რიო 2016: რუსები მაინც მიდიან, მაგრამ ყველა არა

AutoSharing Option
გუშინდელ დღეს მთელი სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს უნდა გადაეწყვიტა - დაუშვებდა თუ არა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

გადაწყვეტილება თბილისის დროით 18 საათზე გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ კომიტეტი არ მოკვეთავს რუსებს რიოს ოლიმპიადიდან, ხოლო რუსი სპორტსმენების 2016 წლის თამაშებზე გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტს სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციები გამოიტანენ.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის ნაკრების ოლიმპიადაზე გამოსვლას. მხოლოდ ერთმა წევრმა
შეიკავა თავი. ჩვენი გზავნილი მკაფიოა - ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ, რუსმა სპორტსმენებმა კოლექტიური პასუხისმგებლობ უნდა იტვირთონ ქვეყანაში მოქმედი დოპინგის სისტემის გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ შანსი მივეცით სუფთა სპორტსმენებს - დაამტკიცონ საკუთარი პატიოსნება და გახდნენ მაგალითი სხვებისთვის.

მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოხვალ, თუ მთლიანად სუფთა ხარ დოპინგისგან. რუსი სპორტსმენების მომავალმა თაობამ ეს უნდა გაიგოს", - განაცხადა ტომას ბახმა.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ რუს მძლეოსნებს - სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინას გარდა, სპორტის ამ სახეობის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გამოვა რიოში. "რუსი მძლეოსნები ვერ გაემგზავრებიან ოლიმპიადაზე, რადგან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მათ ეს უფლება ჩამოართვა", - წერია საერთაშორისო კომიტეტის პრეს-რელიზში.

კომიტეტმა ისიც გამოაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვლენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც ადრე არასოდეს ჩავარდნილან დოპინგზე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, დადებითი დოპინგ-სინჯი წელს იყო აღებული თუ 10 წლის წინ. იმ შემთხვევაშიც, თუ დისკვალიფიკაციის ვადა დიდი ხნით ადრეა გასული, ასეთი სპორტსმენისთვის რიოში გზა დახურულია.

გარდა ამისა, ყველა რუსი სპორტსმენი, რომელიც დაშვებული იქნება ოლიმპიურ თამაშებზე, დამატებით შემოწმებას გაივლის დოპინგზე. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც არასაშეჯიბრო პერიოდში მოუწვდომელი იქნება სინჯის ასაღებად, მას ავტომატურად ჩამოართმევენ ოლიმპიადის აკრედიტაციას.

ბახმა პრესკონფერენციაზე კიდევ ორი საკითხი დააზუსტა: რუსეთის სპორტის სამინისტროდან არც ერთ ოფიციალურ პირს არ მისცემენ აკრედიტაციას, გარდა ამისა, აღმასკომის სხდომაზე არ განიხილებოდა რუსეთის ჩამოშორება ზამთრის 2018 წლის ოლიმპიადიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფასთან ერთად ესენიც მექრთამეები ყოფილან
Temuri
01:44 25-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული