ჩვენი სპორტსმენები და დელეგაციის სხვა წევრები ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" რეისით, მიუნხენისა და ფრანკფურტის გავლით, დილაადრიან ჩაფრინდნენ რიოში.
მათ აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები და ბრაზილიაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები.
საინტერესოა, რომ ფრანკფურტიდან რიოში ამავე რეისით იმგზავრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელსაც ახლდა უცვლელი თანაშემწე - ჩვენი თანამემამულე მარინა ბარამია.
სოკ-ის პრეზიდენტმა აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს თამაშები იქნება მსოფლიოს სპორტის ნამდვილი ზეიმი, სავსე ზღვა სიხარულითა და დაუვიწყარი ემოციებით:
როგორც კი თომას ბახმა რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლოს ნუზმანთან ერთად დატოვა აეროპორტის ჩამოფრენის ზონა, გამოსასვლელში პირველები გამოჩნდნენ ჩვენი დელეგაციის წევრები.
საბაჟო, სასაზღვრო და სააკრედიტაციო პროცედურების გავლის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ოლიმპიურ სოფელში, რომელიც აეროპორტიდან ერთი საათის სავალზეა. მათ გზაშივე მიიღეს პირველი ინფორმაცია საცხოვრებელში განთავსების, საწვრთნელ პროცესში ჩართვის, სხვადასხვა ტექნიკური საკითხის შესახებ.
ოლიმპიურ სოფელში დაბინავებულთა შორის არიან სპორტის 9 სახეობის (ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ცურვა) წარმომადგენლები.
სამედიცინო ჯგუფის წევრები სოფელში შესვლისთანავე შეუდგნენ სამასაჟო-საპროცედურო ოთახების მოწყობას. როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ჩვენი ოლიმპიელები თავს კარგად გრძნობენ (ორ-სამ სპორტსმენს უმნიშვნელო ტრავმა აქვს) და შეჯიბრებამდე საკმარისი დრო აქვთ საიმისოდ, რომ სრულყოფილად გაიარონ აკლიმატიზაციის პროცესი.
მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით