუ როგორ მუშაობდნენ რუსეთის ფედერაცია და ანტისადოპინგო სამსახურები საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომას 24 ადამიანი ესწრებოდა.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ ასე ახსნა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება:

"მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული, საერთაშორისო ფედერაციამ ერთხმად გადაწყვიტა - ამ ეტაპზე არ აღუდგინოს წევრობა რუსეთის ფედერაციას. რუსულმა მხარემ არ შეასრულა აუცილებელი მოთხოვნები. სანამ რუსული ორგანიზაციის დისკვალიფიკაცია იმოქმედებს, მისი ვერც ერთი წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში".

კოემ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო და მას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია: "ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის. საბჭოში 27 ადამიანია და ისინი მთელს მსოფლიოს წარმოადგენენ. პოლიტიკას ამაში არანაირი როლი არ აქვს".

მოგვიანებით, კოემ გაზეთ The Telegraph-ის საკუთარ ბლოგში მთავარ მიზეზად რუსული სპორტის სისტემა დაასახელა:

"კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ სუფთა სპორტსმენების მიმართ. მინდა სრული სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სუფთა სპორტსმენების წინააღმდეგ. ჩვენ შევაფასეთ სისტემა და კულტურა, რომლის შიგნით ყველა რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ეს გაფუჭებული სისტემაა, რომელიც ჩრდილს აყენებს თითოეულ ათლეტს, ვინც მის ნაწილს წარმოადგენს. დიახ, მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის ანგარიშმა დაგვანახა ფუნდამენტალური რეალობა, რომელმაც დაადესტურა, რომ ეს სისტემა არ აღიარებს სპორტის ძირითად პრინციპს - სპორტსმენების დაცვა და უსაფრთხო და სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სადაც მათ ერთმანეთში კონკურენცია შეუძლიათ. ეს არ არის მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუმენტი. აქ იყო სისტემა, რომელიც აფუჭებდა თითოეულ სპორტსმენს რუსულ მძლეოსნობაში".

როგორც გითხარით, 21 ივნისს გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სხდომა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა რუს სპორტსმენებს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მხარი დაუჭირა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ძლიერ პოზიციას დოპინგთან ბრძოლაში. კომიტეტმა შეისწავლა სამუშაო ჯგუფის ანგარიში და რეკომენდაციები და სრულად პატივ სცემს საერთაშორისო ფედერაციის პოზიციას", - წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
არადა ჩვენ ხო გვყავს ძლიერი ოლიმპიური ნაკრები
999l
09:31 20-06-2016
0
ჩააბარეთ ამერიკას მედლები კი არა თავიც
lali
09:32 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული