სტამბულიდან სასკოლო ოლიმპიადის მონაწილეები დაბრუნდნენ

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის მონაწილეები დაბრუნდნენ. პირველად საქართველოს ისტორიაში, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ISF-ის 2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება.

საქართველომ ჩემპიონატში სულ 14 მონაწილე წარადგინა გიმნაზიადაზე და თერთმეტმა მათგანმა მედალი მოიპოვა. კარატეში პირველი ადგილი და ოქროს მედალი ანრი ბიწკინაშვილმა მოიპოვა. ბიწკინაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი მოსწავლეა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სასკოლო სპორტში ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე კარატეში ვერცხლისმედალოსნები გახდნენ: ოთარ ანთაძე, ვიტალი კუჩერენკო, თამუნა თურმანიძე და ნიკიტა ბელიავსკი,
ხოლო ბრინჯაოს მედლები თენგიზ თედიაშვილმა და შოთა აბუაშვილმა მოიპოვეს.

ძიუდოში ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციიდან სოფო სომხიშვილმა მოიპოვა. ამავე სპორტის სახეობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლევან ჭელიძე გახდა.

თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი აიღო თორნიკე კვინიკაძემ, ხოლო ბერძნულ-რომაულში - ბექა გურულმა.

"ჩამოვედით ქალაქ ტრაბზონიდან, სადაც იმართებოდა სასკოლო ჩემპიონატი. მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი მოსწავლეები. ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად იასპარეზეს. 14 მონაწილიდან 11-მა მედალი აიღო, რაც საუკეთესო შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით. თითოეულ მათგანს ვულოცავ წარმატებას", - განაცხადა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ამირეჯიბმა.

გარდა ამისა, ანაკლიაში, "მომავლის ბანაკში" ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით გრძელდება სასკოლო ოლიმპიადა. ამ ნაკადში ოლიმპიადა სპორტის 2 სახეობაში მიმდინარეობს - 3x3 კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.

გუშინ გაიმართა პირველი ტურის შეხვედრები ორივე სპორტის სახეობაში როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. შედეგები ასეთია:

კალათბურთი 3X3, ვაჟები:
სამცხე-ჯავახეთი-სამეგრელო-ზემო სვანეთი 8:4, იმერეთი-ქვემო ქართლი 8:3, გურია-აჭარა 5:4, აფხაზეთი-თბილისი 5:4.

კალათბურთი 3X3, გოგონები:
გურია-აჭარა 4:5, აფხაზეთი-კახეთი 7:9, შიდა ქართლი-თბილისი 2:3, სამცხე-ჯავახეთი-იმერეთი 0:6, ქვემო ქართლი-სამეგრელო-ზემო სვანეთი 2:4;

მაგიდის ჩოგბურთი, ვაჟები: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი-ქვემო ქართლი 1:2, აჭარა-კახეთი 0:3, შიდა ქართლი-სამეგრელო-ზემო სვანეთი 0:3;

მაგიდის ჩოგბურთი, გოგონები: თბილისი-კახეთი 2:1, შიდა ქართლი-იმერეთი 3:0, აფხაზეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი 0:3.

დღეს ოლიმპიადაზე მორიგი შეხვედრები გაიმართება. "მომავლის ბანაკი" ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ეგიდით ეწყობა.

ლექსო ნაბახტეველი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული