"მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ!"

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ პარკში დღეს, 22 ივლისს ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სპორტის მინისტრი ესწრებოდნენ. მათ საქართველოს დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, თუ რა მიღწევები გააჩნია ჩვენს ქვეყანას სპორტის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის ოლიმპიურ პარკში განაცხადა.

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას. დელეგაციის წევრები ბრაზილიაში
რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს, სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

- საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვა.

"მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისკენ. მინდა უკვე მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ თქვენ თქვენი შთამბეჭდავი მოღვაწეობით საქართველოს სახელი მნიშვნელოვნად წინ წასწიეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ათობით ექიმს, მწვრთნელს, ადმინისტრაციულ პერსონას, ვინც იდგა და დგას თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იასპარეზებს, რადაგან ჩვენ იქ გავდივართ, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოვუწოდებთ და ვეხმარებით.

საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, რომ რა მიღწევებიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თუნდაც სპორტის მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვადრატულ მეტრზე რომ გადაიანგარიშო, მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ვართ იმიტომ, რომ შევძელით და ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიეთ. თქვენ ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და მსოფლიოში წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს დელეგაციას სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა.

"დღეს იბრძვის ორი მსოფლიო. ერთია ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როდესაც ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპირო რეალურად ყველაზე მეტად ხართ თქვენ - ადამიანები, რომლებიც ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ. კეთილ ნებას, სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს.

მთელი მსოფლიო შემოგხედავთ თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ.

მინდა, წინასწარ მოგილოცოთ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები. მთელი საქართველი იქნება თქვენ გვერდით. იცოდეთ, რომ გიყურებთ, თქვენი იმედი გვაქვს. იცოდეთ, რომ თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს", - განაცხადა მარგველაშვილმა და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
"წინასწარ გილოცავთ გამარჯვებებს" ნამეტანი უნიჭო ფრაზაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული