რიო 2016: რიოს კოშმარები

AutoSharing Option
2009 წელს, როცა რიო-დე-ჟანეირომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლა მოუგო მადრიდს, ტოკიოსა და ჩიკაგოს, ბრაზილია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად მიიჩნეოდა. მაშინ ნავთობი 90 დოლარი ღირდა და ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ "შავი ოქროს" წყალობით ივსებოდა.

თამაშების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სიტუაცია ბრაზილიაში კარდინალურად განსხვავებულია - პრეზიდენტ დილმა რუსეფს იმპიჩმენტი გამოუცხადეს ფინანსური მაქინაციების გამო, ქვეყნის ახალი მეთაურის მიშელ ტემერის ახალგაზრდა მეუღლეს კი ძვირფასი ტანსაცმლის მიმართ აქვს მიდრეკილება, რომელსაც სახელმწიფო ფულით ყიდულობს, ნავთობის ფასი კი 50 დოლარამდე ძლივს აღწევს.

შედეგად, რიოს საქალაქო
ბიუჯეტში ოლიმპიადისთვის ფული გათავდა, ამიტომაც სახელმწიფომ გადაწყვიტა დახმარება, თუმცა ჯერ არ მიუცია ორგანიზატორებისთვის დაპირებული 860 მილიონი დოლარი.

სამართალდამცავები, რომლებსაც რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ჩამოსულებს აეროპორტში პლაკატებით აშინებენ: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. პოლიციელები და მეხანძრეები ხელფასს არ იღებენ. ყველანი, ვინც რიოში ჩამოხვედით, დაუცველები ხართ!" და ისინი არ იტყუებიან. პოლიციას ტუალეტის ქაღალდისთვისაც კი არ აქვს ფული.

გაიტაცეს გერმანული ტელეკომპანიების - ARD-სა და ZDF-ის "ფურგონი" 450 ათასი დოლარის ღირებულების აპარატურით, როცა ის პორტიდან გადაჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, დაკარგული ფურგონი იპოვნეს, რადგან გერმანელებმა იზრუნეს უსაფრთხოებაზე. უფრო მეტად არ გაუმართლათ იახტსმენებს ესპანეთიდან და ავსტრალიიდან, რომლებსაც, საუზმის დროს, უბრალოდ, იარაღი მიუშვირეს და ყველანაირი ძვირფასეულობა წაართვეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ირწმუნება, რომ სწორედ თამაშების დროს, ქალაქში 85 ათასი პოლიციელი დაიცავს წესრიგს.

ეს არ არის მომავალი ოლიმპიადის ყველა პრობლემა. გახსნამდე ხუთი კვირით ადრე, ოლიმპიურ პარკში არ იყო ელექტროენერგია. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ჩიოდნენ მოცურავეები და წყალში მხტომელები. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს დროულად მოაგვარებენ. თუმცა, ლონდონში ელექტროენერგიის პრობლემა ერთი წლით ადრე გადაწყვიტეს და არა, ერთი კვირით ადრე.

ასეთივე სიტუაციაა ტრანსპორტთან დაკავშირებით. მეტროს ხაზი, რომელიც ოლიმპიური თამაშების ყველა ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან, ჯერჯერობით მზად არ არის. ტურისტებს თქმით, რომლებიც ორი წლის წინ, რიოში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს სტუმრობდნენ, სტადიონიდან არც ისე შორს მდებარე საკუთარ სასტუმრომდე, ფეხით ოთხი საათის განმავლობაში მიდიოდნენ. სხვათა შორის, მეტროს ამ ხაზით სარგებლობის უფლება მხოლოდ აკრედიტაციით ან ბილეთით იქნება შესაძლებელი.

ყველა სადგურის გახსნა ოლიმპიადის დაწყებიდან ორი დღით ადრე იგეგმება. თუ ვერ მოასწრებენ, მაშინ დამატებითი საგზაო ხაზის გამოყოფების პირობას იძლევიან ოლიმპიური ტრანსპორტისთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ 13 ივლისს, ოლიმპიური სტადიონის პირდაპირ გახსნეს განახლებული სარკინიგზო სადგური და ხალხის გამტარიანობა ორჯერ გაიზარდა - 26 ათას მგზავრამდე დღეში. ასევე გაუშვეს თანამედროვე და სწრაფი მატარებლები.

რაც შეეხება ყველასთვის კარგად ნაცნობ ყურეს გუანაბარას, სადაც უნდა იასპარეზონ მოცურავეებმა, ტრიატლონისტებმა და ნიჩბოსნებმა, ის დღემდე არ არის გაწმენდილი. ყურე დაბინძურებულია ბოთლებით, ნაჭრებით და ათასგვარი ნაგვით. ამასთან, იქ ჩადის მთელი ოლქის კანალიზიციის წყალი. რიოში პირობას დებენ, რომ ძალიან მალე დააყენებენ დამცავ ეკრანებს, რომელიც წინ აღუდგება წყალში ნაგვის მოხვედრას.

ქალაქის მთავრობა ირწმუნება, რომ მთლიანად ყურეს გაწმენდა არ გამოდის, მაგრამ ის 54 პროცენტით უფრო სუფთა იქნება. "ნავის ძირი მთლიანად ყავისფერი გახდა, ყველა საშინელი კი მკვდარი თევზია", - განაცხადა ესპანელმა აფროსანმა ხორდი კსამარამ, რომელმაც საკუთარი ნავი გამოსცადა ფლამენგოს პლაჟთან, სადაც აფროსნებმა მედლები უნდა გაითამაშონ.

გარდა ამისა, ყურეში აღმოაჩინეს ტონობით მკვდარი თევზი. ნაგვის გარდა, იქ აღმოჩნდა სუპერბაქტერია, რომელიც ნებისმიერ ანტიბიოტიკზე ძლიერია. სპეციალისტები პანიკას არ გვირჩევენ - დაავადების შანსი მინიმალურია. რაც შეეხება ვირუს ზიკას, რომლის გამოც ბევრმა სპორტსმენმა თქვა უარი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, ის საერთოდ არავის ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი:

"ისტორიულად დამტკიცებულია, რომ ზამთრის პერიოდში, სამხრეთ ნახევარსფეროში დაავადების ძალიან დაბალი რისკია".

სამაგიეროდ, 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს მოწყალების თვალით გადმოხედა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ. მან აკრედიტაცია დაუბრუნა რიო-დე-ჟანეიროს ლაბორატორიას, რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდატრებს.

რიოში ამის გამო ძალიან ნერვიულობდნენ და ცდილობდნენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მოლაპარაკებოდნენ, მაგრამ, ახლა, ეს მათ არ სჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველ სპორტსმენებს ადაპტაცია არ დასჭირდებათ.გიხაროდეთ
თამაზი –ზ
10:29 28-07-2016
0

სიახლეები პოპულარული