რიოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება

AutoSharing Option
რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის მორიგ სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის პრეზიდენტის, XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ლერი ხაბელოვის წინადადებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშედ ავთანდილ ჭრიკიშვილის დამტკიცების შესახებ.

ასევე გადაწყდა, რომ ოლიმპიური ფიცის დადების და დელეგაციის საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართება 23 ივლისს დიღომში, ახალი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე. იმავე დღეს ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის მორიგი სხდომა მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებს და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სამზადისს მიეძღვნა.

სასწავლო-საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და მზადების დასკვნითი ეტაპის გეგმებზე ისაუბრეს ძიუდოს, ჭიდაობის, მშვილდოსნობის, ტანვარჯიშის, ფარიკაობის და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებმა დავით ქევხიშვილმა, მანუჩარ კვირკველიამ, ხათუნა ნარიმანიძემ, კონსტანტინე ლაშხმა, არჩილ გოგელიამ და დავით რურუამ, მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა.

ოლიმპიელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის, ანტისადოპინგო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის, საზეიმო გაცილების, მგზავრობის, ოლიმპიურ სოფელში განთავსების და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე აღმასკომს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. ითქვა, რომ ოლიმპიური კომიტეტის სრული შემადგენლობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა შეუფერხებლად მოგვარდეს მიმდინარე საკითხები, ოპერატიულად გადაიჭრას ყველა პრობლემა.

აღმასკომის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ამავე დეპარტამენტის სპორტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბაქრაძე.

რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რააა
Irakli apkhaidze
12:53 30-06-2016
0
წარმატებები! ცხრა უღელი ხარის ძალა მოგეცეს, ძმაო ავთანდილ!
ქუთაისელი
13:05 30-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული