ამჯერად, +49 - "დრიმ თიმმა" ზედიზედ 65-ე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, ლოს ანჯელესში ჩინეთის ნაკრები არ დაინდო. პირველ შეხვედრაში "დრიმ თიმმა" 37 ქულის სხვაობით დაამარცხა არგენტინა, ახლა კი 49 ქულით მოუგო აზიის ჩემპიონს.

ლას ვეგასში გამართული მატჩისგან განსხვავებით, მაიკ კრჟიჟევსკიმ თითქმის მთლიანად შეცვალა სასტარტო ხუთეული - მხოლოდ კარმელო ენტონის არ "შეეხო" და მასთან ერთად მოედანზე გაიყვანა დეანდრე ჯორდანი, კაილ ლოური, დემარ დეროზანი და პოლ ჯორჯი.

როგორც ჩანს, ამერიკელთა დამრიგებელს მომდევნო მატჩებში ძველი სასტარტოს დაბრუნება მოუწევს, რადგან ჩინელების წინააღმდეგ სათადარიგოებმა გაცილებით უკეთ
ითამაშეს. სკამიდან თამაშში შესულმა ოთხმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, ხოლო ყველა შედეგიანი "დრიმ თიმის" რიგებში კვლავ კევინ დურანტი იყო, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. შემდეგ მოდის კლეი ტომპსონი 17 ქულით.

მასპინძლები პირველ ტაიმში ამ კალათბურთელების მოედანზე შესვლის შემდეგ, გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. დურანტმა პირველ მეოთხედში 9 ქულა ჩააგდო, სულ კი პირველ ნახევარში 14 ქულა და ოთხი შედეგიანი პასი ჰქონდა. პირველი ტაიმის სტატისტიკა კარგად ასახავდა ამერიკელთა უპირატესობას: შეტევაში მოხსნების შეფარდება იყო - 10:3, შეცდომების - 3:11, შედეგიანი პასების - 13:3...

მეორე ტაიმში უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა და ერთხელ, სხვაობა 50 ქულასაც კი გადაცდა - 99:47. "დრიმ თიმმა" მეტოქეს თამაშიდან მხოლოდ 30.9 პროცენტის სიზუსტის ასროლინა, თუმცა მატჩის შემდეგ, მაიკ კრჟიჟევსკიმ განაცხადა, რომ მის გუნდს, პირველ რიგში, სწორედ დაცვაში თამაშის მომატება მართებს.

ჩინელების რიგებში ერთადერთი კალათბურთელის გამოყოფა შეიძლება. იი იანლიანი 2007 წელს, "მილუოკიმ" დრაფტზე მეექვსე ნომრად აირჩია და ფორვარდმა NBA-ში, ჯამში ხუთი სეზონი ჩაატარა, ბოლოს კი ჩინეთის ლიგაში დაბრუნდა. გუშინ, მან "დრიმ თიმს"18 ქულა ჩაუგდო. ასევე კარგი იყო მცველი ჟაო ჟივეი - 14 ქულა. სხვათა შორის, ჩინეთის ნაკრებში არც ერთი ლეგიონერი არ თამაშობს.

აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ მარცხდება და ჩინეთთან მოგება ზედიზედ 65-ე (!) იყო ამ გუნდისთვის.

აშშ-ჩინეთი 106:57
26:13, 29:16, 23:9, 28:19
ა: დეროზანი (13), ჯორდანი (12+5 მოხსნა) ლოური (5), ჯორჯი (5), ენტონი (5+8 მოხსნა+5 პასი) - სასტარტო; დურანტი (19+5 პასი), ტომპსონი (17), კაზინსი (12+7 მოხსნა), ირვინგი (10), ბარნსი (5), ბატლერი (2), გრინი.
ჩ: იანლიანი (18), ჟივეი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული